იოსებ შენგელია: 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე. კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 31 მარტს ასევე ამ რეფერენდუმის ერთ-ერთი ინიციატორისა და სამშობლოს ზვარაკად შეწირული დიდი ქართველის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ჩიტაძის წმინდა ნინოს ტაძარში ყვარებია სიარული პირველ პრეზიდენტს. ეს ტაძარი საბჭოთა დროს სკოლის კალათბურთის დარბაზად იყო გადაკეთებული. მან კი პრეზიდენტად არჩევისთანავე დაუბრუნა საპატრიარქოს. მესანთლემ მიამბო. ზვიადს ტაძრის ერთ-ერთ კუთხეში ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა და სულ სანთლებს ანთებდაო იმ ხატის წინ. ერთხელ როცა ეკლესიაში არავინ იყო ზვიადი იმ კუთხეში ღვთისმშობლის ხატთან მივიდაო სანთლების დასანთებად, ცოტა ხნის შემდეგ ტაძრის იმ მხარეს ჩავიარე რაღაც საქმეზე და დავინახე რომ ხატის წინ იდგა და ტიროდაო…