ბატონებო,
ბაში აჩუკი ჯერჯერობით არასადა ჩანს, აფხაზეთის ისტორიასთან დაკავშირებით კი ყიზილბაშთა შემოსევაა ირგვლივ. ამად, თავი მოვალედ ჩავთვალე, ერთი კოლეგისა არ იყოს „ ამ საკმაოდ ვრცელი პოსტით“ შევეხო აფხაზეთის ადრეული ეთნიკური ისტორიის საკითხებს და მოკლე, თეზისური სახით გადმოვცე მისი ჩემეული და ვფიქრობ ობიექტური ხედვა, რაც ეყრდნობა არქეოლოგიას, უცხოურ წყაროებს და ქართველ ისტორიკოსების მიერ მათ ანალიზს. აქვე შევნიშნავ, რომ IX-X ს. “აფხაზთა სამეფოს” ქართველობა, გვიან ფეოდალურ ეპოქაში აფსუა ტომის აფხაზეთში შემოსვლა, ქართველთა გააფსუება და ა.შ. ამათ არ შევეხები. ეს ისედაც ცხადია და ამაზე დავა დიდად არც ყიზილბაშებს გამოსდით. მიმოვიხილავ მხოლოდ ანტიკურ ხანას.
დავიწყოთ, აი საზეპირო თეზისები
- ძველ წ. აღ. II ათასწლეულში მთელ დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ჩათვლით ერთიანი კოლხური კულტურაა წარმოდგენილი (ო.ჯაფარიძე). კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელია ბრინჯაოს ნივთების განძი, 200-მდე ასეთი განძიდან სამოცდახუთი აფხაზეთშია აღმოჩენილი, სადაც ბრინჯაოს წუნდებული იარაღები-კოლხური ცულები ხელმეორედ გადასადნობად იყო შენახული. (გალი, ბიჭვინთა, ლიძავა, განთიადი). ეს განძები გვხვდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში და წყდება ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებში, რაც გამოწვეულია რკინის მეტალურგიაზე გადასვლით. კოლხური კულტურა მიწათმოწმედთა კულტურაა და ეს იარაღებიც სწორედ ამისთვისაა გამიზნული. მიწის დასამუშავებელი ბრინჯაოს თოხები მთელ კოლხეთშია გავრცელებული, მათ შორის აღმოჩენილია ეშერაში. (ჯონი აფაქიძე.)
- აფხაზეთის ტერიტორია ძვ. წ. VII საუკუნიდან შედის კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. (ო.ლორთქიფანიძე, დ. კაპანაძე)
- ძვ.წ. VI საუკუნიდან აფხაზეთში მხოლოდ ქართული ეთნიკური ელემენტი ფიქსირდება -კორაქსები, კოლხური ტომი, კორაქსების კედელი. (ჰეკატე მილეთელი VI ს.) აქ კორაქსის კედელი ნიშნავს სიმაგრეს ბზიფის ხეობაში, გაგრის იწროებთან. (ნ. ლომოური, ბ. კუფტინი).
- სკილაქს კარიანდელი (ძვ.წ. V საუკუნე) -“… ამის შემდეგ, ტომი კოლხები, ქალაქი დიოსკურია, ელინური ქალაქი გიენოსი” (ოჩამჩირის რაიონი, ბერძნული ფაქტორია).
- ჰელანიკე მიტილენელი ((ძვ.წ. IV საუკუნე) -“კერკეტებს ზემოთ ცხოვრობენ მოსხები, ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი კორაქსები.”
ამრიგად, ძირითადი წყაროების მიხედვით, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე (და მის ფარგლებს გარეთ ჩრდილოეთით ლოკალიზაციაზეც) ანტიკურ ხანაში დაფიქსირებულია ეს ტომები.
6.ამათგან, კორაქსები რომ კოლხები არიან ამას პირდაპირ მიუთითებს ანტიკური წყარო. მადლობა მას 😊 კოლხები რომ მხოლოდ ქართველები არიან, ამას იდიოტის გარდა ვერავინ უარყოფს. - ჰენიოხები სანიგები ანუ სვანები არიან (ი. ორბელი), მეგრელები არიან (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, პ. ინგოროყვა, გ, მელიქიშვილი, აკ. ურუშაძე, თ. ყაუხჩიშვილი, მ. ინაძე, ბ. გოგია).
