“ენა სულია ხალხისა, ენის წართმევა სულის ხდაა…”
დღეს, უკვდავი “დედა ენის” ავტორის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა
“-ყველანი ვალში ვართ მისი ხსოვნის წინაშე180 წლის წინ, 27 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ ვარიანში დაიბადა იაკობ გოგებაშვილი…
ამ დიდი ქართველის ნამუშევარს პირველად 6-7 წლის ასაკში გავეცანით,” ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური საუნჯის შესწავლა,”დედა ენის” სახელმძღვანელოთი დავიწყეთ.თითქოს არაფერი,მაგრამ რა დიდი პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური მიგნებაა პატარა დამწყები მოსწავლისათვის “აი ია”…
იაკობ გოგებაშვილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ ერთი საყრდენი იყო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში,იმ დროს, როდესაც რუსეთის იმპერიის სამი დიდი მოხელე: ეგზარქოსი პავლე ლებედევი,კავკასიის განათლების მზრუნველი კირილე იანოვსკი და მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი შეთანხმებულად იბრძოდნენ ქართველი ერის დენაციონალიზაციისა და გადაგვარებისათვის. იაკობ გოგებაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის დიდ მოღვაწეებთან ერთად შექმნა ქართული ეროვნული სკოლის საოცარი მოდელი,სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდნენ მის მიერ შედგენილი “დედა ენით”(1865-76წ.წ.),”ბუნების კარით,” რუსკოე სლოვოთი”(1887 წ.)
იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა,რომ ბავშვმა პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს…
კითხულობ მის წერილებს,მოთხრობებს და უბრუნდები შენს ისტორიულ ფესვებს,რა მარტივი,სადა ენით მოგვითხრობს ავტორი და ამ სიმარტივეში რა სიდიადეა,მისი ცხოვრება, ესაა საქართველოს მსახურება,მოკრძალებულად მცხოვრები მუდამ მზად იყო დახმარებოდა ხელმოკლე ნიჭიერ ახალგაზრდებს,საზოგადო მოღვაწეებს…
1912 წლის 14 ივნისს აღესრულა იგი,მაგრამ უკვდავია სახელი და საქმენი მისნი”-წერს თავის ფეისბუკგვერძე პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილიდაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.
იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
გოგებაშვილმა, პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.XXგოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“.
მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან, ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდა. ყველა პირველკლასელმა, “დედა ენას”წიგნი უფასოდ მიიღო.
“ჩვენს დროში, მშობლიური ენის სახელმძღვანელო ახალი მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. თავად გოგებაშვილი ბრძანებდა – „დედა-ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალ დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციებში. დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს იაკობის დაწყებულ გზას. ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული დედა-ენა დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება სკოლებში. გენიალური „აი ია“-ს, გოგებაშვილის სხვა მიგნებათა უდიდესი ძალის წყალობით, ჩვენი ბავშვები კვლავ იოლად, ხალისითა და შემეცნების სიხარულით დაეუფლებიან წერა-კითხვას. პირველ ნაბიჯებს გადადგამენ გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში, ისწავლიან სამშობლოს სიყვარულს და საფუძველს ჩაუყრიან კარგ მოქალაქეობას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ დედა-ენის დაბრუნება სკოლებში, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში“ – განაცხადა განათლების მინისტრმა.
იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” ადაპტირებული ვერსია, საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა.
ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.
VERİKO CHİCHİASHVİLİ-CHELİK: პორტალისთვის მოამზადა: ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქმა
Editörün notu: İakob Gogebashvili’ nin 180.doğum günü haftasi olması nedeniye Gürcü Haber Merkezimize gelen yazıları yayınlamaya devam edeceğiz!