ზოგიერთი ცნობით, 1862 წლის 5 აპრილს დაიბადა, მეორე ვერსიით 5 მაისს.
მაგრამ ხომ დაიბადა? უბრალო, პატიოსანი და ამაყი ნიკალა , ყველაზე დიდი ქართველი მხატვარი.
. „-ვინმემ რომ მომცეს ერთი ოთახი და ფერადები, მე კიდევ ბევრ კარგ რამეს შევქმნიო” – ნიკო ფიროსმანაშვილი.დიახ,ეს ფრაზა სწორედ მას ეკუთვნის.. ადამიანს, რომელმაც ქართულ მხატვრობაში ეპოქა შექმნა.
ზოგჯერ რა ცოტა სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის და ეს ცოტაც რამდენად მიუღწეველი შეიძლება დარჩეს.
საოცარი ტალანტის მქონე მხატვარს უმძიმესი ცხოვრების გავლა მოუწია.
იყო უსახლკარო, უმისამართო, უპატრონო, მაგრამ ცხოვრებაშიც და საქმეშიც ღირსებას ინარჩუნებდა. არც მედუქნეებთან ქეიფს კადრულობდა და არც ხატვისას ითვალისწინებდა მათ კაპრიზს. სვამდა მაშინ, როცა მოუნდებოდა და ხატავდა ისე, როგორც სურდა. ამიტომაც ქმნიდა შედევრებს.
ფიროსმანი მსოფლიომ აღიარა.დღეს არ არსებობს მსოფლიოში მუზეუმი, საცავი,კოლექციონერი, რომელიც ფიროსმანის ნახატებს არ შენატროდეს.დღეს მილიონებად გაყიდული მისივე ნამუშევრების შესახებ რომ მოგეყოლათ, ალბათ არც დაიჯერებდა.
საუკუნეც არ გვაშორებს ფიროსმანს. ფოტო, გაზეთი, კინო, რითიც დღეს მატიანეს ვქმნით, მაშინაც არსებობდა, მაგრამ ფიროსმანაშვილზე მცირე რამ ვიცით.
ფიროსმანის შესახებ ინფორმაცია მეტწილად მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიძებნა. მისი ნამდვილი სახელი ნიკო ფიროსმანაშვილი იყო. იგი დაიბადა კახეთში, სოფელ მირზაანში. მის მამას – ასლან ფიროსმანაშვილსა და დედას – თეკლას 3 შვილი ჰყოლიათ. ორი უფროსი ქალიშვილი და ვაჟი – ნიკალა.
ნიკოს ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოაჩნდა. იგი ბევრს ხატავდა. მხატვარი 8 წლის ასაკში დაობლდა და დედამ ბავშვი თბილისში გაგზავნა მდიდარ ოჯახში კალანტაროვებთან მსახურად. პატარა ნიკალას მდიდარ ოჯახში კარგად ექცეოდნენ. ბიჭუნა საკუთარი ნახატებით აჭრელებდა სახლის კედლებს. მოგვიანებით ნიკალას ოჯახის დატოვება მოუწია.
1880 წელს მან ფერწერის სახელოსნო გახსნა და მაღაზიებისა და დუქნებისათვის აბრებს ხატავდა. შემოსავალი იმდენად ცოტა იყო, რომ მხატვარს საარსებოდაც არ ჰყოფნიდა.
1883 წელს ნიკალა რკინიგზის სადგურში მუშაობდა დარაჯად. სამსახურში, დარაჯის ოთახში მუშაობის დროს, ხატავდა კიდეც. ავადმყოფობის გამო მას დროებით სამსახურის დატოვება მოუხდა. მიუხედავად დიდი სურვილისა, გამოჯანმრთელების შემდეგ იგი სამსახურში აღარ დააბრუნეს.
ფიროსმანი დაუღალავად შრომობდა და დიდი ინტერესით ეკიდებოდა საქმეს. სამხატვრო განათლებისათვის საკმარისი ფული მას მაინც არ გააჩნდა. მხატვარი იძულებული იყო, ხან ერთ მედუქნესთან შეეფარებინა თავი, ხან – მეორესთან. ცხოვრების საფასურს ის ხშირად საკუთარი ნახატებით იხდიდა. ნიკო პურისა და ერთი ჭიქა ღვინის ფასად ხატავდა აბრებსა და სურათებს. უბრალო ხალხს არ ესმოდა ფიროსმანის ნახატები, თუმცა ყველა გრძნობდა იმ ნიჭსა და სიძლიერეს, რაც ფიროსმანის ნახატებიდან მოდიოდა. აუტანელი ყოფისა და უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, ფიროსმანი ძალიან ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანი იყო. ამ თვისებებისთვის მას მეტსახელად „გრაფსაც“ ეძახდნენ.
