მე ძალიან მომწონს ჩემი ქალაქის ამჟამინდელი სახელი „სოხუმი“. ძალიან მომწონს.
მაგრამ „სოხუმი“ ოსმალური ფორმაა (سهوم // Suhûm) ქართული (სვანური) „ცხუმისა“: თურქულში არარსებული „ც“ აფრიკატი „ს“-ში გადმოიცა, ხოლო თანხმოვანთა გამყარად ფუძისეული „უ“-ს მიმსგავსებით „უ“ ვიწრო ხმოვანი ჩაისვა და მივიღეთ „სუხუმ“.
პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე ყოველთვის ხმარობს ჩვენი ქალაქის ძველ, ნამდვილ ფორმას „ცხუმი“ და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დეოკუპაციის ერთ-ერთი ფორმაა, სოხუმისთვის მისი ძველი, ისტორიული სახელის „ცხუმის“ დაბრუნება.
სიმართლე გითხრათ, ძალიან მეხამუშებოდა თავიდან. მაგრამ თანდათან ყურმა შეუშვა და გონებაც ღებულობს „ცხუმს“.
დღეს ქართული „თურქოლოგიის“ ფუძემდებლის, აკადემიკოს სერგი ჯიქიას „გურჯისტანის ვილაიათის დიდ დავთარში“ ცნობილი მეცნიერის ამ ჩანაწერს წავაწყდი:
„ვფიქრობ, ნორმალურად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ „ცხუმის“ სახელად დაკანონებული გვაქვს აშკარად გადაგვარებული (გადათურქულებული) „სუხუმ“-ი“.
ალბათ, დეოკუპაცია აფხაზეთის ისტორიის წარსულის გადააზრებაშიც უნდა მოვახდინოთ და მათ შორის „ცხუმის“ დაბრუნებაში.
გაისად ცხუმში, მეგობრებო!
