კონტრაპუნქტის საიდუმლო
დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებული
პოეტური აკმე! _ ასე შეიძლება ეწოდოს იმ შემოქმედებით ფაზას, რომელშიც დათო მაღრაძე იმყოფება.
სიმაღლეებს ცარიელი შთაგონებით ვერ დაიპყრობ, ამას შრომა, ფიქრი და ცდა სჭირდება.
დათოს აღმოაჩნდა საკმარისი ნებელობა იმისათვის, რომ დაძაბული სულიერ-ინტელექტუალური ძიებების შედეგად ასულიყო ახალ პოეტურ სიმაღლეზე.
ბოლო დროს გამოქვეყნებული მისი ლირო-ეპიკური კომპოზიციები ახალ შემოქმედებით ხარისხს გვიჩვენებს. ამას ხედავენ მისი თაყვანისმცემლებიც და ისინიც, ვინც თაყვანისმცემლებად არ ითვლებიან.
თანამედროვე პოეტური სტანდარტები არასანდო მატერიაა იმათ ხელში, ვისაც საკუთარი არსენალის განახლება სურს. ნიმუშად რაც უნდა პლასტიკურ-ვირტუოზული სახეები აიღო, შედეგი ნულის ტოლი იქნება, თუ არ გაგაჩნია მიზანი, სტრატეგია და თვითგანსჯა.
არის მესამე ფაქტორიც _ ესთეტიკური ალღო.
რატომღაც მგონია, რომ სწორედ ეს ალღო გახლდათ გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც დათოს მიაგნებინა ის ფორმალურ-შინაარსობრივი ნოუ Hჰაუ, გნებავთ, `წარმოების საიდუმლო~, რომელსაც ბოლო წლებში იყენებს სუპერ-გრადაციული წარმატებით.
მე ამას კონტრაპუნქტის წესს ვუწოდებდი. კაცმა რომ თქვას, სხვა რა უნდა ვუწოდოთ ტექსტს, რომელშიც დიალექტიკურად ეწყობა ერთმანეთზე ურთიერთგანსხვავებული რიტმი, ხმები, ტონალობები, სახეები, აზრები, ასოციაციები, რეალიები, იდეები.
ამ სტილით არის შექმნილი დათო მაღრაძის ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა `მურანო~, Lაცრიმოსა, `ქალი, პრომეთე და პომპიერო~ და სხვები.
მაგალითად, `მურანო~ კონტრაპუნქტის კლასიკური კანონებით არის დაწერილი. კომპოზიციის ცენტრში დგას პოეტი, როგორც სამყაროს გამაერთიანებელი თავისუფალი ცნობიერება. მისგან, როგორც ცენტრიდან, გამომდინარეობს და მარაოსავით იშლება პოეტური ხატები და ასოციაციები, რომლებიც ქმნიან წინააღმდეგობათა რკალს. რკალური ანტინომიების უწყვეტ ჯაჭვში ჩაბმულია პარადოქსულად განსხვავებული სახეები და საგნები, გონების ჰორიზონტზე ჩნდებიან ისააკ ნიუტონი და იესო ქრისტე, ბოსფორის სრუტე და საქართველო, ვენეცია და ვერსალი, მსოფლიო მიზიდულობის კანონი და სარწმუნოება, მოციქული და ტროლების ოსტატი, ბოტების ჭორები და მიქელანჯელოს კოლოსი, ეშაფოტი და ცის ბილიკი, მერანი და მურანო. ანტინომიურ ფლუიდებს წარმოშობს ტროპული ფორმები, სიტყვების თამაში, ცნებათა პოზიციები, რითმები, რიტმი, ალიტერაციები, მაკარონული ეფექტები _ ქართულ-ინგლისური აღრევებით, და თვით ანჟანბემანიც კი.
სტილი როგორც თვითგანვითარების გზა!
სტილი, დიახ, ეს ადამიანია. სტილი, ეს პოეტია, საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებაა, გრადაციის კანონია, რომელსაც, თუ დაიცავ და პატიოსნად, თანმიმდევრულად მიჰყვები, ანუ აჰყვები, სიმაღლეს გაგრძნობინებს, თავს გაპოვნინებს, ჭეშმარიტებას მიგაახლოებს და დაგაყენებს რაღაც ისეთი მდგომარეობის წინაშე, რასაც ტრადიციულად ნათელხილვის მომენტს უწოდებენ.
