მ ი ლ ო ც ვ ა
მაღალო გამჩენო, შემოქმედო სამყაროსი – ყოველივე სულიერისა და უსულოსი, ყოვლის მცოდნევ და მჭვრეტელო წარსულის, აწმყოსი და მომავლისა, ყოვლადძლიერო მეუფევ ცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის, კაცთა მოდგმის ენითუთქმელად მოსიყვარულე მამავ სამართლიანო და სიმართლით მოსილო, დაე, იყოს შენი ხელმწიფება უკუნისამდე. ჩვენ კი, შვილები შენი – შეგვიწყალე და დაგვამკვიდრე შენს წიაღსა შინა, რადგან მხოლოდ შენს უკიდეგანო გულმოწყალებას ძალუძს ამ ცოდვილი სამყაროს შეწყალება და ბედნიერი მომავლის ბეჭდით დაბეჭდვა ამ ახალ წელსაც და უკუნისამდე, მხოლოდ შენ, მაღალო გამჩენო – სხვას არავის!
დიდი დღესასწაული გახლავთ როშ ჰაშანა მთელი ქვეყნიერებისათვის, მას უდიდესი სულიერი დატვირთვა აქვს, რადგან ამ დღეს დაიწყო გამჩენის და ადამიანის ურთიერთობა – ადამიანისა, რომელსაც თავისივე ამონაბერით ჩაუდგა სული ღმერთმა. მანამდე? მანამდე იყვნენ ანგელოზები, რომელთაგან განსხვავებითაც ადამი არჩევანის უფლებით დააჯილდოვა შემოქმედმა და ამდენად, უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა კაცობრიობას, რათა ეს არჩევანი ისე გავაკეთოთ, რომ სათნო იყოს უფლისათვის. სწორი მიმართულებისთვის კი უამრავი ნიშანი დაგვიტოვა. მთავარი გზამკვლევი თორა გახლავთ – წყარო სინათლისა და სახელმძღვანელო უფლის ჩანაფიქრის განხორციელებისა. და ჩვენ წლიდან წლამდე ვკითხულობთ თორის საკვირაო თავებს ციკლურად და ყოველ ჯერზე ახალი ჭეშმარიტება გვეხსნება, კიდევ და კიდევ უფრო ღრმა და კიდევ და კიდევ უფრო დიდი, რომელიც შარშან ვერ დავინახეთ და ვერ დავიტიეთ. და ახლა, ებრაული წელთაღრიცხვის 5784 წლის დასაწყისიდან თავიდან დავეწაფებით წიგნთა წიგნის სიცოცხლისა და სიბრძნის წყაროს.
მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი სინათლე და მადლი დავიტიოთ, საჭიროა სული განვისპეტაკოთ და მთელი გულით შევთხოვოთ შენდობა გამჩენსა და ერთურთს. რადგან მხოლოდ სუფთა ჭურჭელი, წრფელი გული გახლავთ ალაგი, სადაც გამჩენი შემობრძანებას და დამკვიდრებას ინებებს.
მთელი მსოფლიოსთვის რთული და ტკივილიანი გახლდათ 5783 წელი. რომელი ერთი შეგვიძლია გამოვყოთ? – უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფები, დაუსრულებელი ომი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა და ჯერ კიდევ არ უჩანს ბოლო, ზესახელმწიფოების ჩამოშლილი ეკონომიკები და ინფრასტრუქტურები, პოსტპანდემიური რეაბილიტაცია არ დასრულებულა და ახალი ეპიდემიების მოსალოდნელი საშიშროება დააანონსეს მსოფლიოს ჯანდაცვის მესვეურებმა… და უკვე დიდი ხანია, გლობალურ და ლოკალურ საინფორმაციო სივრცეში ცუდი ამბები გაცილებით მეტია, ვიდრე კარგი – გაცილებით მეტი…
ისრაელი ყოველდღიური ომის რეჟიმში ცხოვრობს, რამდენი მსხვერპლი შეიწირა პირსისხლიანმა ტერორმა უმოწყალოდ? რამდენჯერ დაგვატეხეს თავზე „ბომბების წვიმა“?..
ესეც და სხვა ყოველიც გამჩენისაგანაა, რათა გონს მოვეგოთ, რათა არ დაგვავიწყდეს ვინაა არსთა გამრიგე – მრისხანეცა და გულმოწყალეც, როგორიც მხოლოდ უკიდეგანოდ მოსიყვარულე მამას შეუძლია იყოს, რომელსაც მხოლოდ სიკეთე სურს თავისი შვილებისთვის.
და ყოველივე ამის შემდეგ ნუთუ რჩება კიდევ კითხვა: რისთვის უნდა ვილოცოთ გამჩენის წინაშე?
ინებოს ღმერთმა და დასრულდეს წელი თავისი წყევლებით – სირთულეებით, ავადმყოფობებით, კატასტროფებით, ტერორით, ომით… ყოველივე ცუდით და დაიწყოს წელი სიკეთით სავსე კურთხევებით.
სიყვარულით ვულოცავ ყველას ახალი, 5784 წლის დადგომას. გისურვებთ მშვიდობას, წარმატებებს, სულიერ და ხორციელ ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას. იხარეთ, იდღეგრძელეთ, მომაღლდით და მოშენდით, იბედნიერეთ მრავალჟამიერ.
დაე, ამ წელიწადს მთელი მსოფლიო დაბეჭდოს მაღალმა ღმერთმა სიკეთის ბეჭდით!
ა მ ე ნ !
იაკობ გაგულაშვილი
მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი
იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლე
İrina Biblieshvili