„მასიაჰ ქამ!
ბე-ემეტ ქამ!“
იომრიშონის (ივრ.: პირველი დღე შაბათის შემდეგ; ძვ. ქართ.: ერთშაბათი) დილით საფლავისკენ გაეშურნენ ქალები, ცხედრის გასაპატიოსნებლად…
არადა, ბევრჯერ მოესმინათ, რომ მკვდრეთით აღდგებოდა.
არა, ძნელია ამის დაჯერება. არავის უნახავს მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულნი.
წმიდა წიგნებში ამოეკითხათ, წინასწარმეტყველ-მამამთავარ-მოციქულთაც დაედასტურებინათ ამ ამბის ჭეშმარიტება.
მაგრამ…
მაგრამ არავის ენახა. მხოლოდ სიტყვით გაეგონათ. მეტი არაფერი. მხოლოდ ერთი ენახათ – ლაზარე. ისიც რომ ნაზარეველის ბრძანებისამებრ გამოვიდა საფლავიდან.
ლაზარეს დები – მართა და მარიამიც სხვებთან ერთად მიემართებოდნენ ნაზარეველის განსასვენებლისაკენ, მაგრამ…
….ისევ, მაგრამ…
…ჰო, გუშინწინ ნაზარეველი ჯვარზე რომ მიიცვალა, საფლავიდან წლების წინ მიცვალებულნი აღდგნენ და ნათესავ-ახლობლებს ეჩვენენო.
ასე გაეგონათ, მაგრამ არ ენახათ…
ეჭვი საშიშია, თუ შემოგეპარა გულსა და გონებაში, არ მოგეშვება არაფრით.
ჰოდა, მიდიოდნენ, რადგან გლოვობდნენ უსამართლოდ მართალი ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვას.
როგორ ამბობდა ის ბრბო, მისი სისხლი ჩვენზეო?!… განა მართალი, უდანაშაულო ადამიანის სისხლი სასჯელად არ მოევლინებათ?! ღმერთი სამართლიანია.
ადონაი, შეგვინდე ჩვენი უგუნურება და ბოროტება, შეგვინდე, მართალი ნაზარეველის სისხლი…
გულში ლოცულობდნენ და ჩუმად მიემართებოდნენ საფლავისაკენ ქალები.
ჩუმად, რადგან ავად უყურებდნენ ნაზარეველის მიმდევართ ისინი, ერთი კვირის წინ ტანსაცმელსა და პალმის რტოებს ფეხქვეშ რომ უგებდნენ შეძახილით: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“.
ამის მერე ისეთივე შემართებით მისი ჯვარცმა ითხოვეს.
შეპყრობის დღეს კი ნაზარეველის მიმდევრებზე ნადირობა დაიწყეს, თითქოს მხეცები თუ საშიში დამნაშავენი იყვნენ…
ამიტომაც ეშინოდათ. ბრბო ბოროტია.
ბოროტია, აბა რა.
ნაზარეველს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია: კეთროვანი განკურნა, ბრმას თვალი აუხილა, მძიმედ ავადმყოფი სვიმონის სიდედრი და ასისთავის ქალიშვილი განკურნა. არადა, საოცარი იყო ამ ურწმუნო რომაელის რწმენა: მრწამს, როგორც შენ იტყვი, ისე მოხდებაო…
არადა, რომაელმა ასეთი რწმენა როგორ შეიძინა, იუპიტერზე რომ ლოცულობს, ნაზარეველში ვინ დაინახა ასეთი ძლევაშემოსილი, ფიქრობდნენ დედები, საფლავისაკენ მიმავალნი.
სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია.
სიყვარულს ასწავლიდა ყველას.
„ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის“, – ბოლოჯერ რომ იტრაპეზა მის გულმართალ მოწაფეთა შორის, მაშინ დაუბარა ეს სიტყვები ანდერძად.
თურმე, სიყვარული ძალიან ძნელიც და ძალიან ადვილიც ყოფილა…
არადა, იმ საღამოს რამდენჯერმე გაიმეორა ეს სიტყვები:
„ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ? უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი“.
თვითონ ყველა უყვარდა.
საოცარია, ყველას სიყვარული როგორ შეიძლება? მაგრამ მას ყველა უყვარდა. რომ ნერწყვავდნენ, ძმარს ასმევდნენ, ეკლის გვირგვინით აუტანელ ჭრილობას აყენებდნენ, ხელი არ შეუბრუნებია, არ განრისხებულა. სამი დღის გარდაცვლილი ლაზარე აღადგინა და ამათი განადგურება არ შეეძლო? შეეძლო, მაგრამ ის სიყვარული იყო და მათ სინანულს ელოდა…
თუ ელის?!
როგორ თქვა, სამ დღეში იერუსალიმის ტაძარს აღვადგენო?
მიდიოდნენ და ფიქრობდნენ, გასულ მოვლენებს მეხსიერებისა და გონიერების თვალით სინჯავდნენ. ეჭვი საშიშია. მას მხოლოდ რწმენა ერევა!
როგორც იქნა, მივიდნენ. საფლავს მოფარებული უმძიმესი ქვა გარდაგორებული დახვდათ. არადა, იმას ფიქრობდნენ, ქალები ამას როგორ უნდა მორეოდნენ. პეტრეს, იოანეს, ანდრიას და სხვათა წამოყვანა ვერ გაბედეს იმავე შიშით. ქალებს ნაკლებად შეგვეხებიან, მამაკაცებს კი არ დაინდობდნენო. შიშობდნენ.
შევიდნენ და სახვეველნი დალაგებული დახვდათ. იქვე კი ნათლით მოსილი მამაკაცი იხილეს, რომელმაც საოცარი, არამიწიური ხმით, გალობდაო თითქოს, უთხრა:
„არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედეთ და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი… წარვედით, და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი“…
გამოიქცნენ სიხარულით: ადიდებდნენ ადონაის, რომელიც ნაზარეველი იყო, როგორც ამას იმ საოცარ ღამეს სვიმონი მიხვდა, რისთვისაც პეტრე ეწოდა.
დიდება შენ, ადონაი! დიდება შენ, ადონაი!
„ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“
გრძნობდნენ, რომ მოვიდა მეუფე ისრაელისაი, არა ძოწით შემოსილი და სასახლეში მჯდომარე, არამედ მათ მსგავსად ღარიბი, შეჭირვებული, მშრომელი…
მივიდნენ და ახარეს ნაზარეველის მეგობრებს.
…გაუხარდათ მეგობრებს, მაგრამ შეცბნენ ცოტათი. თვითონ ხომ იხილეს ჯვარზე გაკრული რომ მიიცვალა და ელის წინაშე ხალხის ცოდვების მიტევება ითხოვა, რამეთუ არა იციან, რას იქმანო…
გაიქცნენ საფლავისაკენ პეტრე და იოანე, მარიამ ღვთისმშობელი დედად რომ დაუდგინა ნაზარეველმა. დაიჯერეს მათმა თვალებმა ქალთა ნათქვამი და ირწმუნეს, რომ არ შეცდნენ დედები, გლოვას გონება არ დაებინდა მათთვის.
დღე არ გავიდოდა, რომ ამბად არ მოეტანათ, იქ ნახეს, იმათ დაემგზავრა, აქ ნახეს, იქ ასე დაგვარიგაო.
ერთი კვირის შემდეგ კი მათ გაიგეს საოცარი სიტყვები: „მშვიდობაი თქუენ თანა!“
და იხილეს მათ წინაშე მდგომარე ის, ვინც ისინი გამოირჩია და შეიყვარა.
მშვიდობა თქვენ თანა, მეგობრებო!
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!