საუკუნის დანაშაულს ჩერქეზთა გენოციდს დღემდე მხოლოდ საქართველო აღიარებს
Veriko Chichiashvili-Chelik: საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 20 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაული – ეთნიკური წმენდა „გენოციდად“ აღიარა. საქართველომ ამ ნაბიჯით ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და პატივი მიაგო მილიონობით დაზარალებული და ასეულათასობით მოკლული ჩერქეზის ხსოვნას. 21 მაისს ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქ ანაკლიაში მემორიალიც გაიხსნა.
უფრო ადრე, 1994 წლის 31 მარტს ყარაჩა-ჩერქეზეთის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმმა ეს თარიღი კავკასიურ ომებში დაღუპულთა ხსოვნისა და პატივისგების დღედ გამოაცხადა, 1997 წლის თებერვალში კი ყაბარდო-ბალყარეთის პარლამენტმა მას გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.
რუსეთ–კავკასიის ომის დროს რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილის მოსახლეობის– ჩერქეზების ძალადობრივი გზით განდევნას. რუსეთის ხელისუფლება ომის დროს ამ რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით განადგურებას ეწეოდა, ქმნიდა ისეთ პრობლემებს, რომლის მიზანი იყო ამ მხარის სრული ან ნაწილობრივ განადგურება.
მე-19 საუკუნეში ჩერქეზების მიმართ განხორციელებული სრული სისასტიკე, ამ სისხლიანი მოვლენების შედეგად ჩერქეზი მოსახლეობის 90% დაიღუპა ან იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.
ამის შედეგად ჩერქეზების დიდი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო, ძალიან მცირე ნაწილი დარჩა რუსეთის ტერიტორიაზე.შედეგად, მრავალი ეთნოგრაფიული ჯგუფი გაქრა.
ადიღელთა ტრაგედიის თვითმხილველი ივანე დროზდოვი ნანახს ასე იხსებეს:
„საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ– გზა მოფენილი იყო ბავშვების , ქალების, მოხუცების დაგლეჯილი, ძაღლებისაგან ნახევრად შეჭმული გვამებით, შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს, ძლივს რომ დალასლასებდნენ და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს… ჯამრთელებსა და ცოცხლებს მომაკვდავებისთვის არ ეცალათ, არც მათ ელოდათ უკეთესი ბედი. გაწუწკებული თურქი შკიპერები ტვირთივით ეზიდებოდნენ ჩერქეზებს მცირე აზიის ნაპირებამდე და ავადმყოფობის უმცირესი ნიშანიც საკმარისი იყო, რომ წყალში მოესროლათ ნებისმიერი. ტალღებს ამ უბედურთა გვამები ანატოლიის ნაპირებთან გამოჰქონდათ… დანიშნულების ადგილამდე ნახევარმაც ვერ ჩააღწია. ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას.“
ამ ფაქტით შეძრწუნებული მე-19 საუკუნის სამხედრო ისტორიკოსი ადოლფ ბერჟე წერდა:
„ ვერასოდეს დავივიწყებ იმ დამთგრუნველ შთაბეჭდილებებს, ნოვოროსისკის ყურეში თავმოყრილი მთიელების, რომელთა რაოდენობა ალბათ დაახლოებით 17 000 ადამიანი თუ იქნებოდა, ნახვამ რომ მოახდინა ჩემზე. მოგვიანებით, წელიწადის ცივ დროში, საარსებო სახსრების უქონლობა და ტიფისა და სახადის ეპიდემიის მძვინვარება მათ ყოფას სრულიად აუტანელს ხდიდა . ვის გულს არ შეძრავდა ღია ცის ქვეშ ცივ მიწაზე გართხმული, ძონძებში გახვეული ახალგაზრდა ჩერქეზი ქალის დანახვა , რომლის ორი ჩვილი შვილიდან ერთი კრუნჩხვით ღაფავდა სულს, მეორე კი უკვე გათოშილი დედის მკერდს ეპოტინებოდა შიმშილის მოსაკლავად.“
1864 წელს კავკასიის ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი რუსი გენარალი თავის რაპორტში წერდა :
„აულები , პურისა და ხილის მარაგი გადამწვარია , ზუსტად შეგვიძლია ვივარაუოთ ,რომ მოსახლეობა ზამთრის განმავლობაში ან შიმშილით გაწყდება ან ჩვენს ზღვისპირა პუნქტებში გამოვა თურქეთში გადასასახლებლად“.
