დედა ენა
დედა ენა, ან მშობლიური ენა ზოგადად განიმარტება , როგორც ადრეულ ბავშვობაში ათვისებული ენა.
,,მშობლიური ენა არის ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იგი მოცემულ მომენტში ლაპარაკობდეს მასზე“ (გაეროს სოციალური და ეკონომიკური საქმეთა დეპარტამენტი, 1959) კანადაში ჩატარებული ენობრივი აღწერისას გამოიყენებოდა განმარტება:,, ენა, რომელიც ინდივიდმა აითვისა ადრეულ ბავშვობაში და დღემდე ესმის“ .
,, დედა ენა“ ყოველი ჩვენთაგანის პირველი წიგნია.
ადამიანი სამყაროს წიგნის საშუალებით შეიმეცნებს, ნებისმიერი წიგნი ასო–ნიშანთა ისეთი კომბინაციებისაგან შედგება, რომ შევძლოთ თავდაპირველად სიტყვის, შემდეგ წინადადებებისა და ამ წინადადებებში ჩაქსოვილი აზრის გაგება–გაანალიზება.აზროვნების ამ მექანიზმის გათავისებაში ყოველ ჩვენგანს სახელმძღვანელო წიგნი – ,,დედა ენა’’ ეხმარება.
ძველ დროს სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორ გვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა მხოლოდ. ასეთი განწირულების ჟამს გამოვიდა ასპარეზზე იაკობი.
იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებით პასუხისმგებლობით, მოეკიდა პირველი საყმაწვილო სახელმძღანელოს მორალურ, ზნეობრივ და პატრიოტულ კრიტერიუმებს.
,,დედა ენის“ არსებობა ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე – ერის სიცოცხლეს.
,,დედა ენაში’’ ორი წლის კურსის მასალაა. წერა–კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ–სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან ,, დედა ენა’’ 2 წიგნად გამოდის: პირველში მოთავსებულია წერა–კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ–პოპულარული სტატიები.
,, დედა ენას’’ საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკულ– მეტოდიკური პრინციპები. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33 ჯერ გამოიცა.
იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა’’ ყოველმხრივ სრულყოფილია, ამაზე ისიც მიუთითებს რომ თითქმის საუკუნე –ნახევრის შემდეგ თანამედროვე ,,დედა ენა’’ ამ დიდი მოღვაწის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს პრინციპებს ემყარება.
საანბანე ნაწილის აგების პრინციპი , წიგნის თემატური მხარე იყო საფუძველი იმისა, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძრვანელოების საერთაშორისო გამოფენა–კონკურსზე იაკობის ,,დედა ენის’’ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.
ქართულ სინამდვილეში კი ,, დედა ენა’’ არის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა.
1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში ,,დედა ენის’’ დღედ აღინიშნება. დედა ენის დღის დაწესების მიზეზი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენა გახდა – საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ–ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისაგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ.
დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75–ე მუხლის თანახმად , საქართველოს სსრ–ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
გამოყენებულია თენგიზ ვერულავას მიერ მომზადებული მასალა.