დედა
ცათამბჯენს შუბლს გაუსწორებს,
უფეხოდ ირემს გაასწრებს.
ზეციურ ძალას მოიკრებს,
ხნიერი ყმაწვილს დაასწრებს.
უთვალოდ ბეწვსაც შენიშნავს,
უკვალოდ დროს არ დაკარგავს.
უხაროდ მიწას გადახნავს,
უხელოდ დახატ-დაქარგავს.
ფიქრებით ღამენათევი,
დილით, პირს ღიმილს მოიფენს.
ასჯერ გაგონილს, აწონილს
ორ ასჯერ კიდევ მოისმენს.
მთის წყაროს ღიმილს მოსტაცებს,
შემოიტყუებს მზის ნათელს.
ვარსკვლავთა გვირგვინს შეკონავს,
მთვარეს გაანდობს მის სათქმელს.
თმის ღერიც რომ არ დავარდეთ,
მოკვდავიც ფეხზე იდგება.
სული დაუცდის მანამდე,
სანამდე შვილებს ჭირდებათ.
და, მათი ერთი ღიმილით
კვლავ ულევ ძალას შეივსებს.
დედა! – ყველაფერს გაუძლებს!
დედა! – ყველაფერს შეიძლებს!
01.01.07
ციურიხი
ს.ფოცხვერაშვილი
®
Foto:Gürcü Kültür Merkezi Derneği – İstanbul/2018: Sopo Potskhverashvili, Maya Mchedlidze Uzal, Barbara Uzal, Giorgi İremadze, Fehmi Uzal Ustiaşvili,