ინტერვიუ ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ კონსულთან, ბატონ
გელა ჯაფარიძესთან
ქართული ამბების პორტალი
უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ, რათა დაგვითმეთ დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. აქვე გეტყვით, რომ მასალა მზადდება ქართული ამბების ინტერნეტ-პორტალისთვის, რომელიც სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად უმეტესად, მიმოიხილავს საქართველოსა და თურქეთში განვითარებულ მოვლენებს. „ქართული ამბების პორტალი“ თურქეთში პირველი ორენოვანი საინფორმაციო პორტალია, რომელიც ყოველდღიურად აშუქებს ქართულ-თურქულ დინამიკას.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: ბატონო გელა, წლებია თურქეთში დიპლომატიურ საქმიანობას ეწევით. შეიძლება ითქვას, რომთქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაგაჩნიათ თურქეთში დიპლომატიური საქმიანობის თვალსაზრისით. სანამ კონკრეტულ კითხვებზე გადავალთ, მოკლედ გვითხარით, სად დაიბადეთ, სად მიიღეთ განათლება და როდის დაიწყო თქვენი დიპლომატიური კარიერა.
გელა ჯაფარიძე:
მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისთვის. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, სტატიებსა თუ ინტერვიუებს.
ვფიქრობ, ქართული ამბების პორტალს, სხვა დიასპორულ აქტივობებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თურქეთში საქართველოს კულტურის, ხელოვნებისა და ზოგადად მისი, როგორც წარმატებული და პოზიტიური იმიჯის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ.
პორტალის მეშვეობით თურქ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა ინფორმაცია მიიღოს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენების შესახებ. გაეცნოს საქართველოს ისტორიას, ეროვნულ ტრადიციებს, ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებას და სხვა.
რაც შეხება ჩემს ბიოგრაფიას, დავიბადე ქ.თბილისში. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა წიგნებისა და გაზეთების კითხვა, ასევე საინფორმაციო გამოშვებების ყურება. როგორც იცით, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, პრესას და ტელევიზიას სახელმწიფოს მიერ ცენზურა ჰქონდა დაწესებული და შესაბამისად, დიდი არჩევანის საშუალება არ იყო. თუმცა, მე მაინც ვცდილობდი ყოველდღიურად გავცნობოდი მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ამ მოვლენების ჩემეულ ანალიზსაც ვაკეთებდი. საშუალო სკოლა თბილისში დავამთავრე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, შემდგომ კი სწავლა გავაგრძელე თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, რომელიც 2000 წელს დავამთავრე, აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსისის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. პარალელურად, 1996-98 წლებში ვსწავლობდი თბილისში, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ახლადგახსნილი თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. თურქული ენის სწავლა და შემდგომ უკვე თურქეთის, როგორც ქვეყნისადმი ჩემი განსაკუთრებული ინტერესი განაპირობა ჩემი მეგობრის, პაატა სარიშვილისა და მისი მამის, ცნობილი ქართველი თურქოლოგის, ედიშერ სარიშვილის ფაქტორმა. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დამთავრდების შემდეგ, სტაჟირება გავიარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ იმ პერიოდში, 2001-2003 წლებში დაიწყო ჩემი დიპლომატიური კარიერა.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: როგორც თქვენთვის ცნობილია, 2002-2003 წლებში,სტამბოლში,ტაქსიმის მოედანზე არსებობდა ჩვენს მიერ დაარსებული„კავკასიური კულტურის, განათლებისა და სოციალური კვლევის ასოციაცია“. იმ პერიოდში ასოცოაციის ხელმძღვანელი თავად გახლდით. 2005 წელს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყრილობაზე, ასოციაციის წევრებმა დამავალეს ორგანიზება გამეწია შეხვედრისათვის, რომელიც გაიმართებოდა ასოციაციასა და სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს შორის.
