ციკლიდან: მოგზაურობა წარსულში
საქართველოს საგალობელი
/ზურაბ გორგილაძე/
ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ქუჩა ზურაბ გორგილაძის სახელს ატარებს და ყველა იმ ბათუმელს, ვინც ამ დიდებულ პოეტს იცნობდა, იმ დღეებს ახსენებს,როცა მას ხვდებოდნენ ამ ქუჩაზე, დიდი, ფიქრიანი თვალებით, კეთილად მომღიმარს, ზოგჯერ ბობოქარს, მგზნებარეს,ზოგჯერ სევდით შეძრულს; თუმც ეს სევდა და წუხილი ერთი თვალის შევლებით არ ჩანდა, მას მხოლოდ ფიქრთა თანამოაზრე გამოიცნობდა. წერდა ისეთ ლექსებს,გულს რომ შეგიძრავდა.ახლა, როცა მკითხველს მისი არაერთი კრებულის წაკითხვის შესაძლებლობა აქვს, ეს უფრო ცხადდება.სამშობლოს წარსული და აწმყოა მისი ფიქრის სათავე და ლექსებიდან მარგალიტებად მომზირალი სტროფები ამის დასტური.მისი “სიმღერა” უფრო ტირილს წააგავს, რადგან როგორც თავად ამბობს: “სარფიდან დარიალამდე შევძრულვარ საქართველოთი.” დიახ, “ტირილი მღერის,როცა მასზე ჭეშმარიტი პოეტი ასე წერს :”დგას ძველისძველი -ძველი ტირილი და საქართველოს სიმღერას მღერის.”
ასე მგონია, უზენაესსაც წვდებოდა მისი გულის ძახილი:
“წიფლი ფოთოლ ლექსებს ვწერდი,
დამწიფებულ მოცვითაო,
ბუნჯგალ-ბუნჯგალ ვარსკვლავები
სულ მთებზე გადმოცვივდაო.”
და რომელი ერთი ლექსი დავიმოწმო, პოეტის ოსტატობის წარმოსაჩენად? ამას უკეთ შეძლებენ კრიტიკოსები.
როგორი ადამიანი იყო?
ახლა ჩემს მოგონებებს მოვუხმობ და თავად განსაჯეთ . სიტყვა “ამაყს” საერთოდ არ ვიყენებ მეტყველებაში, მაგრამ ახლა კი ნამდვილად შეეფერება ჩემს განწყობას: დიახ, მეამაყება რომ მისი თანამედროვე ვიყავი, რომ ერთ ცას გავცქეროდით და ერთ მიწაზე გვედგა ფეხი.

ერთ მშვენიერ დღეს გამბედაობა მოვიკრიბე, ჩემი ხელნაწერები შევკრიბე, ჩანთაში ჩავაწყვე და გზას გავუდექი.გზაში წვიმა წამომეწია და კაი გვარიანად გავილუმპე. კითხვა-კითხვით ძლივს მივაგენი ” ლიტერატურული აჭარის” რედაქციას.
1963 წელია, თებერვლის მიწურული. რედაქცია ზღვის სანაპიროზეა, საზღვაო სადგურის პირდაპირ… მაგნოლიებისა და კამელიებისაკენ თვალი გამირბის, ნეტა მალე აყვავდეს-მეთქი, ვნატრობ.სულ სხვაა ბათუმი, როცა ისინი ყვავილობენ.
რედაქციის მისაღებში მდივანმა ქალმა გამომკითხა, ვინ ვიყავი და რა მინდოდა. მერე ერთ კაბინეტში შემიყვანა და იქ მყოფთ უთხრა:
-ეს გოგონა დამწყები მწერალია , ნახეთ, მოუსმინეთ.მერე მე მომიბრუნდა და მითხრა:
- ეს ბატონი მამია ვარშანიძეა,პოეტი, ჟურნალის პასუხისმგებელი მდივანი, ეს კი პოეტი ზურაბ გორგილაძეა, პოეტი, ლიტერატურული მუშაკი.
