მე და ბუნება
დარიალებდა ქარი მწივანა,
ცაცხვის ხე იდგა წარბშეუხრელად,
ტოტებგაშლილი და გაფოფრილი,
შარიშურობდნენ მხოლოდ ფოთლები…
ვიდექ ხის ძირას,
ფოთლებივით ცახცახებდნენ აზრის ალები,
მინავლდებოდა, ხანაც მძლავრობდა,
მერე კი ლაღად აელვარდა როგორც კოცონი
და მოეფინა ეს სხივები არსებას ჩემსას.
ასეთი შუქი ანათებდა იმ ღამეს ყველას:-
-პეპელას,ბალახს,
ხეთა ჩეროს,
გუბეებს წყლისას…
გადადიოდა არსიდან არსში
ეს ცნობიერი თეთრი სინათლე
და იდგა წამი უბრწყინვალესი-
მე და ბუნება ერთი ვიყავით.