- კერკეტების ჩერქეზებთან დაკავშირება უსაფუძვლოა, ჩერქეზ-კერკეტის ანალოგია უადგილოა, რადგან ჩერქეზ მოგვიანებით მუსლიმურ წრეში შექმნილი სახელია. კერკეტ ბერძნულად ნიშნავს მეეტლეს, იგივეს ნიშნავს ჰენიოხი, რომელთა ტერიტორიაზეა ქ. ძველი ლაზიკა (ტუაფსესთან). ამასთან კერკეტი უკავშირდება ეგრ-ს, რომელსაც ანტიკური წყაროები კეგრიტიკ და ეკრეკტიკად მოიხსენიებენ (პტოლემეოსი, პლინიუსი, გ. მელიქიშვილი)
- ჩვენ ვნახეთ, რომ მოსხები (მასხები, მესხები) ფიქსირდებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე ანტიკური წყაროების მიხედვით. აქ უნდა მოვიხმოთ ივ. ჯავახიშვილი, რომელსაც ხშირად ეყრდნობიან, თითქოს ის აფხაზებს ქართველთაგან უცხო ტომად თვლის. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ნიკო მარი მართალია, როცა აფხაზების ძველ სახელწოდებას „აბასხი“-ს აკავშირებს „მასხი“-სთან. ჯავახიშვილი აქ იმასაც შენიშნავს, რომ ლეკები თუშებს დღემდე მოსოხს- მესხს ეძახიან. ვფიქრობ, აქაც ნათელია ყველაფერი. მესხებს ქართველობა ეჭვმიუტანელია. ამიტომ გასაკვირია რას ერჩიან პ. ინგოროყვას, რომელმაც მხოლოდ ლოგიკურ დაკვნამდე მიიყვანა მარისა და ჯავახიშვილის მოსაზრება და ძველი აფხაზეთის მოსახლე აფხაზები სწორად მიიჩნია მესხებად, ანუ მხოლოდ ქართველებად და არავინ სხვად. მესხების აფხაზეთში ყოფნას ასაბუთებს თ. მიქელაძე და მ. ინაძე სტრაბონსა და პროკოპი კესარიელზე დაყრდნობით.
- რაც შეეხება აფსილ-აბაზგებს, რომლებიც წყაროებში ჩნდებიან ახალი წ.-დან და უდავოდ სახლობენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ საკითხავიც ეს არის ვინ არიან ისინი ეთნიკურად?
ა) დიოსკურია და ბიჭვინთა კოლხური ქალაქია, დიოსკურიის მახლობლად სვანთა ძლიერი ტომია, მეტიც სამეფო- ამას წერს სტრაბონი, დიოსკურის კოლხურობაზე წერს პლინიუს უფროსი.
ბ) ფლავიუს არიანე 134 წ. ახსენებს აფსილებსა და აბაზგებს, ასევე სანიგებს, რომელთა მიწაზეა სებასტოპოლისი (ძველი დიოსკურია, სოხუმი). სანიგები ვიცით-ქართველები არიან. იგივე ფლავიუს არიანე თანამედროვე ქ. ტუაფსესთან იხსენიებს ქ. ძველ ლაზიკას, ხოლო კლავდიოს პტოლემაიოსი თავის „გეოგრაფიის სახელმძღვანელოში“ გაგრის მიდამოებში აფიქსირებს სვანოკოლხებს! ვფიქრობ ნათელი სურათია, არა?
გ) ამ დროისათვის აფშილთა და აბაზგთა მიღებული ლოკალიზაცია ასეთია-აფშილები თანმედროვე გულრიფშის რაიონში, ნაწილობრივ ოჩამჩირეში, აბაზგები-გუდაუთა-გაგრის მთიან ზონაში, სანაპირო სანიგებს და სვანოკოლხებს უკავიათ.
დ) აფშილ აბაზგთა ეთნიკური ვინაობა: ქართულ საისტორიო ლიტერატურაში მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის ჩანართით, მეცამეტე საუკუნის თამარ მეფის ისტორიის თხრობაში, ჩნდება ტერმინი „აფსარი“. აფსარი, ქართლის ცხოვრების გამომცემლის ს. ყაუხჩიშვილის განმარტებით დასავლურ ქართული ტომია. პირველად აფსუა-აბაზგები თანამედროვე აფხაზთა (აფსუათა) წინაპრებად მარი ბროსემ გამოაცხადა. შემდგომ ნ. მარმა, თუმც იგივე შემდეგში წერდა რომ აფხაზური ენა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა, ხოლო მეგრელ ჭანებს უძველესი დროიდან ეკავათ მთელი შავიზღვისპირეთი ანაპამდე. აფშილების საკითხის შესწავლის შედეგად დ. მუსხელიშვილი ასკვნის, რომ „აფშილს“ ფორმალურ ლინგვისტურად, ქრონოლოგიურად და გეოგრაფიულადაც არავითარი საერთო აქვს აფსუასთან და ის ერთ-ერთი ქართველური ტომია. აფსილთა საკითხზე მნიშვნელოვანია აფხაზური ენის ცნობილი სპეციალისტი პროფ. თ. გვანცელაძის დასაბუთება, რომლის მიხედვით, აფსილის და აფსუას სემანტიკა არის განსხვავებული და საყურადღებია სადაურობის აღმნიშვნელი ქართული სუფიქსი – ილ.
