Zaza Tsurtsumia: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
ჩემმა მეგობარმა და კოლეგა კახა კვაშილავამ, მისთვის ჩვეული პრინციპულობით გააკრიტიკა ახლახანს თბილისში გამოცემული ერთი კომპილაციური ნაშრომი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს (ამ შემთხვევაში აფხაზეთის) ისტორიის გაყალბებით. ფრიად სამწუხაროა, რომ ეს ნაშრომი მოწოდებულია სახელმძღვანელო მასალად მასწავლებლებლებისათვის და დაფინანსებულია ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და გამოცემულია თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ცნობილი, კავკასიური საკითხებით დაკავებული NGO-ს ეგიდით!
ამ ნაშრომის ფუნდამენტური დებულებები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იქნა შემუშავებული სოხუმში, განავითარეს თბილისში და ახლა გვაწვდიან ევროკავშირის მიმზიდველი შეფუთვით! (რამდენადაც ყალბია შინაარსობრივად, იმდენად ბრწყინვალედაა გამოცემული ტექნიკურად და ილუსტრირებული).
ამ დებულებების უსაფუძვლობა, მათი ანტიმეცნიერული და ანტიქართული (არ უყვართ ეს სიტყვა, მაგრამ ასეა) ხასიათი იმთავითვე ცხადი იყო. ბოლო დროს, აფსუა და ქართველი ისტორიკოსების მსგავსი ცრუ დებულებები ამხილა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული წერილებით მკაცრი შეფასება მისცა პარიზში მოღვაწე სოხუმელმა პროფესორმა ბადრი გოგიამ.
ამიტომ არ ვაპირებ მათ ჩემეულ კრიტიკას. სიტყვას დავუთმობ დიდ ქართველ მეცნიერ, აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილს. მისი ნახევარი საუკუნის წინანდელი წიგნიდანაც (საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VIII) დაკვირვებული მკითხველისათვის ცხადი გახდება, რომ მართლაც, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
“არავითარი აფხაზი ფეოდალური ეროვნების კონსოლიდაცია არ მომხდარა, როგორც ამას ამხანაგი ზურაბ ანჩაბაძე ჰგონებს. VIII საუკუნეში აფხაზეთი გამოდის ძველი კოლხეთის, ანუ უფრო სწორად ძველი ლაზიკის (ეგრისის) როლში-მთელი ეგრისის გამაერთიანებლად. იწყებს ამას ბერძენთა (ბიზანტიის) დახმარებით და როგორც ქართული წყაროები მოწმობენ, ქართული ელემენტის თანაგრძნობით, და ასრულებს ბერძენთაგან განდგომით და ქართველად ტრანსფორმაციით.ამ დროს უკვე აღარ იყო დრო აფხაზი ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბებისათვის. აფხაზებზე გაცილებით ძლიერი და დიდი ტრადიციების მქონე ეგრისიც კი არ აღმოჩნდა ამისათვის მომზადებული. მხოლოდ ქართლმა და სომხეთმა შეძლეს და საკუთარი ეროვნული სახით ფეოდალური ურთიერთობების სიმაღლემდე ავიდნენ, სხვები-ისეთი განვითარებული ერთეულებიც კი, როგორიც იყვნენ ალბანეთი და ეგრისი, ძველ სამყაროს გადაყვნენ. ასე რომ VIII-IX საუკუნეები ეს არის ეპოქა არა აფხაზი ეროვნების კონსოლიდირებისა, არამედ ეს იყო აფხაზეთის საბოლოოდ შედგომა ქართულ ფეოდალურ ეროვნებაში “საკონსოლიდაციოდ” (რაკი ეს ტერმინი მოსწონთ) და ქართული ფეოდალური ეროვნების დიდი კულტურული და პოლიტიკური გამარჯვების ნიშანი.
ეგრისული ტომების “კონსოლიდაცია” არ მოხერხდა და ის ქართულმა დაიჭირა, ქართული ფეოდალური სახელმწიფო იშვა, ეგრისში კი ეს არ მოხერხდა და არც არავითარი მეგრელი ფეოდალური ეროვნება არ ჩამოყალიბებულა, არამედ თავისი ადგილი მან ქართულ ფეოდალურ ეროვნებაში ჰპოვა. იგივე ითქმის, კიდევ უფრო მეტი საფუძვლით აფხაზეთზე: ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბებისათვის აფხაზეთს არც კოლხური სახელმწიფოებრივი ტრადიცია გააჩნდა. სწორედ ამიტომ მოხდა “უცნაური” ამბავი: აფხაზთა დინასტია სათავეში ჩაუდგა ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შენებას, ქართული კულტურის სამსახურს.
ზურაბ ანჩაბაძის მიერ ნავარაუდევი აფხაზი ფეოდალური ეროვნების კონსოლიდაციის პირობებში აფხაზთა მეფენი აფხაზური სახელმწიფოს შემქმნელნი უნდა ყოფილიყვნენ, ბერძნულის ადგილას აფხაზური დამწერლობა გაეჩინათ… აფხაზთა ისტორიული სამეფო ყოვლად უარყოფს აფხაზური ფეოდალური ეროვნების კონსოლიდაციას. (გვ. 592-593).”
დავამატებთ მხოლოდ, რომ ეს და სხვა არაერთი პირუთვნელი და სამართლიანი შეფასება და კრიტიკა, სოხუმში აფსუათა საპროტესტო გამოსვლების გამო, 1970-იან წლებში ამოღებულ იქნა თბილისში, ნ. ბერძენიშვილის “საქართველოს ისტორიის საკითხების” ტომეულებიდან და ხელახალი, სრული სახით გამოცემა ეღირსა მხოლოდ 1990 წელს.