მედეა ჯუღელი – პირველი ქართველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი.
მედეა ჯუღელი – პირველი ქართველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი.
დაიბადა ქუთაისში, 1926 წლის 1 აგვისტოს და სპორტულ ტანვარჯიშში ვარჯიშიც იქვე დაიწყო.
პირველი გამარჯვება 1946 წელს იზეიმა: ბჯენით ხტომაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
ერთი წლის შემდეგ წარმატება გაიმეორა, კარიერის დასრულებამდე კი ეს ტიტული კიდევ ხუთჯერ მოიპოვა.
სხვადასხვა დროს იყო მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.
1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, XV ოლიმპიურ თამაშებში მედეა ჯუღელი გუნდურ პირველობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა, საგნით ჯგუფურ ვარჯიშში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ტანმოვარჯიშის კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს და სსრკ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს, 1991-2005 წლებში საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, 2005 წლიდან კი საპატიო პრეზიდენტი.
იყო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებული გახლდათ ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის და ღირსების ორდენებით.
ლეგენდარული ქართველი ტანმოვარჯიშე 2016 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.