Kakha Kvashilava: ვუყურებთ ფოტოებსა და ვიდეოებს რაშისტების სიმხეცეზე უკრაინაში და გვიკვირს.
ჩვენ საბჭოური პროპაგანდა მხოლოდ გერმანელ ფაშისტთა სიმხეცეზე გვესაუბრებოდა, საქართველოში კიდევ არაბ-მონღოლ-თურქ-სპარსელებს ამატებდნენ. მაგრამ არასდროს ხმას არ იღებდნენ რუსის სიმხეცეზე საქართველოში 1801 წლიდან მოყოლებული.
რუსი ჩვენი ერთმორწმუნე და მეგობარი იყო, რომელმაც “სისხლი დაღვარა” ჩვენ, თურმე, გაოსმალ-გასპარსელებას რომ გადავერჩინეთ. არადა, მე-18 საუკუნეში ეს პრობლემა თითქმის მოგვარებული გვქონდა და ისპაჰან-სტამბოლი მხოლოდ ფორმალურ (ფორმალურ!!!) ვასალიტეტს გვთხოვდა.
დავუბრუნდეთ რუს-“მეგობარს”.
გავიხსენოთ, როგორ დაგვტოვა აღა-მაჰმად-ხანის წინ მარტო. არადა, ეს საჭურისი გვთხოვდა, ჩრდილოეთში ნუღარ იყურებით და იყავით თქვენს ნებაზე ამ კავკასიაშიო.
მაგრამ შევტოპეთ. უფრო სწორედ შეგატოპვინა ერთმორწმუნემ და მერე მხდალად მიგვატოვა.
მანამდე ოსმალეთთან ომში ჩაგვრთო და ერეკლე II-სოლომონ I-ის სიმარჯვით თუ გადავრჩით.
1801 წელს სიონში ქართველი ხალხი, მისი არისტოკრატიის სახით, საჯაროდ დაამცირა ერთმორწმუნემ. ქართლ-კახეთის დედოფალს სარეცელში შეუვარდნენ.
მერე მთიულეთის აჯანყება გავიხსენოთ, კახეთ-იმერეთიც არ დავივიწყოთ. და ეს ყველაფერი 1801-1820 წლებში ხდება.
უნდა წაიკითხო წყაროები, რომ ნახო, რატომ ვერ იგუა “ერთმორწმუნე ძმა” ქართველმა მთიულმა, კახმა, იმერელმა და სხვა კუთხის მცხოვრებმა…
განა დროშია გაწელილი? იქვე, ჯერ კიდევ კარგად ვერ შემოუდგამთ ფეხი საქართველოში და რუსსკი მირის წესრიგს ამყარებენ.
საუკუნის მიწურულს სიტყვა “საქართველო” და ქართულად სწავლა-განათლება აკრძალეს. საუცხოო ფრესკებით მოხატული ტაძარ-მონასტრები კირით გადაათეთრეს.
კიდევ ძალიან ბევრი მაგალითია.
ეს ყველაფერი ისტორიულ საბუთებში, ფოლკლორსა და მხატვრულ ლიტერატურაშია ასახული. ბევრი მათგანი გამოქვეყნებულია. ჯერ კიდევ საბჭოთა დროსვე, უბრალოდ ინტერპრეტაციას აძლევდნენ შერბილებულს და მხოლოდ რუს იმპერატორს “აწმენდნენ ხელს”.
კარგი იქნება, ვინმემ ეს ყველა ცნობა ამოკრიფოს და ერთ კრებულად გამოსცეს, რომ ქართველ რუსეთუმეებს დავანახოთ, რას ნიშნავს “რუსის ძმობა”.
ამის შემდეგ კი, არც მიკვრის, რა ჯოჯოხეთი დაატრიალეს რაშისტებმა მათთვის ჩვენზე ბევრად ახლოს მყოფ უკრაინელებთან მიმართებაში.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
გმირებს დიდება!
კართაგენი – “რუსეთის იმპერია” – უნდა დაინგრეს!