მაშინ,თქვენ დიდი დახმარება გაგვიწიეთ შეხვედრის ორგანიზებაში, თარჯიმნობის შეთავსებით …კარგად მახსოვს ის დღე … თბილი და ემოციებით აღსავსე შეხვედრა შედგა მაშინდელ გენერალურ კონსულთან, ბატონ ზვიად კვაჭანტირაძესთან.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. იმ დღიდან თქვენს საქმიანობას თვალს ვადევნებ, ბევრ წარმატებას მიაღწიეთ და ვამაყობ, რომ ვმეგობრობთ კიდეც. ახლაკი გადავიდეთ კითხვაზე :
სტამბოლში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდით.მოკლედ გვიამბეთ სტამბოლში საკონსულო კუთხით თქვენი საქმიანობის შესახებ. სტამბოლთან დაკავშირებით სხვას რას გაიხსენებდით?
გელა ჯაფარიძე: დიდი მადლობა, ფეჰმი ბეი. მეც ვამაყობ ჩვენი მეგობრობით. ვფიქრობ, მეგობრობა და პირადი ურთიერთობები ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია დიპლომატიაში წარმატების მისაღწევად და დასახული ამოცანების გადასაჭრელად. მიმაჩნია, რომ სტამბოლი თავისი ღირსშესანიშნაობებით მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების ხუთეულშია. სტამბოლში ევროპისა და აზიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უზადო ფერები ერთმანეთს იმდენად ერწყმის და ისეთ სასიამოვნო გრძნობათა მორევში გითრევს, საიდანაც გამოსვლა აღარც გინდება. ეს სიტყვები ზუსტად ასახავს ამ ქალაქისადმი ჩემს დამოკიდებულებას. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ასეთი შეგრძნება სტამბოლში ჩასვლისთანავე ეუფლება ადამიანს.
რაც შეეხება ჩემს საქმიანობას სტამბოლში, მოგეხსენებათ, რომ საკონსულო თანამდებობის პირის ძირითადი ამოცანა, ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. უნდა ვთქვა, რომ სტამბოლში ამ მხრივ ჩემი მუშაობა საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა იყო იმავდროულად საინტერესო და ემოციურად დატვირთული, რამაც საბოლოო ჯამში ბევრი სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგონება დამიტოვა.
როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი სწორედ სტამბოლშია თავმოყრილი… შესაბამისად, მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარება, მათ შორის, პოლიციის განყოფილებებში და სასამართლოებში ჩვენების თარგმნა, უცხოელთა სადეპორტაციო განყოფილებაში მონახულება და შეძლებისდაგვარად მათი მომართვების დაკმაყოფილება…სამედიცინო კლინიკებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოთავსებულთა დახმარება და სხვა. მახსოვს, 2005-2009 წლებში, განსაკუთრებით კი 2007 წლიდან, საგრძნობლად იმატა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებსაც უკეთესი ცხოვრების იმედით, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების და იქ დამკვიდრების სურვილი ამოძრავებდათ. ამ მიზნით, ისინი მდინარე მერიჩის გადაკვეთის საშუალებით, მცირე ზომის რეზინის ნავებით ცდილობდნენ თურქეთ-საბერძნეთის სახელმწიფო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთას. უმეტეს შემთხვევაში მათ ჟანდარმერია აკავებდა და ედირნეში მდებარე პოლიციის სადეპორტაციო განყოფილებაში გადაჰყავდა. ჩვენ დიდი ძალისხმევის გაწევა გვიხდებოდა, რათა მაქსიმალური დახმარება გაგვეწია, დაკავებული მოქალაქეებისთვის. ეს არ იყო ადვილი საქმე, ვინაიდან როგორც წესი, მათ არ გააჩნდათ პიროვნების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და არც ფულადი სახსრები. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო დაკავებულთა იდენტიფიცირება, შემდეგ ედირნედან სტამბოლში ტრანსპორტირების დაგეგმვა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, რაც საკმაოდ იწელებოდა დროში. იმ პერიოდისთვის, საქართველოს მოქალაქეთა ამ კატეგორიის დაკავება თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის პერიმეტრზე თითქმის ყოვედღიურად ხდებოდა…კარგია, რომ წლებია ასეთი ფაქტები აღარ ფიქსირდება. შესაბამისად მსგავსი არასასიამოვნო ისტორიებიც დიდიხანია წარსულს ჩაბარდა.
