
მზია სალვარიძე
გვერდით განდგომა
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ხასიათში…
საკუთარ თავთან დაბრუნების დროა.
კი არ დავიღალე და გამოვიფიტე,
პირიქით, ზედმეტად ავიმღვრიე სული და დაწმენდვის დროა…
არსად მივდივარ, უბრალოდ გვერდით ვდგები
და საკუთარ თავთან ხელჩაკიდებული ვაგრძელებ სვლას…
თუ არ დავბრუნდი, ჩამანაცვლეთ.
გაცვეთილი ფრაზებით მომიგონეთ
და როცა იმ ფაზაში შეხვალთ,
მეხსიერების გადატვირთვას რომ დაიწყებთ,
მუხლებზე დაწყობილი ხელები ცისკენ აღმართეთ
და უფალს მადლობა შესწირეთ ჩემგან განკურნებისთვის…
მე კი ჩემს ნაკვალევს
აუცილებლად წამოვკრეფ თქვენი ბილიკებიდან და გრაგნილებად ავახვევ,
ჭერში კომბლებად შემოვაწყობ
და თუ თქვენი მონატრება შემომიტევს,
ჩამოვიღებ და გამოსაფხიზლებლად თავში ჩავირტამ,
ანაც საკუთარ ხელით გავიტყავებ ტანს,
ამოვიგლეჯ სულს და დავფხვნი, დავჩეჩქვავ…
ყველაფერს ვიზამ, აი, ყველაფერს…
და სახალხოდ დავდებ პირობასაც,
რომ არც ბატონებად,
არც ვირუსულ ციებ-ცხელებად,
არც გზად,
არც კედლად,
არც პირისპირ შეგეყრებით
და სამუდამოდ განკურნებულთ გაქცევთ წარსულად …