ასიმე ბებო
დღეს პირველი მარტია…
იები უკვე დიდი ხანია აყვავილდნენ, მაგრამ სოფელში არ ავსულვარ.
ეს პატარა სასწაულები ყველგან მიხარია და ვეფერები.
იქნებ მაჭახლის იებს სხვა სურნელი ასდით , მაგრამ ერთიცაა , თუ სადმე მათ წავაწყდი, ისინი ბებოს დანატოვარი მოკითხვა და სიყვარული მგონია.
ეს სიზმარი წუხელ ვნახე.
ისევ პატარა ვიყავი.
იის ყვავილობა იყო.ბებოს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი.ყველა ადგილი მოვირბინე,სადაც იები ყვაოდნენ,მაგრამ ბებო არსად ჩანდა.ბოლოს მამასთან მივირბინე და ვთხოვე, მთელი სოფლის იები ჩვენს ეზოში გადმოერგო . მამამ ცოტა არ იყოს გაიკვირვა,მაგრამ არაფერი უკითხავს, აიღო ნიჩაბი და ბელტებად ამოღებული იები სახლთან მოსვლამდე,ხიდისპირა ბორცვზე დარგო.როცა საქმეს მორჩა მკითხა,ასე რატომ მოიქეციო.მეკი ვუპასუხე
-ბებია იის ბილიკებით დადის და იქ გაჩერდება,სადაც ყველაზე ბევრი ია იქნება თქო.
მამამ ხელში ამიყვანა და მკერდზე მიმიხუტა.ვგრძნობდი,როგორ მკოცნიდა ჩუმად და თმებზე მეფერებოდა.ასე ვიდექით დიდხანს და თვალებს ბებიას მოლოდინში აქეთ – იქით ვაცეცებდით.ის კი არ ჩანდა.ბოლოს მამა დაიღალა და კუნცხზე ჩამოჯდა.კალთაში ჩავუჯექი მაშინვე და აქვითინებული ყელზე შემოვეხვიე .
-მოვა შვილო,აუცილებად მოვა ბებია,-მამშვიდებდა მამა.
ის იყო , უნდა ჩამძინებოდა,რომ სიხარულისგან ლამის ვიკივლე, მამიკოს გვერდით ბებია დავინახე, ჩემი თეთრლეჩაქა და მომღიმარი ბებია. ის შვილის დამტვრეულ ფეხებთან დაჩოქილიყო და თავისი უებარი ლოცვით უყუჩებდა ტყივილს.
მაშინვე გავისუსე. ყოველთვის ასე ვიქცეოდი ხოლმე, როცა ქეჩხოზე დამუხლულ ბებიას შევუსწრებდი უნებურად ლოცვისას…
ახლაც ლოცულობდა ბებო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საერთოდ ვერ მამჩნევდა…
ცოტათი მეწყინა,მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ…
არ ვიცი,მას შემდეგ რამდენი დრო გავიდა,როდის გავიზარდე,საიდან გაჩნდნენ ჩემი ანგელოზი შვილები.არც ის ვიცი, საითკენ წავიდნენ მამა და ბებია…მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ იქ, მაჭახელში, ჩვენი ეზოს ხიდისთავზე, მუხლჩაუხრელად დგას და გაფაციცებით გველოდება ჩვენი ასიმე ბებო,რომელიც სოფელში ასულებს სიხარულით გვეგებება და უკან წამოსულებს თავის წილ ლოცვას გვაყოლებს საგზალივით.
ახლა წვიმს…
მალე ჩემი სოფლის კერე-კუჩხე ტყის მარწყვებით აივსება.ვიცი, ჩემს ბებიას აუცილებლად მოენატრება თავისი ზითვალაი ბადიშები და თვრამმეტ მაისამდე დღეებს თითებზე დაითვლის. ჩვენ კი აუცილებლად ავალთ სოფელში , რომ ძველი სახლის დირეღებს ბალანი ავუბურძგლოთ ,ხმაურით ეზო-კარში მიმალული ჭინკები დავაფთხოთ და ბუხარში შედგმულ ჯირკვს სული შევუბეროთ, რათა გამჭვარტლულ საკვამურში ასულმა ბოლმა ჩვენი ამბავი აიტანოს ზევით.