მზია სალვარიძე
გ ა მ ო ს ა თ ხ ო ვ ა რ ი
წუხელ ბოლოჯერ წავუკითხე ლექსი ბათუმს.
განა,
არც ადრე გამომიდია თავი ლექსების კითხვით ,
(სულ რამდენიმე მაგალითი მახსენდება) ,
მაგრამ იყო ასეთი სულზე ანატკეცი ბედნიერი მომენტებიც ჩემს ცხოვრებაში…
თავხედობა სულში კი მაქვს გამჯდარი,
მაგრამ ჩემი ქალაქი
იმდენად დიდი პოეტების გულისყურთან ფეთქავს,
რომ ვერასდროს გავბედე ჩემი წილი ნაწიბურებიც გამეღიავებინა მის დანესტრილ სულზე…
წუხელ ბოლოჯერ წავუკითხე ლექსი ბათუმს,
განა მხოლოდ ვკითხლობდი,
მარცვალ-მარცვალ ამომქონდა მეხსიერებიდან მომენტები
და დაჭიმულ მყესებზე,
როგორც თქვენსა და ჩემს შორის მიმოსასვლელ ბილიკებზე,
მონეტებად ვყრიდი.
თქვენ რომ მესამე თვალი გქონოდათ
და ყურთასმენაც ისეთივე მახვილი,
როგორც მე ,
აუცილებლად შენიშნავდით ამ მონეტების ბრწყინვალებას
და საამო წკრიალს…
აუცილებლად,
მაგრამ მონეტები კი არა,
მე როგორ გემშვიდებობებოდით,
მე როგორ გესიყვარულებოდით
და გეფერებოდით,
ისიც ვერ შენიშნეთ..
წუხელ ბოლოჯერ წავუკითხე ლექსი ბათუმს …
ბოლოჯერ,
რადგან აღარ მინდა უწმინდურთა მიერ დაწინდულ გარემოში სულის წარწყმედა.
რადგან აღარ მინდა იმ საზოგადოების წევრობა,
რომელსაც ყველაფერზე შეუძლია თვალის დახუჭვა,
რომელსაც არათუ ბრძოლის წამოწყება,
არამედ უკეთურებასთან სხვისი ჯახირის ყურებაც აღელვებს თურმე…
წუხელ ბოლოჯერ წავუკითხე ლექსი ბათუმს ..
ბოლოჯერ!
მაგრამ, გგონიათ ვერ გადავრჩები ?
გგონიათ, თქვენი გულგრილობითა და გულუმართლობით სილაგაწნულს,
გამიჭირდება თქვენსა და ჩემს შორის გაგლეჯილი ბაგირის თავიდან დაწნა ?
მე რომ არ გითხრათ,
მე რომ არ შეგჩივლოთ,
მე რომ არ შეგასმინოთ,
თუნდაც ტელეპატიურად,
განა , თქვენ ვერ უნდა იგრძნოთ როგორ გამიუპატიურეს,
გამისვარეს თუ
გამითახსირეს აურა ჩემს ქალაქში გაჩენილმა მეტასტაზებმა ?
წუხელ ბოლოჯერ წავუკითხე ლექსი ბათუმს…
ვკითხულობდი და თვალნათლივ ვგრძნობდი,
როგორ მექცეოდა ცა,
როგორ ტორტმანობდა მიწა
და ამ დროს,
როგორ მყარად და უგრძნობად იდექით თქვენ…
ვკითხულობდი და არა მარტო ფრაზებად,
არამედ ძვლებშიაც დაშლილს,
მყარად მეჭირა ცისკენ აწვდილი ემბაზი,
რომელშიც თავზე ჩამოქცეულ ცას ვაგროვებდი,
რომ ოდესმე,
თუკი ისევ მომინდება ბათუმისთვის ლექსის წაკითხვა,
მასში განვიბანო
და ცოდვებდაყრილმა,
ჩამოყრილი ხელების თქვენსკენ წამოწევა შევძლო ჩასახუტებლად…
ფოტო ინტერნეტიდან