მსურს, განსაკუთრებულად გავიხსენო 2007 წლის აღდგომისბრწინვალე დღესასწაული, როდესაც სტამბოლის „მალთეფეს“ დახურულ საპატიმრო დაწესებულებაში ქართველ პატიმრებს სააღდგომო პასკები და წითელი კვერცხები გადავეცი. მახსოვს, ციხისზედამხედველმა, ღია პაემნებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ყველაზე დიდ ოთახში მიგვიპატიჟა, რათა ყველა პატიმარს ჰქონოდა პასკისა და კვერცხის მირთმევის საშუალება. ზედამხედველებთან ერთად მაგიდები ერთმანეთს მივადგით. არ დამავიწყდება პატიმართა გაკვირვებული თვალები, რადგანაც თავიდან ისინი ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, ხოლო როცა გაიგეს ჩვენი სტუმრობის შესახებ გაიხარეს და მადლიერნი დარჩნენ. ვამაყობ, რომ მე გახლდით პირველი ქართველი დიპლომატი, რომელმაც თურქეთში პირველად მოაწყო ამგვარი აქცია, ქართველი პატიმრებისთვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პასკებისა და წითელი კვერცხების გადაცემა.
საკონსულო კუთხით, ბევრი სხვა სახის სამუშაოს გაწევა მიწევდა, ახლა კი მსურს გავიხსენო, 2005 წლის შემოდგომაზე ჩატარებული ქართული კულტურის დღეები. ასეთი მასშტაბური მნიშვნელობის ქართული კვირეული, მაშინ პირველად გაიმართა სტამბოლში, რომელიც ბატონი ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით და სტამბოლში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერით იქნა განხორციელებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის დღეები ქართული სულის ზეიმად გადაიქცა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მასში მონაწილეობა მიიღეს ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა მომღერლებმა: მერაბ სეფაშვილი, ნატო მეტონიძე, გიორგი უშიკიშვილი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი. ანსამბლები -„ქართულიხმები“, „ფორტე“, კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
მახსოვს, თუ როგორი გახარებული და აღტაცებული უსმენდნენ სცენაზე გამოსულ მომღერლებს ქართული სათვისტომოსა და ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები. კულტურის დღეების ფარგლებში მოეწყო დიდი ქართველი კინორეჟისორის, თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტრულიჩვენება, რომელიც წარადგინა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, ნანაჯანელიძემ. ასევე, გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა, ქართული ტიხრული მინანქრის ნაკეთობებმა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო , სტამბოლის, საქარიას, ინეგოლის, იზმითის, გოლჯუქის, გებზეს, გემლიქის ქართულ ისტორიულ დიასპორასთან, სტამბოლის ქართულ სათვისტომოსთან ჩამოყალიბებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები, რომელიც დღემდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჰპოვებს გაგრძელებას.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: რას გვეტყვით ანკარაზე? თქვენ, ანკარაში საქართველოს საელჩოშიც მოგიწიათ მუშაობა. ანკარა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქია, სადაც ასევე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული. გვიამბეთ რით განსხვავდება ანკარა სტამბოლისგან, რას გაიხსენებდით?
