სიყვარულისთვის შემონახული სული…
…პირველად რომ გაყიდა სხეული, უკანა გზაზე მდინარეს მისცა თავი და ყველაზე სწრაფად მომავალ ნაკადს მიუშვირა შერცხვენილი და წაბილწული სხეული…
თითქმის საათი იხეხა კანი, რომ უცხო კაცის სუნი განეშორებინა…
კანს უშველიდა, სულიდან როგორ ჩამოერეცხა ეს სიბინძურე ვერ გაეგო.
იტირა…
ცას ახედა და ის დღე დაწყევლა ქალად რომ გაჩნდა…
არადა, ლამაზი იყო ოხერი, რაღაცნაირი – სულის დარაბებგამოღებული თვალებით, იებმობნეული ბაგეებით, შემაღლებული ყვრიმალებითა და ნაწვიმარზე ცისარტყელასებური ღიმილით…
სახლში მისულმა, ჩუმად შეიპარა საძინებელში და ვარდებამოქარგულ ზეწარზე მძინარე ავადმყოფს საბანი ფრთხილად გადააფარა…
მარჯვენა ხელზე პოლიეთილენიის პარკი წამოიცვა და კაბის ჯიბეში შენახული თანხა პარკში მოაქცია…არ უნდოდა ხელით შეხებოდა ბინძური გზით ნაშოვნ ფულს…
მეორე და მესამე ჯერზეც იგივეჯერ გაეყინა სული და ისევ იმავე მდინარეში იბანა სხეული
იხოკა ლოყები
იტირა
და
წყევლა ის დღე როცა განჩნდა…
არადა, ლამაზი იყო ოხერი- ყელამდე შებნეულ გულისპირში გათქვირინებული მკერდი ისე უთრთოდა, სადაცაა ღილკიკოლოები დაეწყვიტა და მნახველი გაეგიჟებინა მისი ოვალური სილამაზით…
მოწახნაგებულ თეძოებს ვერცერთი კაბა ვერ უკარგავდა მიმზიდველობას და მზით გარუჯული, ჩამოქნილი ფეხების ზემოდან გვირგვინივით მოკალათებულიყვნენ…
ბევრს ტიროდა…
ბევრს არა- უბევრესს!..
შუბლის ძარღვი ტკიოდა ყოველ ჯერზე როცა სხეულს ყიდდა…
არც სახე,
არც ასაკი,
არც მდგომსტეობა არ ახსოვს მყიდველი კაცების…
ქალაქი დანდუას რკინიგზის სადგურიდან უთენია მიყვებოდა მატარებელს და ერთ ღმერთისგან დაწყევლილ და მიტოვებულ ბაქანზე ჩამოდიოდა. დაჯდებოდა ბაქნის ყურეში, მოსულ კლიენტს თავაუწევლად გაურიგდებოდა, სადღაც, წინასწარ ნაქირავები ბინის სარდაფში, ფარდებჩამოფარებულ, ბნელ ოთახში შეიყვანდა კაცს და ისე ჩალევდა პროცესს, თვალს არასდროს გაახელდა…
საყოფისზე მეტად რომ ჩაიფურთხა სულში, ის პარკი გამოაძვრინა სამალავიდან ფულს რომ აგროვებდა…
ამჯერად უკანასკნელად იტირა შეურაცხყოფის ცრემლებით და ქალაქის მთავარ საავადმყოფოს მიაშურა.
ექიმი კაბინეტში დახვდა. სათვალის ზემოდან ირონიით გადმოხე და უთხრა-
რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, ყველა სახის დახმარება ამოწურული გვაქვს და აქ აღარ მოხვიდე… არ გრცხვენია თავს რომ გვაბეზრებ შენი ავადმყოფითო…
უსიტყვოდ დაუდო ფულით სავსე პარკი მაგიდაზე და თვალით ანიშნა- გადაეთვალა…
განცვიფრებისაგან სათვალე ჩამოუვარდა ცხვირიდან ხორცზედმეტ, ცხვირგასიებულ ექიმს და ხმაწვრილად უხმო ექთანს, სასწრაფოდ საოპერაციო გაემზადებინათ…
სადღაც არაუმეტეს სამი საათისა, ამ ამბიდან, ქალმა, საოპერაციოს კარების ზღურბლამდე მიაცილა ავადმყოფი, თვალებით დაემშვიდობა ისე, რომ ცრემლი არც კი ამღრევია და… კარიც ცხვირწინ დაუხურეს…
მზე კარგა ხნის ჩასვენებული იყო, როცა ექიმი გადაღლილი, მაგრამ სახეზე სიხარულის ანაბეჭდებით გამოვიდა საოპერაციოს კორიდორში და ქალი მოიკითხა…მიმღების ადმინისტრატორმა უთხრა -კონვერტი დატოვა თქვენ სახელზე და წავიდაო…
ექიმმა რაღაც იგუმანა, სასწრაფოდ გადაახია კონვერტს თავი და საოცრად ნატიფი კალიგრაფიით დაწერილი წერილი წაიკითხა-
,,ქალბატონო ექიმო, ფულისთვის მე სხეული გავყიდე, თქვენ სული!
მე სიყვარულისთვის გავაკეთე ეს,
თქვენ სიმდიდრისთვის!”
კონვეტში კიდევ იდო ერთი პატარა ბარათი წარწერით- ,, ეს თქვენს პაციენტს გადაეცით, კარგად რომ გახდება მერე…”
მეორე დღეს, მამაკაცის, მეწყვილე დაკლული ხარირემის ბღავილივით გამყინავმა ხმამ გაკვეთა სივრცე და ქალაქის ქუჩებს გრგვინვასავით გადაუარა…
ექიმები ეხვეწებოდნენ, დამშვიდდი, გულის ოპერაციას არ უხდებაო ნერვიულობა, თქვენისთანა ნიჭიერი რეჟისორი ჭირდებაო ქალაქს…
თმაშევერცხლილ, ძალაგამოცლულ კაცს კი ფარატინა ფურცელი ეჭირა ხელში და ვერაფრით მშვიდდებოდა…
ვინ მოთვლის მერამდენედ კითხულობდა საფერები თითებით დაწერილ წერილს:
,,ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მაპატიე, სული გადაგირჩინე, სხეულის გადარჩენა კი არ გამომივიდა…
მშვიდობით!..
შენი დრაგუნიე!”
ლამაზი იყო ოხერი: თვალებიდან გამომავალი სულის სინათლით რომ ათინათებს ჰფენდა დამნახველთ…
იმავე მდინარეში დაეხრჩო თავი, რომელშიც სხეულის განბანვას ცდილობდა, გაყიდვის შემდეგ!..
იგივე კაბა ეცვა, რომლის ჯიბით ფული დაჰქონდა სახლში, სიყვარულის გადასარჩენად, გამრუდებული გზით ნაშოვნი ფული!
ნანა ნანო შაინიძე
06.09 2022წ
01:32 სთ.