14 Ocak, Gürcistan’da Devlet Bayrak Günü kutlanıyor.
14 Ocak, Gürcistan’da Devlet Bayrak Günü kutlanıyor. Gürcistan’ın tüm bölgelerinde ve devlet kurumlarında bayrak çekme töreni düzenlendi. Youtube.com/c/AjansGürcü
იანვარი საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეა. დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს ყველა რეგიონსა და სახელმწიფო დაწესებულებაში გაიმართა.
******

დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დღესასწაული პირველად 2012 წელს აღინიშნა, თუმცა ხუთჯვრიან დროშას თითქმის 700-წლიანი ისტორია აქვს.
დროშაზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით – ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს სიმბოლო პირველად, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, გოდფრუა ბუიონელმა გამოიყენა. გოდფრუა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის გმირი იყო, რომელმაც ქრისტიანული დროშა ქრისტეს საფლავზე პირველმა აღმართა. თეთრი ფერი უმანკოებას, უბიწობასა და სიწმინდეს აღნიშნავს, წითელი – სიმამაცეს, ვაჟკაცობასა და სიყვარულს. ხუთჯვრიანი დროშა სხვა წყაროებში იერუსალიმის გერბადაც არის მოხსენიებული.
ლეგენდარული იტალიელი კარტოგრაფის, ანჯელინო დულჩერის რუკაზე, რომელიც 1339 წლით არის დათარიღებული, საქართველოს სამეფოს თავზე ხუთჯვრიანი დროშაა დახატული. რუკაზე ქვეყნის სახელია Georgiania, ხოლო ქალაქისა – Tiflis.
ხუთჯვრიანი დროშა ასევე 1367 წელს ვენეციელი კარტოგრაფების დომენიკო და ფრანჩესკო პიციგანების რუკაზეც გვხვდება.
2004 წლის 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ეროვნული სიმბოლო გახდა.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.
„სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო
მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“, – ნათქვამია საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.