აბრეშუმის გზაზე უცებ აიწევს ხოლმე ტემპერატურა და ატყდება ამბებიც, მაგრამ მოდით გავყვეთ პროცესებს
მოსკოვმა იცის, რომ როგორც კი აბრეშუმის გზა აღდგება და თვითონ დაკარგავს სატრანზიტო შესაძლებლობებს, მაშინვე ფედერაციის რღვევა გარანტირებული აქვთ და ამიტომ, 28 ოქტომბერს გაისროლეს ოფერი – რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის ერთობლივი ოპერატორი კომპანიის შექმნის თაობაზე, რომელიც მოემსახურება „ჩრდილოეთი – სამხრეთი“ დერეფნის მთელს დასავლეთ მარშრუტს, რათა უზრუნველყოს გამჭოლი ტრანზიტი და ლოგისტიკა. თან მაგალითის სახით მოიტანეს რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანიების მიერ შექმნილი „გაერთიანებული სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია – ევრაზიის სარკინიგზო ალიანსი”.
ამ ამბავს დაემთხვა მოცემულობა, რომ მსხვილი გადამზიდავები ჩინეთიდან ევროპისკენ არ სარგებლობენ რუსეთის რკინიგზით. ამის შესახებ მარტის დასაწყისში დაგიწერეთ, რომ ასე იქნებოდა და ასეც მოხდა. ამჟამად კი, არც კავკასიაზე გამავალი შუა დერეფანია მიმზიდველი მათთვის ხარჯებისა და დროის თვალსაზრისით. ამიტომ, ისინი შემოვლითი, საზღვაო გზით მოძრაობენ.
გამოდის, რომ სპარსეთის ყურედან აზერბაიჯანის და რუსეთის გავლით ივლის ტვირთები და ასევე საზღვაო გადაზიდვებიც დარჩება ისე, როგორც იყო და ამით საქართველო გვერდზე დარჩება. თითქოს რისკები გაგვეზარდა, მაგრამ რაც უფრო მაღალია რისკები, იმდენად მაღალია საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის პოლუს სახელმწიფოდ გადაქცევის შესაძლებლობაც.
პირველი, ჯერ ერთი რა ლოგიკაა, რომ თუ სპარსეთის ყურედან რუსეთის გზით მაინც უნდა იაროს ინდო-ჩინეთის ტვირთებმა, მაშინ გადამზიდავებმა რატომ შეწყვიტეს ჩინეთიდან ევროპამდე რუსეთის რკინიგზებით მოძრაობა?
რა გამოდის, რომ სანქციების გამო რუსულ რკინიგზებს აღარ იყენებენ და ახლა ისევ რუსულ რკინიგზებით ივლიან უბრალოდ სხვა მხრიდან?
მეორე, ვინმეს აზრით, ალიევი ახლა იმ ჭკუაზეა, რომ ერდოღანის თურქეთი სატრანზიტო რუკიდან ჩახსნას და აითოლას ირანს და ველურ ურდოს ჩაებას?
მესამე, დავთვალოთ სამივე დერეფნის სატრანზიტო დრო.
ჩინეთიდან ევროპამდე:
– შემოვლითი საზღვაო გზა 45 დღეა;
– რუსეთის სარკინიგზო გზა 15 დღეა;
– გზა საქართველოზე – 9 დღე.
აი ეს, გამოგონილი მეოთხე “ჩრდილოეთი-სამხრეთის” გზას რაც შეეხება: ჯერ ერთი ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე რეშთი-ასტარას გადასასვლელი სულ პრობლემებითაა დატვირთული და ასევე, ეს მარშრუტი ვერ მოდის თანხვედრაში ტრასეკას ფორმატთან და კიდევ, მუმბაის პორტიდან რუსეთისკენ სატრანზიტო დრო 15-24 დღეა.
დაბოლოს, მოხდება ის, რაც მოხდა 27 წლის წინ, როდესაც თბილისში პირველად ჩამოვიდა აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის პრეზიდენტი – ტერი ადამსი, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მიეღო გადაწყვეტილება – ჩრდილოეთისა და საქართველოს მარშრუტებიდან აერჩია მხოლოდ ერთი ნავთობსადენის მარშრუტი. და მაშინ, პირველად მხოლოდ ამ პროექტისთვის აუცილებელი მილების ტრანსპორტირებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენი გზა ყველაზე მოკლე, სწრაფი და იოლად განსახორციელებელია.
ისე, კი აითოლებმაც კარგად იციან ევროპამდე მისასვლელი უმოკლესი გზა რომელია და ისიც იცოდეთ, რომ კრემლში მსხვილ მასშტაბიან პროექტებს სუსურუკუს დაშლის წინაც იხილავდნენ.
მოსკოვური ჭინთვებისა ნუ შეგეშინდებათ…
9 დღიანი სატრანზიტო დრო კი იქნება მაშინ, როცა საქართველოში დამოუკიდებელი საფონდო ბირჟა გვექნება… რუკები მარშრუტებს არ ამძიმებენ