***
გენრიეტა ქუთათელაძე
ამონარიდი ჩემი მოთხრობიდან: “მონატრება”
/დაიბეჭდა ჟურნალ “განთიადის” ამ წლის 1-2 ნომერში/
წიგნი იღლიაში ამოიჩარა და სანამ ოთახიდან გავიდოდა, გულმოსულმა ჩაილაპარაკა:
-ბოლოს მაინც სიკვდილია, გინდა, არ გინდა,სიკვდილი ასრულებს ყველაფერს, სიკვდილი; გიფიქრიათ მაინც,ამ არეულ დროში, ვინ გაუძღვება მსოფლიოს,ვინ არის ის, აპოკალიფსს რომ აგვაცილებს?-
ხელი მომუშტა და ცივად მომაცქერდა.
მხრები ავიჩეჩე, ამ იწილო-ბიწილო ლაპარაკმა გამაღიზიანა.მე ჩემდათავად,ამგვარ ფილოსოფიურ საუბარს ისევ კროსვორდის ამოხსნა მირჩევნია,თუნდაც იმიტომ,რომ არ მსურს ვამტკიცო,ისტორიული განვითარება ჩვენზე არ არის დამოკიდებული-მეთქი.პასუხი რომ არ გავეცი ,უკმაყოფილო მზერა შემავლო,არც დამმშვიდობებია,ისე წავიდა.
წამოვდექი,ფანჯარასთან მივედი,ფარდა გადავწიე და ქუჩას გავხედე,ჩემი სტუმარი ქუჩას კვეთდა, მოპირდაპირე ტროტუარზე გადადიოდა.იქვე, ტროტუარზე , მხრებში მოხრილი მოხუცი ქალი ძლივძლიობით მილასლასებდა. წვიმდა და ტროტუარის ამოტეხილ ადგილებში წყალი გუბეებად ჩამდგარიყო.ქალს უცებ ფეხი დაუცდა და წაიქცა.კაცმა გვერდით ისე გულგრილად ჩაუარა,რომ ეტყობა არც დაუნახავს,იქნებ დაინახა?წაქცეულს ხელს არ უწვდის და მსოფლიოს ბედნიერებაზე კი მსჯელობს, აი, სეირი.ეჰ…ქუჩაში არავინ ჩანდა;ოთახიდან სწრაფად გამოვედი და ქუჩაში , ქალისაკენ გავიქეცი.გული ამომიჯდა,სუნთქვა შემეკრა, ნაბიჯი მაინც არ შემინელებია.ქარი აშრიალებდა ფოთლებს და სახეში მაყრიდა; წაქცეულს მივუახლოვდი, წამოვაყენე და მხარში ამოვუდექი,მადლიერი თვალებით შემომხედა და თბილად გამიღიმა.წვიმამ გამეტებით დასცხო.ჩვენ ტროტუარს მივუყვებოდით,იგი თავშეკავებით კვნესოდა, მუხლი გადაეტყავებინა და ტკივილი აწუხებდა,სახე გაფითრებოდა. საავადმყოფოში წასვლა შევთავაზე, უარი მითხრა, ისე არ დავშავებულვარ,ექიმი რომ დამჭირდესო.მაშინ სამარშრუტო ტაქსამდე მივაცილე; ვიდექი გაჩერებაზე და შევყურებდი მიმავალ მანქანას, საიდანაც მადლიერი მოხუცი ქალი ხელაწევით მემშვიდობებოდა. კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა და ქუჩაში აჩქარებით მიმავალს ნაცნობი გარემო მიმზიდველადაც კი წარმომესახა. ახლა წვიმაც კი სიამოვნებას მგვრიდა, თბილი, შხაპუნა წვიმა.