ე) აფხაზი, აბასხი, აბაზგი როგორც ქართული ტომი და არა აფსუა, გვხვდება პ. ინგოროყვას ცნობილ ნაშრომში „გიორგი მერჩულე“. რის საფუძველზე მიიჩნია ინგოროყვამ აფხაზი მესხად ანუ ქართველად, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. ეს მოსაზრება გაიზიარა გ. ჩიტაიამ და გ. ახვლედიანმა. პარტიული დავალებით ის გააკრიტიკა ნ. ბერძენიშვლმა მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჯერ კიდევ 1951 წ. „მერჩულეს“ გამოცემამდე იგი კერძო წერილში (SIC!) წერდა, რომ ბედია აფშილეთში, დაარსებულია მეგრელთა ეპონიმის ეგროსის მიერ და აფშილ აბაზგები არ იდგნენ უფრო შორს იბერ-ლაზებისგან, ვიდრე სვანები თუ მესხები. ნ. ბერძენიშვილის შემდგომი, უფრო გამოხატული და პრინციპული პოზიცია აფხაზთა ეთნიკურ წარმოშობაზე კი უკვე ღიაა და კარგადაა ცნობილი, რამაც მისი აფხაზეთისადმი მიძღვნილი წიგნის აკრძალვა (სოხუმიდან დაჟინებული მოთხოვნით) გამოიწვია და ხელახლა სრული სახით მხოლოდ 1990 წ. გამოიცა.
ვ) აკადემიკოსი თ. გამყრელიძე უარყოფს რომ „აბაზგი“ შეესაბამება „აბაზას“ (შესაბამისად აფსუას, რასაც ამტკიცებენ სეპარატისტები). გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პირველადი, ქართული ფორმა არის სწორედ „ აფხაზი“ „აბხაზი“, რომელიც ბერძნულში შევიდა „აბაზგ“ ფორმით. გამყრელიძე ასკვნის, რომ აფხაზ-აბაზგები ძველკოლხური ტომი იყო, სვანთა და მეგრელთა ახლო მონათესავე.
ზ) და ბოლოს, ენგურ-ფსოუს შორის, აფსუათა აფხაზეთში შემოჭრა-გავრცელებამდე, ანუ გვიან ფეოდალურ ეპოქამდე არ არის არც ერთი ტოპონიმი დაფიქსირებული რომელიც აფსუა-აბაზა ენით აიხსნება! ამავე დროს აფხაზეთში, ანტიკურ წყაროებში დაფიქსირებული ტოპონიმები ქართულია! – პიტიუნტი -ბიჭვინთა, ტიბელეოსი -წებელდა, დარინი, ძახარის(ჩხალთის ციხე). ბუკოლუსი (ბოკერი), მოქვი, ჯიხახორა, სკოტორი, მუკორისი, ფუსტას ციხე…
ამრიგად, ვფიქრობთ ნათელია უსაფუძვლობა მათი, ვინც დღევანდელ აფსუას კვალს აფხაზეთში ანტიკურ ხანაში ეძებს და აფსუებს მერმინდელი, საქართველოს დამფუძნებელი „აფხაზთა მეფეების“ წინაპრად იხსენიებს. აფხაზთა მეფეები ნამდვილად იყვნენ საქართველოს შემქმნელები და საქართველოც აფხაზეთად იწოდებოდა, ოღონდ ამას არავითარი კავშირი არა აქვს თანამედროვე აფსუა-აბაზასთან.
და ვერავითარი, თუნდაც კონიუნქტურული, „კეთილშობილური“ მიზნებით არ შეიძლება საკუთარ ფესვებზე უარის თქმა და დათმობა იმისა რაც შენია. ამას არც ისტორია არც მომავალი არ გვაპატიებს.
მადლობა ყურადღებისთვის.