მიახლოება როგორც სიმაღლის სტატუსი!
ამ კონტექსტიდან არის დათო მაღრაძის ახლახან გამოქვეყნებული ლექსი `ბარაქიანი მიწა~ (`ლიტერატურული გაზეთი~, #9, 22-28 მაისი, 2020). ამ ლექსის სათაურით გამოვიდა დათოს ახალი პოეტური კრებული (`ფავორიტი~, 2020) _ ჩემი აზრით, საუკეთესო იმ წიგნებს შორის, რომლებიც მას აქამდე გამოუცია.
`ბარაქიანი მიწა~ _ ექვსნაწილიანი სიმფონია სოლისტისათვის და ორკესტრისათვის, რომელიც ეძღვნება ოთარ ჩხეიძეს, ტომას ელიოტის `ბერწი მიწის~ მთარგმნელს.
რამდენადაც ღიაა მიბაძვა და პოსტმოდერნისტული აქცენტი, იმდენად ორიგინალურად Hჟღერს ლექსის შინაარსი. მიბაძვაც შეიძლება ორიგინალური იყოს, თუ სათქმელი გაქვს.
შემთხვევითი არ არის, რომ `ბარაქიან მიწაში~ თავს იყრის ნაცნობი მოტივები, თემები, სტრიქონები, სტროფები. პირველი თავი სულაც ნაცნობი ლექსით _ `ნემსის ყუნწის ტრიუმფალური თაღი~ _ იწყება. აქ გაერთიანდა პოეტური მრწამსის ძირითადი პოსტულატები. რეალური და ირრეალური ერწყმის ერთმანეთს და ამ შერწყმაში იკვეთება ლირიკული გმირის სულიერ-ფიზიკური თავგადასავალი, დღევანდელობა თავისი კულტურულ-პოლიტიკური იერსახით. ამიტომ არ გვიკვირს, როდესაც ერთ კონტექსტში ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ არტურ რემბოს პოეტურ სილუეტს, სანდრო გირგვლიანის ტრაგიკულ ფიგურასა თუ ნიკო ფიროსმანის სევდიან ხატებას, კომუნიზმის ასოციაციურ აჩრდილსა თუ მალევიჩის შავ კვადრატს. მკითხველის თვალწინ საგანთა და მოვლენათა უწყვეტი კასკადი ჩაივლის, პირდაპირი თუ ალუზიური მნიშვნელობით, და ეს ხდება ინდივიდის ცნობიერებაში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობს იდეა: ,,მამის სახლიდან მამის სახლისკენ~.
პოეტები იმისთვისაც ირჩევენ გავლენის საგანს, რომ თვითონ მოახდინონ გავლენა არჩეულ საგანზე. დათო მაღრაძემ ელიოტის ხედვის სისტემაში თავისი ცნობილი ორეულის, ჯაკომო პონტის ტრადიციონალისტური იდე-ფიქსი შემოიტანა და ამით მიგვანიშნა, რომ ,,ბარაქიანი მიწა~ თანამედროვე ადამიანში ღვთაებრიობის აღდგენის იდეას ატარებს. ამას, სხვათა შორის, როსტომ ჩხეიძეც ხაზგასმით აღნიშნავს კრებულის წინასიტყვაობაში. მისი აზრით, ,,ბარაქიანი მიწის~ ლაიტმოტივია ტრაგიკული მდგომარებიდან ადამიანის გამოღწევისა და ღვთისმაძიებლობის საკითხი, რომელიც გულისხმობს იმ ჭეშმარიტებას, რომ ზეცასთან მიახლოება მიწით უნდა განვიცადოთ, რომ უფლიკენ მიმავალი გზა გაღვთაებრივებულ მიწაზე გადის.
ამ ჭეშმარიტების მხატვრულ დასაბუთებას შესაბამისი ფორმა სჭირდებოდა და დათო მაღრაძემ საჭირო ფორმას თავის პოეტურ არსენალში მიაგნო. ელოტის ინტელექტუალური პოეზია კარგი საბაბი გამოდგა იმისათვის, რათა დათო მთლიანად გახსნილიყო და თანამედროვე ადამიანის ტკივილები თავის პოტურ ენაზე გამოეთქვა ისე, როგორც მანმადე არ გამოუთქვამს.