-“ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის, კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას… მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე, მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ.” – ეს სიტყვები მხატვარმა ლადო გუდიაშვილს მაშინ უთხრა, როდესაც მან დიდუბეში სახლის კიბის ქვეშ დასუსტებულს მიაგნო. მხატვარს სურდა მისთვის შეგროვებული თანხა გადაეცა.
ფიროსმანი 1918 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ბოლო დღეებშიც მხატვარი მარტოსული იყო. მას საკუთარი შვილები და ოჯახი არ ჰყოლია… ცხოვრებაში ერთადერთი ქალი უყვარდა. ეს ქალი ფრანგი მსახიობი მარგარიტა იყო. ნიკო ფიროსმანის ცნობილი სურათი „აკტრისა მარგარიტა“ სწორედ ამ მსახიობის პორტრეტია. ნიკალა და მსახიობი ქალი ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ კი მარგარიტამ გამოსამშვიდობებელი ბარათი დაუტოვა მხატვარს და სამუდამოდ წავიდა მისგან. ეს განშორება საბედისწერო აღმოჩნდა ფიროსმანისათვის. თავის ტკივილსა და მარტოობას ფიროსმანი ხატვით უმკლავდებოდა. ღატაკმა ნიკალამ ბნელ, მიტოვებულ სარდაფში დაასრულა სიცოცხლე. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი და თარიღი უცნობია. ასევე, არავინ იცის, ვინ და სად დაკრძალა მხატვარი.
პირველი, ვინც ნიკო ფიროსმანის შესახებ ბიოგრაფიული ცნობების შეგროვება მის სიცოცხლეშივე დაიწყო, ილია ზდანევიჩი იყო, რომელიც საკუთარ დღიურში იწერდა ყველაფერს, რასაც ფიროსმანისგან პირადად ისმენდა. ყველაფერს იწერდა გიორგი ლეონიძეც, რომელმაც 1922 წლიდან, დაახლოებით 40 წელი, ნიკო ფიროსმანის შესახებ არქივის შეგროვებას დაუთმო.
როგორც შემდეგ მის მიერ გამოცემული წიგნის – “ცხოვრება ფიროსმანისა” – შესავალში ვკითხულობთ, გიორგი ლეონიძე ამ მოგონებებს ღვინის ვაჭრების, ქუჩის მხატვრების, მღებავების, მეთევზეების, დალაქების და რკინიგზის კონდუქტორებისგან აგროვებდა.
ერთ-ერთი პირველი უცხოელი მხატვარი, ვისზეც ნიკო ფიროსმანაშვილმა გავლენა მოახდინა, როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, პაბლო პიკასოა, რომელმაც ქართველი მხატვრის პორტრეტი სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე გრაფიკული სახით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ხელოვანი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია, პიკასო კარგად იცნობდა ფიროსმანის შემოქმედებას, ფიროსმანის კატალოგი პიკასოს ილია ზდანევიჩმა აჩვენა, რომელმაც საბჭოთა რეჟიმთან მიუღებლობის გამო ქვეყანა 1930-იან წლებში დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. როგორც ჩანს, ქართველი მხატვრის შემოქმედებამ მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პიკასომ მისი პორტრეტის შექმნა გადაწყვიტა.
თანამედროვე ქართველი მხატვრები, ჩვენთან ( “ქართული ამბების პორტალი-Gürcü Haber Portalı “)საუბრისას ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მნიშვნელობას აღნიშნავენ.მათი აზრით ფიროსმანი ისეა შესისხორცებული ქართულ ყოფასთან,რომ იგი ყველგანაა, ხალხის საკუთრებაა, ამიტომაც არის ეპოქალური.
