პოეტი არავისმსგავსი ლექსებით
თეიმურაზ ლანჩავა
სულ ახლახანს მკითხველთა თვალსაწიერის წინაშე კიდევ ერთი საინტერესო და ძვირფასი წიგნი დაიბადა,
გამოვიდა პოეტ თეიმურაზ ლანჩავას ლექსების, ნოველებისა და პიესების ერთობლივი კრებული სახელწოდებით “ფიქრის გასამართლება“. ვფიქრობ,მისი ლექსად და შემოქმედებად ქცეული ფიქრები დაბადებიდან დღემდე „სამართლდება“ კრიტიკოსთა და ლექსის მოყვარული საზოგადოების წინაშე, სამართალი კი ყოველთვის ავტორის სასარგებლოდ იმარჯვებს.
ეს კი პოეტის „არავისმსგავსი
ლექსები“-ს დამსახურებაა.
ბატონი თეიმურაზ ლანჩავა ქუთაისის მწერალთა სახლის დირექტირი, საზოგადოება ,,ქუთაისელი“-ს, იმერეთის რეგიონის სამწერლო ორგანიზაცია, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და გაზეთ ,,უქიმერიონის“ და ჟურნალ „მერმისის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია.
იგი მფლობელია თითქმის ყველა იმ ჯილდოსი, პრემიისა და წოდებისა, რაც მწერლობაში დამსახურებული, გამორჩეული და წარმატებული მოღვაწეობისთვის გაიცემა.
ლექსები ,რომელიც არა მარტო პოეტის სათქმელს, არამედ მკითხველის გულის ხმასაც გამოხატავს, ისევ შიგ გულში ყველა ძარღვის გავლით ემოციების ზენიტში მოგაქცევს.
სწორედ ამიტომ მე მას ვუწოდე “პოეტი არავისმსგავსი ლექსებით“.
საქართველოს არ უკვირს გამორჩეული ეპოქალური ავტორები, მაგრამ როცა ამ რჩეულთა შორის არავისმსგავსი და ინდივიდუალური ხარ, თავისთავად ამკვიდრებს შენი შემოქნედების უკვდავებას.
ლექსები , რომლებიც თავისთავად მღერის, ბევრ კომპოზიტორს გაუადვილა არაჩვეულებრივი მელოდიების შექმნა და სინთეზურ ხელოვნებას აზიარა.
პოეტ თეიმურაზ ლანჩავას ლექსებზე არაერთი სიმღერაა შექმნილი, მათ შორის მეც გავკადნიერდი და ერთი მელოდიაც „შემოვაცვი“ სამოსად მის ერთერთ შესანიშნავ ლექსს.
აქვე მსურს გაგაცნოთ პოეტისა და მწერლის თეიმურაზ ლანჩავას რამდენიმე ლექსიც.
წერილი მოამზადა ნათია ჯიმშელეიშვილმა
ლექსები
******
– ქუთაისია ბიძია?!
– კი, შვილო, ქუთაისია,
შენ უნდა ნახო ტყემლები,
ფუტკარი თუ დაისია.
ღამესაც გაათეთრებენ,
ზეცისკენ ააბოლებენ,
სირინოზები გალობას
სიზმარშიც გაგაგონებენ.
– აუ, ზღაპარში მოვსულვარ,
აქ მამაჩემი მარხია,
ვიცი, რომ ქუთათურები
მირონცხებული ხალხია.
– სწორი ბრძანდებით, ბიძიკო,
აქ ყველაფერი ქართულობს,
დრომ ჩამოჟანგა ჭიშკრები,
საფლავი პატრონს ნატრულობს.
უცებ, სიჩუმე გამეფდა,
უცებ, სინდისი აყვირდა
და გადმოგორდა ბავშვობა
მიტოვებული აკვნიდან.
***
ხელებს გავშლი და ჯვარი ვარ,
ბატკანს ავიყვან _ ნიკალა,
დაბადებიდან ცრემლი მდის,
წვიმამ არ გადაიკარა,
დრომ უსაშველოდ გამთელა,
გამცვითა, ფიქრად მაქცია,
მე რომ სიცოცხლე მგონია,
იქნებ სიცოცხლე არც კია,
იქბებ სიკვდილი არც კია
თვალის მოხუჭვა მარადი,
იქნებ ქურდობა არცკია,
დროს რომ სიყვარულს ვპარავდი.
მჯიჯგნიდა წუთისოფელი,
ყვავი, ყორანი, ჭილყვავი,
დღემდე ვერ დამიდგენია,
ვიყავი თუ არ ვიყავი.
მაინც შემოვრჩი ჩემს საფლავს,
რომ იარსებოს ვულკანმა,
სიკვდილის დასაშინებლად
ერთი სიცოცხლე თუ კმარა.
******
ქვებს მაშინა აქვთ ფრენის უფლება,
წარმატებისთვის როცა გესვრიან,
როცა არ გწყალობს ხელისუფლება,
რატომ არ გწყალობს, თვითონ ვერ ხსნიან.
ბევრჯერ გესროლეს, ვერ მოგახვედრეს,
გდევდა ყიჟინა დროის ამქართა,
სიძულვილისთვის ვერ მოგახედეს,
შენ სიყვარულის ძალა გმართავდა.
გაქვს სამდურავი გაუმხელელი,
მოიერიშე უდღურ კაცთა
და გებრალეაბა ქვები, რომელიც
გესროლეს, მაგრამ შემთხვევით აგცდა.