ორივე მათგანს ლექსებით ვიცნობდი და ახლა პირისპირ მათთან შეხვედრამ ლექსებით შექმნილი დადებითი აზრი კიდევ უფრო გაამყარა. მესაუბრებოდნენ თბილად, გამომკითხეს , რას ვსაქმიანობდი, რას ვაპირებდი. როცა შეიტყვეს, რომ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, გაუხარდათ. ზურაბმა ხელნაწერი გამომართვა და კითხვა დაიწყო.
რამდენიმე ადგილი გახაზა და მერე მკითხა: ასე ვინ გაგაბრაზა? ჰოო, შენ არ ხუმრობ!
-დატოვე ეს შენი რვეული ჩვენთან, რედაქტორს ვაჩვენებთ, მას დიდი თვალები აქვს, ჩვენზე უკეთ ხედავს. ერთ თვეში გამოგვიარე .
მადლობა გადავუხადე და წასასვლელად მოვემზადე. კარებამდე გამომაცილა და მდივან ქალს მერი ნაცვლიშვილს უთხრა: - ეს გოგონა დაიმახსოვრე, ერთ თვეში დავიბარეთ, როცა მოვა, ბატონ შოთასთან შეიყვანეთ.
თავი დამიქნია გამომშვიდობების ნიშნად და თავის კაბინეტს დაუბრუნდა. - გილოცავ- მითხრა ქალბატონმა მერიმ, – ესე იგი მოეწონა და ამიტომ დაიტოვა.
ქუჩაში რომ გამოვედი, თავსხმა წვიმა იყო, ბათუმური თქეში,მაგრამ ეს არ მაწუხებდა, ვერც ვგრძნობდი,რომ გავიწუწე მთლიანად… მე ახლა წვიმაც მიყვარდა და ყველაფერი ჩემს გარშემო.
გასული საუკუნის -70- იანი წლებია, გაზეთ “აჭარის” რედაქციას უფრო ხშირად კულტურისა და ხელოვნების მუშაკები სტუმრობდნენ. მათ აქ გული მოუხმობდათ, რადგან სავანედ მიაჩნდათ აქაურობა. აქ ხომ მაშინ ცნობილი მწერლები მუშაობდნენ: ალი სამსონია, გოგიტა ლორთქიფანიძე, გიორგი სალუქვაძე, ნოდარ მოდებაძე, რევაზ ართილაყვა…ისინი რედაქციის სამდივნოში იკრიბებოდნენ უმეტესად და სტუმარსაც აქ იღებდნენ. ხშირად სტუმრობდა აქაურობას ზურაბ გორგილაძეც, აქ მას სიყვარულით ელოდნენ ,უხაროდათ მისი გამოჩენა, უსმენდნენ…ზოგჯერ ეს სტუმრობა პოეზიის საღამოდაც გადაიქცეოდა ხოლმე.ზურაბი ალი სამსონიას იუმორს თავის კალამბურებს უმატებდა და დღეს ხალისიანსა და სასურველს ხდიდა.
იმ წელს რედაქციაში სტუდენტები, მომავალი ჟურნალისტები პრაქტიკაზე გაამწესეს. ყველანი გოგონები იყვნენ, ლამაზები, ჭკვიანები, ნიჭიერები.. ერთმა მათგანმა, ნაზი შამანაურმა, სამდივნოში სტატია შემოიტანა და გიორგი სალუქვაძეს მაგიდაზე დაუდო წასაკითხად და სწრაფად დატოვა სამდივნო.
-ნიჭიერი გოგონაა, კარგად წერს, მომწონს მისი წერილები,ესეც ეტყობა ორიგინალურად აქვს გაკეთებული-თქვა გიორგიმ და ალის უთხრა: ეს წერილი ამ ნომრის აშლანგი იქნება.
- კარგად რომ წერს, კაია ჩემო გოგი, მაგრამ ლამაზი რომაა, ესაა უფრო კაი-შეეპასუხა ზურაბი. სამდივნოში სიცილი ატყდა…ზურა, ზურა! -რა ხარ შენ!