,,- როცა ვუყურებ ფიროსმანის ტილოებს,სხვა დროში გადავდივარ,ვხედავ ხმელ კაცს, დიდრონი, მეოცნებე თვალებით, რომელიც დიდი სიყვარულით ხატავდა თბილისის ზეცას, სახლებს, ადამიანებს, ცხოველებს.ყველაფერში სევდას დებდა- ადამიანის სევდას! მისი განუმეორებელი შუქ-ჩრდილები უფრო მიმზიდველს ხდის სახლებს, ღამეს, ცხოველებს, ბავშვებს. უყურებ ტილოებს და გესმის სევდიანი სიმღერა-მხოლოდ ქართული. მისი ყველა მონასმი სიყვარულს გავს- თბილისზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის სიყვარულს. ფიროსმანი კიდევ უფრო მეტია, დიდია…”-ამბობს მხატვარი მანანა ამყოლაძე
“-გულწრფელობა, ესაა ჩემთვის ყველაზე ღირებული, რაც შემოქმედ ადამიანს უნდა გააჩნდეს, ფიროსმანი კი ამის ნათელი მაგალითია. ერთი შეხედვით, თითქოს მარტივად, ისეთ კოლორიტს ქმნის, რომ დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ჩემთვის, გარდა ნიჭიერი მხატვრისა, ნიკალა ერთგვარი მემატიანეცაა – როდესაც სურვილი მაქვს წარმოვიდგინო ფიროსმანის თანამედროვეობის პერიოდი, თვალწინ მისი ნახატები წარმომიდგება: როგორები იყვნენ თავადები, გლეხები, მათი ლხინი და გასაჭირი… მეარღნე, როგორც კოლორიტი, კახეთი და რთველი, აღდგომის დღესასწაული და ასე შემდეგ.
საოცარია მისი ფერთა გამა, რომელიც ძალიან სადა და მოკრძალებულია, თუმცა მრავლის მთქმელი, ქართული, ნამდვილი და ამავე დროს სევდიანი… შეძლო ნახატებში გადმოეცა სიკეთე და ბოროტება, სიძლიერე და სისუსტე და ამას ახერხებდა სულ რამოდენიმე ფერით და არა მსუყე პალიტრით, რომლის ფუფუნებაც დღეს გვაქვს… ხატავდა არა პოპულარობისთვის, არამედ უნდოდა და ხატავდა, ვინ იცის რამდენი რამის თქმა ვერ მოასწრო…”ასე ხედავს ფიროსმანს მხატვარი ბექა ხუცურაული
ფიროსმანი წლების შემდეგ დააფასეს, თუმცა როგორც მისი სიცოცხლის პერიოდში, ისე დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც მას, როგორც მხატვარს არ აღიარებენ. ფიროსმანის ნაწარმოებებში ცხადად ჩანს, რომ ის თვითნასწავლი მხატვარია და აკადემიური განათლება არ მიუღია.
“-ფიროსმანი სიკეთეა, ლაღი და მშვიდი. სიყვარულს თესავს საზოგადოებაში. გადმოსცემს ურთიერთობებს და გვიჩვენებს ხელოვნების შესაძლებლობებს ადამიანის აზროვნებაში. ის განსხვავებულია და ყველასთვის საჭირო, მისი ენით ცდილობს გვიჩვენოს რა არის სინამდვილე!
ფიროსმანი დიდია, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებს მაინც არ ესმით თუ რატომ?!”-ამაზე საუბრობს ჩვენთან მხატვარი დავით ბაძაღუა
“ნიკო ფიროსმანიშვილი-”ნიკალა”პრიმიტივიზმის,ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული,საინტერესო და იდუმალი მხატვარია.ინდივიდუალური,განსხვავებული სტილითა და სამყაროსადმი განსაკუთრებული სიყვარულით აღსავსე,თბილი ფერებითა და საინტერესო ფიგურებით”- ამბობს მხატვარი შოთა იმერლიშვილი
დიახ ასეა,ფიროსმანმა ნაივური, ქართულად – გულახდილი,გულუბრყვილო ხელოვნება დაამკვიდრა საქართველოში. ფიროსმანის ნაწარმოებები პრიმიტივიზმია, თითქოს ბავშვის ნახატებს წააგავს – მარტივია და სუფთა.
გასული წლის ოქტომბერში ვენაში, „ალბერტინას მუზეუმში„ ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, გამოფენა გაიხსნა, სადაც ფიროსმანის 29 ნამუშევარი ბუმბერაზი მხატვრების პაბლო პიკასოს, კლოდ მონეს და ედვარდ მუნკის გვერდით იყო გამოფენილი. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, „ფიროსმანაშვილი 1914“, რომელშიც პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა, „ფიროსმანის პორტრეტი“ არის შესული.