,,ეს ჩვენი მეფე ერეკლე, ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია”
1720 წლის 7 ნოემბერი. თელავში მეფის სასახლეში უფლისწული დაიბადა.
ძე თეიმურაზის და თამარის, შვილიშვილი მეფე ვახტანგ მეექვსის.
სახელად ერეკლე დააქვეს, ხალხმა – “პატარა კახი“უწოდა.
ქართლ-კახეთის უკანასკნელი დიდი ხელმწიფე.
პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში ჯარს სარდლობდა. ქიზიყს შემოსეული ლეკები არასრულწლოვანმა უფლისწულმა ახალგაზრდა კახელი მხედრების მცირე რაზმებით სასტიკად დაამარცხა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება.
“1735 წელი პირველი გამოსვლაა 15 წლის პატარა კახისა. დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხელმწიფისა და მამულიშვილისა. ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი და 60 წელიწადი ვერ ჩამოხტება საომარი უნაგირიდან“- ვკითხულობთ ლევან სანიკიძის “დედა ისტორია”-ში.
ერეკლე II ბაგრატიონი ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა ლაშქარს თავადვე და აჩვენებდა ბრძოლის მაგალითს . ისტორიული ფაქტია, რომ მას მარჯვენა მხარ-ბეჭი ბევრად უფრო განვითარებული ჰქონდა ზედმეტი და ხშირი ხმლის ქნევისგან ბრძოლებში, ვიდრე მარცხენა და ეს კარგად იყო შესამჩნევი გარეშე თვალისთვის.
1744 წელს 24 წლის ერეკლე კახეთის მეფედ აკურთხეს და ეს ტიტული 1762 წლამდე ატარა. 1762 წელს კი როდესაც მამამისი, თეიმურაზ II გარდაიცვალა მას მემკვიდრეობით გადაეცა ქართლის მეფობაც და ის ქართლ-კახეთის მეფედ იქცა, ქართლ-კახეთი გაერთიანდა ერეკლეს კვერთხის ქვეშ და იმეფა 1798 წლამდე.
15 წლისამ რომ აიღო ხელში ხმალი, ღრმადმოხუცებულამდე ქარქარშში არ ჩაუგია.
აქ ქროლოგიურად არის მოცემული იმ ბრძოლების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ერეკლე II ბაგრატიონმა (ბატონიშვილმა) გადაიხადა
1747 წ. – ომი აბდულა-ბეგსა და ერეკლეს შორის. ეს ომი მოიცავს რამდენიმე ბრძოლას:
სამშვილდეს ბრძოლა,ბრძოლა თბილისთან ,სოლოლაკთან,წავკისთან.
1748 წელს თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ამავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს.
1749 წ. – ბრძოლა დაღესტნელების ურიცხვ მარბიელ ლაშქართან. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს .
1750 წ. – განჯის ბრძოლა ყარაბაღის მფლობელი ფანა-ხანის წინააღმდეგ.
1751 წლის თებრვალში მდინარე აგრი-ჩაისთან აჯი-ჩალაბმა ქართველებიდაამარცხა. ამ ბრძოლაში მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე, პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძის დახმარებით გამოვიდა წყლიდან. მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე ამგვარად გადარჩა დატყვევებას.
1751 წლის ივლისში, ერევნის სიახლოვეს, ყირბულახთან უთანასწორო ბრძოლა თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელ აზატ ხანის წინააღმდეგ ერეკლეს გამარჯვებით დასრულდა.
1752 წელს აჯი-ჩალაბმა განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები.ამავე წლის სექტემბერში ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში აჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი – აღარ-ქიში სარდლობდა, ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს.
1754 წელს ავარიელი, ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა, არაგვის ხეობა და დუშეთი დაარბია. მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა ერეკლემ და თეიმურაზმა იგი მჭადიჯვრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს, დიდი დანაკარგებით განდევნეს ქართლ-კახეთიდან.
1755 წელს ნურსალ-ბეგი ყვარელს მოადგა ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განყობილ მუსლიმურ სახანოების ლაშქრებთან ერთად. ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყეს. კახეთი თუ დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ამხელა ძალის მქონე მტერი და შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადაწვდებოდნენ. ერის მომავალი სასწორზე იდო. ქართლ-კახეთის მეფე მამა-შვილის გონიერი და გაბედული საბრძოლო მანევრების შედეგად, ყვარლის ბრძოლაში ქართველებმა მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს და დაამარცხეს მტერი.
1759 წელს ლეკების 8000-იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცის ციხესთან და შემდგომ დვანის ციხესთან. ამ ბრძოლებში მას სოლომონ I-ც ეხმარებოდა.
1760 წელს ერეკლემ დაამარცხა ყარაბახის ხანი.ამავე წელს ერეკლემ მოაწყო დიდი ლაშქრობა განჯაში, შემდგომ ლაშქრობა ერევანში, შემდგომ კი გადაიტანა დიდი ბრძოლა შინდისთან დაღესტნელების ლაშქრის წინააღმდეგ.
