ქართველის მონოლოგი
აიეტიდან მოვდივარ –
ოქროს საწმისის მფლობელი,
აღმაშენებლის ლოდი ვარ,
გელათის საგალობელი.
ისეთი ქვევრის ღვინო მაქვს,
ისეთი ვაზის ჯიშები,
მთვრალიც ჩაიდენს გმირობას,
გაუქარწყლდება შიშები.
ვუმღერი დედაშვილობას,
დაჭრილ გულს დრო გაამრთელებს,
ვუქებ მამულიშვილობას
მსხვერპლად შეწირულ ქართველებს.
ლექსს ვუწერ იმათ ცხოვრებას,
ვინც იყო ერის სინდისი…
ყოველთვის მემახსოვრება:
ცხრა აპრილი და შინდისი.
მანცვიფრებს ფრესკა თამარის –
ბეთანიაში ნახული,
საქართველოა! – აქ არის
ბანა, ოშკი და ხახული.
მსურს მოვილოცო სამთავე,
ვიმოგზაურო წარსულში,
მოვკვდები, დამასაფლავეთ
ამ ჩემს სალოცავ მამულში.
წელგამართული დავდივარ,
არც რა მჭირს სანანებელი,
გორგასლის მუზარადი ვარ,
რუსთველის ნიჭის მქებელი.
ვკითხულობ ,,ვეფხისტყაოსანს“,
მაოცებს შოთას აზრები,
ვითარცა დედას შაოსანს,
მელიან ჩემი ტაძრები.
გავჩნდი… შუბლზე მცხეს მირონი,
წყალობას ღვთისგან მოველი,
ალავერდიც მაქვს, ილორიც,
იყალთოც, სვეტიცხოველიც.
კვლავ სიამაყის განცდით ვწერ,
სულშიც მინთია სანთელი,
როს მიწა გულზედ გადმიწვენს,
ცაშიც ვიქნები ქართველი.
ოთარ რურუა
2024