უამრავჯერ დამიფარა ზეციურმა…
არაერთხელ ჩამისაფრა ჟამმა მახე,
არაერთხელ ამატირა ავდარმა,
მაგრამ სულის სიძლიერე მამხნევებდა,
მასწავლიდა მეცნო წნეხი არაფრად.
არაერთხელ შემარხია ქარიშხალმა,
მომიხურა წუთისოფლის დარაბა,
ცოდვა მადლის იმ ბილიკით გამატარა,
მაცხოვარს რომ ამჯობინეს ბარაბა.
უამრავჯერ გამომიდო ეშმამ სარმა,
უამრავჯერ დამეკაწრა ფარაჯა,
ბეწვის ხიდზე რთულად მაგრამ გავიარე,
რადგან მყავდა რწმენა სულის დარაჯად.
უამრავჯერ დამანახა ზენამ ძალა,
სიყვარულით მზეს ვპოვებდი მაღალთან,
ერთგულებით დავამხობდი ორგულობას
და… მართალი ვიქნებოდი მავანთან.
სასოებით დამიდვია ღმერთთან ფიცი,
სასოებით მითხოვია უფალთან,
რომ სიკეთე დამენახა მხოლოდ სხვისი
და… მართალ თქმით მეარსება ყველასთან.
ნ.გ.
,,იფარელი”