გელა ჯაფარიძე: სტამბოლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი თბილისში მომიწია ყოფნა. შემდეგ კი, ანკარაში საქართველოს საელჩოში დავინიშნე. ანკარა და სტამბოლი განსხვავდება ერთმანეთისგან. ანკარას თავისი ხიბლი აქვს, წყნარი და მშვიდი ქალაქია, ლამაზი სკვერებითა და პარკებით, სადაც სტამბოლის გადატვირთულ საცობებთან შედარებით თაფისუფლება იგრძნობა… რაც იძლევა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ავტომობილით უპრობლემოდ გადაადგილების შესაძლებლობას. სტამბოლთან შედარებით, საკონსულო კუთხით ანკარაში ჩემი საქმიანობა ნაკლებად დატვირთული იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც, 2016 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს საელჩოს დესპანის თანამდებობაზე დავინიშნე, სამსახურებრივი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო გაიზარდა. მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი დიპლომატებისათვის თურქეთში მუშაობა შედარებით მარტივი და ამავდროულად სასიამოვნოცაა… საქართველო და თურქეთი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორები არიან, რასაც ხელს უწყობს ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებიც. გავიხსენებდი 2016 წელს, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომის ჩატარება გადაწყდა, რომელიც 19 ივლისს, ანკარაში გაიმართა, თუმცა, მანამდე, 15 ივლისს, სამი დღით ადრე, როგორც გახსოვთ, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
დამეთანხმებით, რომ ძალზედ რთული დღეები გამოვიარეთ, თავდაპირველად იყო გაურკვევლობა და გარკვეულწილად შიშის ფაქტორიც, თუმცა, მიუხედავად რთული ვითარებიასა მაშინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ანკარაში მაინც ჩამოვიდნენ, რითაც მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს თურქი ხალხისა და თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ.
ასევე სიამოვნებით გავიხსენებდი, 2017 წელს, როდესაც ანკარაში, ჩანქაიას რაიონში მდებარე ერთ-ერთ ულამაზეს პარკს „თბილისის პარკი’’ოფიციალურად ეწოდა, ხოლო 7 სექტემბერს კი მისი ოფიციალურად გახსნა მოხდა, რომელშიც საქართველოს იმჟამინდელმა კულტურის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშვნის ღირსია, საქართველოს ელჩის, ბატონ გიორგი ჯანჯღავას და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი, რომელიც 2018 წლის 21 ნოემბერს მოხდა. შეხვედრის დროს ელჩმა ბატონ პრეზიდენტს ანკარასა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარესის დანიშვნა სთხოვა, ხოლო 2019 წლის 18 იანვარს კი ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შედგა. ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებულად საელჩოს თანამშრომლებს, დიდი სიხარული მიანიჭა.
ალბათ გასახსენებელი კიდევ ძალიან ბევრია, რისთვისაც დრო არ გვეყოფოდა.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: მოდით, გადავიდეთ ტრაპიზონზე. ამ ქალაქს საქართველოს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტრაპიზონში იყო მეფე სოლომონ მეორის საფლავი. მართალია, მეფის ნეშტი გადასვენებულ იქნა საქართველოში, მაგრამ მეპირადად ვისურვებდი, რომ ნეშტი ტრაპიზონში დარჩენილიყო, როგორც დიდი ისტორიული საგანძური. უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა სწორედ თურქეთმა აღიარა. იმდროისათვის ტრაპზონში გაიხსნა საქართველოს რიგით პირველი გენერალური საკონსულო თურქეთის რესპუბლიკაში. მაშინ ტრაპიზონში გენერალურ კონსულად ბატონი გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა, რომელიც ამჟამად, ანკარაში საქართველოს ელჩია. იგი დაახლოებით 10 წელი იყო ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული. ბატონი გიორგი, ბევრ საინტერესო მომენტს იხსენებს და სიამოვნებით იგონებს ხოლმე ტრაპზონში გატარებულ წლებს. თუმცა, უმჯობესია, ამაზე თავად ბატონმა გიორგი ჯანჯღავამ ისუბროს. ინტერვიუ რომ არ გაგვიგრძელდეს და ბევრი დროც არ წაგართვათ, მინდა ცოტაოდენი ტრაპიზონზეც გვესაუბროთ.
ბატონო გელა, ტრაპზონში, გენერალური კონსულის თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველივე კვირაში და შემდეგაც, თქვენ მეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკით შეუდექით მოვალეობის შესრულებას. შეხვედრები გამართეთ ტრაპიზონისა და რიზეს გუბერნატორებთან, მერებთან, პოლიციის უფროსებთან, მთავარ პროკურორებთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და სხვა.
