პოეზიის მთავარი მისიაა მოქალაქეში გადაარჩინოს ადამიანი!
Maya Mchedlidze Uzal: ,,ყოველდღიურ ორომტრიალში ადამიანები ივიწყებენ რომ ისინი ადამიანები არიან და არა უსულო არსებები,, – ბატონი დათო მაღრაძე დღეს სტამბოლიდან ასე მიმართავდა სამყაროს…
მისი ახალი პოემის ,,ბარაქიანი მიწა,, თურქული თარგმანის წარდგენა დღეს ბეიოღლუს აკადემიაში შედგა და ქართველმა პოეტმა თავად გააცნო პოეზიის მოყვარულებს წიგნი, რომელიც დაღლილი საზოგადოებისთვის ეპისტოლეს ტოლფასია…
მოქალაქეში ადამიანის გადარჩენის აუცილებლობა, ჩვენს სულთამხუთავ სამყაროში მიუხედავად ყველაფრისა ადამიანად დარჩენა, ეს არის წიგნის მთავარი ლაიტმოტივი…

ასოციაცია სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის და ფენ-მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა სტამბოლის ცენტრში, ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ლექსის მოყვარულთათვის , რადგან პოემამ გაიჟღერა ორივე ენაზე, ორიგინალში – ქართულად კითხულობდნენ-მაია მჭედლიძე უზალ და თურქულად – ფილიზ გენჩოღლუ ტოსუნ.

საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ფეჰმი უზალ უსტიაშვილი.

საღამოს სულის ჩამდგმელი და როგორც ბატონი დათო მაღრაძე იტყოდა ლექსის სულის ჩამდგმელი მთარგმნელი- ბატონი ჰასან ჩელიქ, რომელიც სტამბოლს, სპეციალურად პრეზენტაციისთვის ანკარადან ეწვია. ბატონმა ჰასანმა არა მხოლოდ მთარგმნელის მისია იტვირთა წიგნისთვის, დღევანდელი საღამოსთვის ჩინებული თარჯიმნობაც გასწია.

თარგმანის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართველი და თურქი ლექსის მოყვარულები, პოეტმა დათო მაღრაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ პოეზიისთვის მთავარია მსმენელი და არა მასა.
პუბლიკა პოეტთან კითხვა პასუხის რეჟიმში იმყოფებოდა, დაისვა საინტერესო კითხვებიც, რომელსაც პასუხი თავად ავტორმა გასცა.