კარგა ხნის მერე ზურაბ გორგილაძის ამ ლექსმა , ახლა რომ გაგაცნობთ, ეს დღე მომაგონა:
” ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს ,
ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს,
სულ ასე იყო, ამ ქალურ თამაშს
ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია.
ადამს კი…სადღაც მიურბის თვალი
და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად,
ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი-
და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.”
ზურაბ გორგილაძე ხალხის სიყვარულით იყო გარემოსილი. სკოლებსა და კულტურის ცენტრებში იწვევდნენ და მის ლექსებს კითხულობდნენ, მოსწავლეებმა მისი ლექსები ზეპირად იცოდნენ.უამრავი შეხვედრის მონაწილე ვიყავი, ბევრი რამ მაგონდება, ეს კი გამორჩეულად. ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტებმა 1997 წლის 26 მაისს პოეტს დაუვიწყარი შეხვედრა მოუწყვეს. ყველა გამომსვლელი იმ ლექსს ციტირებდა ,თავად რომ შეარჩია და იპოვა გზა პოეტის სულთან მისაახლებლად . იმ დღეს მეც უფრო ახლებურად დავინახე და აღვიქვი მისი პოეზია, და როცა ეს გავუმხილე დარბაზს, ზურაბი ფეხზე წამოდგა და თავდადრეკით გადამიხადა მადლობა.
უჩვეულო იყო სტუდენტების მიერ მომზადებული წარმოდგენა- ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია , თვით პოეტმაც კი მოიწონა და სამადლობელი ლექსებად აღავლინა.
ერთი ლექსი უნდა გამოვარჩიო:
“გამოდიან რა ჭრიალით ტყიდან ჭრელი ურმები,
უცებ მორბის მეტაფორაც,ფინთი და სასურველი…
ზოგ ლექსს მთების სუნი ასდის,
ზოგს- კენჭების სურნელი,
ზოგ ლექსს პიტნის სუნი ასდის,
ზოგს-დაფნების სურნელი ,
ზოგ ლექსს კახპის სუნი ასდის
ზოგს-ქალწულის სურნელი,
ზოგ ლექსს ტახტის სუნი ასდის
ზოგს -ბორკილის სურნელი,
ზოგ ლექსს ქოხის სუნი ასდის,
ზოგს- სასახლის სურნელი,
ზოგ ლექსს დედის სუნი ასდის,
ზოგს-დიდნენეს სურნელი…
ჩემსას!-მარად ზენაარი ზაფრა განუკურნელი,
ყაბალახის,
თუთუნის და,
საქართველოს სურნელი. “
ზურაბის 60 წლის იუბილე აჭარაში ფართოდ აღნიშნეს . თითქმის ყველა სოფელი ცდილობდა, პატივი მიეგო საყვარელი პოეტისათვის. გონიოშიც მოუწყვეს პოეტს შეხვედრა.
როცა შეკრებილებმა ერთხელ კიდევ მოისმინეს მის მიერ წაკითხული /კითხულობდა გამომეტყველებით, მხატვრულად, თვით მსახიობებიც რომ ნატრობდნენ. / “ოჰოი ნანა”,”სულხან-საბა”,”უმღერებელი მუხაბაზი”, პოეტი ხანგრძლივი ტაშითა და ყვავილებით დააჯილდოვეს. ყვავილების ზღვაში ცურავდა პოეტი ,თვალებში ცრემლი უკიაფებდა და მადლობას იხდიდა, მისებურად, ლამაზად, მხოლოდ ზურაბს რომ ახასიათებდა ისე.იმ საღამოს პოეტები სანდრო ბერიძე და ნატო ინგოროყვა ესწრებოდნენ და როცა ზურაბმა მათ მოუსმინა, თქვა კიდეც: მე მიხარია, ესაა ღირსეული თაობა ჩვენი მწერლობისაო . დრომ გაამართლა ეს სიტყვები.
