ძმაო, მამავ და ღმერთო –
იესო, იეშუა…
გაჭედილი ვარ სადღაც –
ცხადსა და სიზმარს შუა.
აქეთ, მაქეთ თუ სხვაქეთ –
გამოსავალი თუა?!
ძმაო, მამავ და ღმერთო –
იესო, იეშუა…
გეძახდი, მაგრამ მივხვდი –
დამძახებელი ყრუა.
თორემ ხმის გაცემაზე
ხომ არ იტყოდი უარს.
ძმაო, მამავ და ღმერთო –
იესო, იეშუა…
მომენატრები ისე,
ვით მშიერს პურის ყუა,
ვით ადამს სამოთხეთი,
ეშმამ რომ გამოსტყუა.
ძმაო, მამავ და ღმერთო –
იესო, იეშუა…
გენდე და, – მენდე, თუმცა
კაცი ყოველი ცრუა.
დაშრა შუბლს ქვემოთ, სადაც
ორი პატარა რუა.
ვახტანგ ღლონტი,1996 წელი
**(მხატვარი გოჩა ყაჭეიშვილი)