შეხვედრები გქონდათ დაგეგმილი სხვა რეგიონების ოფიციალურ პირებთან თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაგეგმილი შეხვედრები გადაიდო. რას იტყვით ტრაპიზონზე და როგორ გრძნობთ აქ თავს? როგორია დიპლომატისთვის საქართველოს საზღვრებთან ყველაზე ახლოსმდებარე და ისტორიულად განუყოფელი მნიშვნელობის მქონე ქალაქში სამსახური. შეიცვალა თუ არა თქვენი სამუშაო გრაფიკი პანდემიის დაწყების შემდეგ და როდის დაუბრუნდებით აქტიურსაქმიანობას?
გელა ჯაფარიძე: პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც არის, წარმოვადგენდე საქართველოს, ქ. ტრაპიზონში გენერალური კონსულის პოზიციაზე. გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქი თურქეთის 21 გუბერნიას მოიცავს, რომელშიც თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის პირეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონები შედის, რაც დამეთანხმებით არის საკმაოდ დიდი გეოგრაფიული არეალი. აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონი ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ შეიცვალა. თანამედროვე შენობები და თვალუწვდნელი გვირაბები, განახლებული სანაპირო ზოლი, სადაც ახლა უზარმაზარი ბულვარის მშენებლობა მიმდინარეობს და ინფრასტრუქტურული პროექტები; დღეს ტრაპიზონი შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ლამაზი ქალაქია. რა თქმა უნდა, ადამიანი სამშობლოსთან რაც უფრო ახლოს არის, „სახლში ყოფნის“ გრძნობაც მით უფრო ძლიერია, შესაბამისად, ტრაპიზონში თავს ძალზე კომფორტულად ვგრძნობ. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ პანდემიის დაწყებამდე სხვადასხვა დონეზე ბევრი შეხვედრის გამართვა მოვასწარი.
ეს შეხვედრები როგორც გაცნობითი, აგრეთვე საქმიანი ხასიათის იყო და სხვადასხვა აქტივობებიც დავგეგმეთ. მაგალითად, ტრაპიზონის გუბენატორთან და მერთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ტრაპიზონისა და ბათუმის დაძმობილების 20 წლისთავის საზეიმოდ ჩატარებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით…
სამწუხაროდ, პანდემიამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. მოგეხსენებათ, როგორც კი კორონავირუსის გავრცელების აქტიური ფაზა დაიწყო, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთშიც, ფრენები და საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყდა. ჩაიკეტა საზღვრები. აქედან გამომდინარე საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
უამრავი ჩვენი მოქალაქე დარჩა უმუშევარი, რის გამოც მათ შეექმნათ გარკვეული სახის ფინანსური თუ ყოფითი პრობლემები. პანდემიის პირობებში, უცხოეთში არსებული საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციისა და ქართველი დიპლომატების დიდი ძალისხმევის შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებულ იქნა საქართველოს 12700-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება გაეწია 22000-ზე მეტ მოქალაქეს. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ამ საქმეში.
ჩვენ სხვადასხვა სახის დახმარება გავუწიეთ საქართველოს 540-ზე მეტ მოქალაქეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პანდემიის პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო თურქეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ამ მხრივ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო გენერალურ საკონსულოსა და სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და თურქეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა, ჩვენს ქვეყნებში საბოლოოდ დაამარცხებს პანდემიას, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და გენერალური საკონსულოს მიერ დაგეგმილი შეხვედრებისა თუ ღონისძიებების განხორციელებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, რომ მომეცა საშუალება, მესაუბრა ზემოაღნიშნულ საკითხებზე, დროებით გემშვიდობებით მსოფლიო პანდემიის ბოლომდე დამარცხების იმედით! თქვენ და თქვენს მკითხველს კი, ჯანმრთელობას, წარმატებებსა და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, საინტერესო დიალოგისათვის, დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებებს, პანდემიის პირობებში კი განსაკუთრებულად მდგრად ჯანმრთელობას გისურვებთ!