მე კი იმ დღეს განსაკუთრებულად მითხრა მადლობა, მაჩუქა თავისი საიუბილეო კრებული /ხელნაწერის სახით შესრულებული/. წარწერამ გული გამითბო: “ჩემი სიყრმის მეგობარს,ჩემი მურმანის საყვარელ მეუღლეს,ჩემს გენრიეტას-სიყვარულით,
მოფერებით,პატივისცემით,მისი ზურაბ გორგილაძე. 15/5-2003. გონიო.
**** სხვაზე ნაკლები არც ჩვენ ვართო, კახაბრელებმა და აგროფირმის ცენტრში გამართულ დიდ საზეიმო ღონისძიებაზე ისე ლამაზად, გულიანად მოეფერნენ პოეტს , რომ გული აუჩვილეს. სპეციალურად გათამაშებულ ლატარეაში პოეტმა თიკანი მოიგო და გულით გაიხარა. ამ თიკანს მერე თურმე თავს ევლებოდა, გულდაგულ უვლიდა…
იდგა მაისი, ზეიმობდა ბუნება , ზეიმობდა ადამიანიც და კახაბრის ველზე მონაქროლი ნიავქარი თითქოს პოეტის ამ ლექსის სტრიქონებს ახმიანებდა:
:ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ,ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა.
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის ,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე,რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა!
ორი ათეული წელია, რაც ზურაბ გორგილაძემ იმიერ სამყაროში, შეიძლება ითქვას უკვდავებაში გადაინაცვლა და ახლა ამიერში დარჩენილებს სულის საოხად და ნუგეშად ეს სტრიქონები დაგვიტოვა:
” შენ არ გეგონოს მოვკვდი და მორჩა!
შენ არ გეგონოს ჩავქრი და მორჩა!
აქედან უფრო ლამაზად მტკივა,
აქედან უფრო ლამაზი მოჩანს…”
დიდი, ზეკაცი ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. ამის დასტურია ის, რომ დაარსებულია პოეტის სახელობის სტიპენდია,არიან ადამიანები, რომლებიც მის ათეულობით ლექსს დღესასწაულებზე ზეპირად კითხულობენ, მის შესახებ წერენ გამოკვლევებს/ ჟუჟუნა შაინიძე: “ყველაფერი და არაფერი,”2016 /
შორენა მახაჭაძე და კიდევ არაერთი მკლევარი… წარმატებით ხორციელდება პროექტი- საქართველო წერს ზურაბ გორგილაძის რჩეულს. პროექტს მწერალი თამარ ხოზრევანიძე ხელმძღვანელობს, ერთი ლექსი მეც გადავწერე რჩეულიდან ამ ხელნაწერ წიგნში , როგორც ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემიის ლაურეატს ეს პატივი მხვდა წილად.
ალბათ ,ხშირად გაგიგონიათ ფრაზა: მიეცით დროს – დრო! ამ შემთხვევაში დრომ თავისი სათქმელი თქვა: უკვდავია პოეტი, რომელიც ადამიანის ყველაზე მშვენიერ სულს იტევს, მის მისწრაფებებს, ტკივილსა და სიხარულს გამოხატავს …ჰოდა, ზურაბ გორგილაძის დიდი სიცოცხლე დაიწყო,იგი ბათუმში ჩატარებული ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული ღონისძიებების საპატიო მონაწილეა, ” მწიგნობრის”/მანანა წულუკიძე/ საპატიო წევრები კი პოეტის ლექსების უბადლო გამხმიანებლებია. ახლა ზურაბი ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია და რა კარგია, რომ ეს სიცოცხლე გრძელდება. ადრე გულმოკლული წერდა, ისე ვბერდები საქართველოში, თბილისს ლექსი ვერ წავუკითხეო. ახლა კი მის ლექსს სრულიად საქართველოში ინტერესით კითხულობენ პოეზიის მოყვარულები…ზღუდე გადალახულია!
პოეზიაზე და პოეტებზე საუბრისას და წერისას სუბიექტურ ფაქტორს ძნელია თავი დააღწიოო, ამბობენ. არც მიცდია, პირიქით, სუბიექტურმა განწყობამ მიბიძგა, გულის თვალებით დამენახა ეს დიდი კაცი.
გენრიეტა ქუთათელაძე