1929 წელს კავკასიაში მოგზაურობის დროს, აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ცნობილი მოვლენების უშუალო მონაწილე, 91 წლის ნაფსაუ იაბარაქხუ ჰანსაქხუსაგან შემდეგი ჩვენება ჩაიწერა: „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და ქალის თმისგან ყვავები ბუდეს იკეთებდნენ, შვიდი წელი ზღვა ადამიანის თავის ქალას საზამთროსავით ისროდა ნაპირზე. მტერს არ ვუსურვებ იმის ნახვას, რაც მე ვნახე“ ( სიმ. ჯანაშია, შრომები, ტ. მე–4, თბ., 1968, გვ. 124 ).
მომდევნო პერიოდში ჩერქეზების გენოციდის თემას არაერთი უცხოელი ისტორიკოსი თუ ექსპერტი განიხილავდა. მათ შორის, ამერიკელი დამოუკიდებელი მკვლევარ–ექსპერტი სტეფან შენფილდი, რომლის გამოკვლევებითაც დგინდება, რომ თანამედროვე ჩერქეზთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 6 248 000 შეადგენს. აქედან სამშობლოში, ანუ ჩერქეზულ რესპუბლიკებში ცხოვრობს 690 000–ზე მეტი ჩერქეზი: ყაბარდო–ბალყარეთში – 500 640, ყარაჩა–ჩერქეზეთში – 83 525, ადიღეს რესპუბლიკაში – 109 137 ადამიანი. გამოდის, რომ ისტორიულ სამშობლოში ჩერქეზთა მხოლოდ 10% ცხოვრობს. დანარჩენი 90% პროცენტი დანარჩენ მსოფლიოში ასე გადანაწილდა: თურქეთი – 5 000 000, გერმანია – 100 000, იორდანია – 100 000, სირია – 100 000, საფრანგეთი – 15 000, აშშ – 5 000, ისრაელი – 5 000, ჰოლანდია – 3000.
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კვლევა აქვს გაკეთებული რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს. „საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი და მისი ასახვა თურქეთში“-რომელშიც იგი თურქეთში მცხოვრები ჩერქეზების აქტივობებზე გვიყვება:
“-რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჩერქეზი (მათ რიცხვში ხშირად აფხაზებსაც მოიაზრებენ) თურქეთში ცხოვრობს. ამიტომ საინტერესოა, როგორი გამოძახილი ჰქონდა საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას.
თურქეთის ჩერქეზული დიასპორის აზრი ორად გაიყო. ერთნი, რომლებიც უფრო პროაფხაზურად იყვნენ განწყობილი, საქართველოს ამ ქმედებას არ მიესალმნენ და ეს იმ მდგომარეობით ახსნეს, რომ 2008 წლის შემდეგ თბილისს რუსეთისთვის პრობლემების შექმნა სურდა. უფრო პრაგმატული იყო მეორე ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ მიესალმა თბილისის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს, არამედ თანამშრომლობაზეც წამოვიდა. ამის გარდა, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ გამოიწვია თურქეთის ჩერქეზების გააქტიურება კიდევ ერთი მიმართულებით – ისინი ამგვარ აღიარებას უკვე აქტიურად ითხოვენ თურქეთის პარლამენტისგან. თუ ადრე ეს შედარებით დაბალ დონეზე კეთდებოდა, ახლა ეს თემა უფრო მაღალ დონეზე განიხილება. ბოლო ასეთი მიმართვა იყო 2020 წლის 25 თებერვალს, როდესაც ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფს. შეხვედრაზე ჩერქეზული საზოგადოებების ფედერაციის პრეზიდენტმა ნუსრეთ ბაშმა ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტზე და თურქეთის პარლამენტსაც მოუწოდა და შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს”.