ქართული სიმღერა „სულიკო“ 125 წლისაა – „სულიკო“ საქართველოა
ქართული პოპულარული სიმღერის „სულიკო“-ს შექმნიდან 125 წელი გავიდა და 126-ე წელი დაიწყო. ლექსის ავტორი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელია, მუსიკის ავტორი — ბარბარე (ვარინკა) წერეთელი, რომელიც აკაკის რძლად ეკუთვნოდა. სიმღერა დაიწერა 1895 წელს და დღემდე საქართველოს სავიზიტო ბარათად ითვლება.
ვარინკა წერეთელი “ლიტერატურის მატიანეში” 1942 წელს
წერს:
“აკაკიმ მომცა ლექსი “სულიკო” და მითხრა: “შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო… ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახე აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს ბაფთიანი გიტარის აკომპანემენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა “სულიკოს“ მელოდია, როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა. მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით: “ჩემს საყვარელ ბულბულს – “სულიკო” ვარინკას აკაკისაგან“.
გარკვეული დროის მანძილზე
“სულიკო” ყველას ხალხური სიმღერა ეგონა!
ლექსი “სულიკო” პირველად 1895 წლის 9 ივლისს დაიბეჭდა
ჟურნალ “კვალში”. 1900 წელს კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა “სულიკოს” მელოდია ნოტებზე გადაიტანა
ფორტეპიანოზე შესასრულებლად. 1905 წელს “სულიკო” პირველად შესრულდა ქუთაისის
სახალხო
თეატრში, 1937 წელს კი
მოსკოვში ჩატარდა საქართველოს
კულტურის დღეები, იქ ქალთა ანსამბლმა შეასრულა “სულიკო”, რომელიც ხალხურ
სიმღერად გამოცხადდა. მას
შემდეგ
“სულიკოს” ყველა ხალხურ სიმღერად
“ასაღებდა.
ამ აღმაშფოთებელი ფაქტის გამო
თავად ვარინკა წერეთელმა
იბრძოლა, ხელისუფლებას მოსთხოვა საავტორო
უფლებების აღდგენა და დასტურიც მიიღო. 1938 წელს “სულიკოს” მელოდიის ავტორად ვარინკა
წერეთელი აღიარეს.
ვარინკა წერეთელს ასევე არაჩვეულებრივი სიმღერები აქვს შექმნილი აკაკის სხვა ლექსებზეც: “სანამ ვიყავ ახალგაზრდა”, “რომ იცოდე ჩემი გულის დარდები”. მაგრამ „სულიკოს“ სიმღერის შექმნას შესაძლოა თავისი მიზანი ჰქონდა.
მგოსნის შედევრებს ხშირად ცენზურა ედებოდა, რადგან მწვავე, პოლიტიკური ხასიათისა იყო. მგოსანმა “სულიკო” დაწერის შემდეგ პირდაპირ ვარინკას მისცა, ამით გათვალა, რომ ლექსს აღარ დასჭირდებოდა ცენზურა, ვარინკა ყველგან იმღერებდა “სულიკოს”.
ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთლისა 1948 წელს 74 წლისა გარდაიცვალა და იგი “სულიკოს” ჰანგის თანხლებით დაკრძალეს!
ს უ ლ ი კ ო
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო;
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო;
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო;
მას შევეკითხე შეფრქვევით:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:
“ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!
სამად გაშლილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,
და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..
აკაკი წერეთელი
1895 წ.
წერილი მოამზადა: ნათია ჯიმშელეიშვილმა