Kakaha Kvashilava
ფეისბუკში გავრცელდა ცნობა, რომ ქართველმა მეღვინემ ჩამოასხა „აფხაზური ჯიშის“ ყურძნის „ამლახუს“ ღვინო. აქებენ მეღვინეს და ამ პროექტს ქართულ-აფსუური ურთიერთობების გაუმჯობესების პროექტად სახავენ.
მეც შევუერთდები ქებაში და მადლობასაც ვიტყვი, რომ ეს ჯიში, რომელიც ისედაც მწირია, განადგურების პირასაა (ეს შიში მეღვინეებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დააფიქსირეს როგორც გაქრობის პირას მდგარი), სანაქებო სასმელით ხელახლა გააცნო ქართულ საზოგადოებას.
მაგრამ რატომაა ეს ჯიში აფსუური, ცოტა არ იყოს გაუგებარია. ჯერ კიდევ „ნართების“ ეპოსში კარგად ჩანს, რომ აფსუათათვის სრულიად უცნობი იყო ყურძენი და ეს მათი კულტურის ნაწილი არ იყო.
რა თქმა უნდა, ყველა ითვისებს და შემდგომ მისი კულტურას შეესისხლხორცება სხვათაგან შეთვისებული. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენი ტრადიციული ყოფა, ენა, მეურნეობა სხვათა ელემენტებს შეიცავს. აქ გასაკვირი არაფერია. ამიტომაც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოსახლებულმა აფსუებმა, ბუნებრივია, შეითვისეს ყურძენიც და ღვინის კულტურაც. თუმცა, არცერთი წყარო (გვიანდელი პერიოდისაც კი) არ მიუთითებს, რომ მეღვინეობა მათი სამეურნეო კულტურის ნაწილი გახდა.
„ამლახუ“, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს კონსტანტინე მაჭავარიანმა გაარკვია, მომდინარეობს ქართული გვარიდან – ამილახვარი. ყურძნის სახელიც „ამილახვარის“ გააფსუებულ ფორმას გვიჩვენებს. ამ მოსაზრებას სრულიად იზიარებს ცნობილი აფხაზი ენათმეცნიერი ხ. ბღაჟბა. სხვათა შორის, ცნობილმა ქართველმა აფხაზოლოგმა, ენათმეცნიერმა, პროფესორმა Teimuraz Gvantseladzeმ გვითხრა, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში აფხაზეთში, კერძოდ, გუდაუთის რაიონში, ექსპედიციებისას, ადგილობრივმა ინფორმატორებმა დაუდასტურეს, რომ ამლახუ „ვიღაც ქართველმა თავადმა ამილახვარმა შემოიტანა 1800-იანი წლების მიწურულს“. აქედან გამომდინარე, სუსტი ჩანს ბ. ჯანაშიას მცდელობა, ახსნას დასახელება აფსუური ენის საფუძველზე და, თითქოს, ამლახუ „მშიერი კაცის დაპურებას“ ნიშნავს. თ. გვანცელაძის შენიშვნით, სახელწოდება პირდაპირი თარგმნით „შიმშილის წილს“ ნიშნავს, რაც სემანტიკურად არაფრით არ ეთანხმება ს. ჯანაშიას ინტერპრეტაციას.
აქედან გამომდინარე, „ამლახუ“ ქართული ჯიშის ყურძენია.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, დავუტოვოთ, რა მოხდება, თუკი ეს შეგვარიგებსო.
შერიგებას და მშვიდობას წინ ვინ დაუდგება, მაგრამ ეს პროცესი სამართლიანობას უნდა დაეფუძნოს. როცა „ამლახუზე“ ვიღაც წერს, უძველესი აფხაზური ჯიშია და ამას აფხაზური ეტიმოლოგიაც (ბ. ჯანაშიას საფუძველზე, რაც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, სრულიად უსაფუძვლოა) ადასტურებსო, ისევ და ისევ ჩვენს ისტორიულ წარსულს დიდ ზიანს ვაყენებთ. დღეს აფხაზი კოლეგები „გვიმტკიცებენ“, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველს არასდროს უცხოვრია და იქ არსებული ეპიგრაფიკა ქართველთა მიერ გვიანდელ ეპოქაში განხორციელებული ნაყალბეობაა. მაგალითად, ასეთად „მიაჩნიათ“ ლიხნის ეკლესიის ცნობილი წარწერა კომეტის გამოჩენაზე ( https://www.facebook.com/photo/?fbid=10222810845756530&set=a.1042805787208 ). სხვათა შორის, ზოგიერთი ჩვენებური იმასაც „გვიმტკიცებს“, რომ ლიხნი აფსუური კულტურის ნაწილია. მაგრამ ამაზე სხვა დროს.
ჩვენი აფხაზი კოლეგები, ბაგრატ III-დან მოყოლებული გიორგი ბრწყინვალემდე ყველა მეფეს აფსუად სახავენ. ის დიდი სამეფო კი, აფსუური ყოფილა. ისე კი გიორგი ბრწყინვალეზე მწყინს, რა ვერ გააკეთა ამ სულნათელმა აფსუათა მოსაწონი, რომ მის მეფობაზე მტკიცე უარი თქვეს?!
სხვათა შორის, ამილახვრებიდან მოდის დიდებული სამურზაყანოული გვარი ემხვარებისა. თუმცა არ ვიცით, ეს პირდაპირ გვარიდან მომდინარეობს, თუ – თანამდებობიდან.
ჰო, ასეთი დათმობების გამო, ამ პოსტს თბილისიდან ვწერ, ნაცვლად ცხუმ-სოხუმისა…
აფხაზებს ქართველებზე დიდი ძმა და გულშემატკივარი არავინ ჰყავთ!