მთელი 1760 წლის განმავლობაში ჩრდილო კავკასიელი დაღესტნელები ძალიან გააქტიურდნენ და მეფე განუწყვეტელ, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდა.ერეკლეს მთელი ქართლ-კახეთის ყველა მამაკაცი იარაღში ჰყავდა ჩასმული ,მზად ქუდზე კაცის გამოსაყვანად. ამ პერიოდიდან მას კავკასიაში, მცირე აზიაში და ირანში “გურჯისტანის აშვებული ლომის” სახელით იხსენიებდნენ. მარტო ამ წელს მან გადაიტანა მინიმუმ 50 დიდი და მცირე ბრძოლა.
1765 წელს ერეკლეს წინაარმდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა. შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინააღმდეგენი.
1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლე ამ ომში რუსების მხარეს იბრძოდა.
1769 წელს გრაფი ტოტლებენი ჩამოვიდა საქართველოში რუსის ჯარით, ერეკლე და ტოტლებენი გაერთიანებული ქართულ-რუსული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ, მოღალატე ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა.
1770 წლის 20 აპრილს მოხდა ასპინძის ბრძოლა – 8000 თურქი 3000 ქართველის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ქართული ჯარის სრული ტრიუმფით დამთავრდა. სრულად განადგურდა თურქული ჯარი, ქართველებს კი მცირე დანაკარგი ჰქონდათ.
„ასპინძას ერეკლე ვნახე, ხელში ეჭირა ხმალიო, ხოცვა დაუწყო ლეკ-ოსმალთ, ადინა სისხლის ღვარიო”. ხალხური
1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან.
1778 წელს ერეკლემ დაამარცხა განჯის მმართველი ფათ-ალი-ხანი.
1779-1780 წლებში მიმდინარეობდა ბრძოლები ერევნის ხანთან. ამავე წელს ლეკების დიდი ლაშქარი თავს დაესხა თუშეთს, თავდასხმები ასევე მიმდინარეობდა ქიზიყში და ცხინვალში.
1773 წელს ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით ბოდბეს დაესხვა თავს. ლეკები იმდენად გააქტიურდნენ, რომ ბრძოლებით თბილისამდეც კი მოდიოდნენ და აწიოკებდნენ ათობით სოფლებს , თუმცა ქართველები გააფთრებული წინააღმდეგობას უწევდნენ. 1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.
ამავე წელს ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაესხა ნურსალ-ბეგის ვაჟი ომარ-ხანი 20 000-იანი ლაშქრით. ამის მიუხედავად მან ვერ გაბედა პირისპირ შებრძოლებოდა ერეკლეს ქართულ ლაშქარს. ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი სარბევად გაყოფილი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნებიც. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ-კახეთის მთელ სამეფოს და იმერეთსაც კი გადაწვდნენ.
მიუხედავად ქართველების საბრძოლო გამარჯვებებისა, მტრის შეუჩერებელი თავდასხმები მაინც არ წყდებოდა. ქართლ-კახეთი სისხლისგან იცლებოდა.
1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო-კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს ხელი მოეწერა. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ-ხანი შემოესია და არც მაშინ როცა აღა-მაჰმად-ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა. შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს.
1787 წელი დიდი შეტევითი ომების წელი გახლდათ ამ წელს ერეკლემ მოაწყო ყარაბახის დალაშქვრა, ნახიჩევანის დალაშქვრა, ქართულ-რუსული ჯარით განჯას დამორჩილება, შემდეგ ყარაბახის დამორჩილება, ნახიჩევანის დამორჩილება, დიდი ბრძოლა რუსთავში ომარ-ხანის წინააღმდეგ, ბრძოლა ქიზიყში ომარ-ხანის წინააღმდეგ. ბრძოლა თიანეთში კვლავ ომარ ხანის წინააღმდეგ.
1795 წელს ივნისში აღა-მაჰმად ხანის 8 000 მებრძოლისგან შემდგარი არმია ყარაბახის მიდამოებში დაამარცხა გენერალურ ბრძოლაში ერეკლემ. ქართველთა ერთადერთი მოკავშირე ამ დროს რჩებოდა ყარაბახის ხანი იბრაჰიმი.
ამავე წელს, 1795 წელს რევანში აიღო აღა-მაჰმად-ხანმა და 75 000-იანი არმიით ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაესხა. ბრძოლაში, რომელიც კრწანისთან მოხდა. ერეკლე დამარცხდა. მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ ერეკლემ მხოლოდ 6000 იანი ლაშქარის გამოყვანა შეძლო.
1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს. მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს. იქიდან მრავალი ტყვე წამოიყვანეს. დაიწყეს სრულიად განადგურებული თბილისის ფერფლიდან აღდგენა.
1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. თბილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა და ერეკლე ქვეყნის მართვას თელავიდან განაგრძობდა.
1797 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო.
1798 წლის დასაწყისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.
1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა მეფემ, რომელიც საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომლის შესახებაც პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდმა (1712-1786) თქვა: “დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფეო.”
ერეკლემ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი. საამაყო წინაპართა მსგავსად მრავალი გამარჯვება მოიპოვა რიცხვმრავალ მტერზე და სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.ხალხი სიყვარულით „პატარა კახს” ეძახდა. დიდი და ჭეშმარიტი გმირი, ბრწყინვალე რაინდი იყო. მისი ხმალი საქართველოსათვის ბრძოლაში არასდროს გადამტყდარა. ერეკლეს ხმალი წარწერით: “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონი ირაკლისა”.
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი