Kakha Kvasilava
პოსტი ვრცელია და, იმედი, მაქვს ბოლომდე წაიკითხავთ!
სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა აფსუა სასულიერო პირის, ისტორიკოსის, „არქიმანდრიტ“ დოროთე დბარის „არქეოლოგიური“ გათხრების შესახებ ინფორმაცია. არქიმანდრიტი საკმაოდ განათლებული ისტორიკოსია, რომელიც კარგად იცნობს ქართულ ისტორიოგრაფიასაც, განსხვავებით მისი სხვა „კოლეგებისგან“. თუმცა, „მამაოც“ თავს არიდებს ისტორიის გაყალბებას და ფართოდ გავრცელებული ვიდეოსიუჟეტიც ამის ნათელი დასტურია.
დ. დბარის „არქეოლოგთა“ ჯგუფმა გათხრები აწარმოა სოფელ ანუხვის მიდამოებში. საინტერესოა, რომ ამ სოფელს სეპარატისტებმა სახელი გადაარქვეს და „ანხუა“ უწოდეს, რაც „დედამთილს“ ნიშნავს. ნუ, ეს მათი ფანტაზიის წიაღსვლებია, სადაც ლოგიკური წიაღსვლები სრულიად შეუძლებელია. საინტერესოა, რომ ქართულ მატიანეში მას „აჲნახჳ“ ეწოდება.
ანუხვა მეცნიერთა თვალსაწიერში ჯერ კიდევ XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მოხვდა და ამის შემდეგ მისი კვლევა, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა.
დ. დბარმა გააგრძელა ჯერ კიდევ 1880-იან წლებში აღმოჩენილი ქართული ტაძრის გათხრა და ახალი ქართული წარწერები (ასომთავრული ანბანით შესრულებული) აღმოაჩინა (იხ. ილუსტრაციაზე ფერადი ფოტოები – კ.კ.). სამწუხაროდ, მისი ამოკითხვა გამიჭირდა და, იმედია, ქართველი პალეოგრაფები წარმოადგენენ გაშიფრულ ტექსტს.
დ. დბარმა კარგად იცის, რომ ეკლესიაც ქართულია, წარწერის ქართულობას ვერ უარყოფს, მაგრამ ცდილობს გააყალბოს საქართველოს ისტორია. კერძოდ, ის ამბობს, რომ „აფსუა“ ლეონიდებს ტაო-კლარჯელმა ბაგრატიონებმა ტახტი წაართვეს. ისტორიკოსმა „არქიმანდრიტმა“ იცის, რომ ისტორიაში არ არსებულა „აფსუა ლეონიდთა დინასტია“. ხოლო ქართველთა სამეფოსა და ტაო-კლარჯეთის მემკვიდრე ბაგრატს, ასევე მემკვიდრეობით (დედის მხრიდან) ეკუთვნოდა აფხაზთა (და არა – აფსუათა) სამეფო. ასე, რომ ეს იყო ქართულ სამეფოთა დინასტიური გაერთიანება, რომელმაც საფუძველი მისცა ერთიანი ქართული სამეფოს დაარსებას. ეს იყო ეთნიკურად და კულტურად ქართული სივრცე იყო.
დ. დბარი ტაო-კლარჯეთზე აღნიშნავს, რომ სომხურად ის „ტაიკიაო“. ცნობილია, რომ სომეხი ისტორიკოსები, რომლებიც, ასევე, „პრეტენზიას“ აცხადებენ ტაო-კლარჯეთსა და ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობაზე. საბედნიეროდ, მათი „პრეტენზიები“ ისევე უსაფუძვლოა, როგორც – აფსუა „ისტორიკოსებისა“. ამ განცხადებით „არქიმანდრიტმა“ პასი გაუგორა სომეხ ისტორიკოსებს. ჰა, ბიჭებო, მიდით, ბაგრატიონები ბოლომდე გაასომხეთო.
თუმცა, აქ შეცდომა დაუშვა დოროთემ, რადგან მალე ისტორიაზე გადადის და იხსენებს XI ს. 30-იანი წლების ანტისახელმწიფოებრივ ამბოხებას, რომელსაც სათავეში სახელოვანი მამულიშვილი მეფის, ბაგრატ IV-ის (1027-1072) ნახევარძმა დემეტრე უფლისწული (გიორგი I-ის შვილი მეორე ქორწინებიდან ოვსთა მეფის ასულ ალდესგან).
დემეტრეს საუფლისწულო ანაკოფია იყო, სადაც მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა კიდევაც. უფლისწულს მეფობის ამბიციები აწუხებდა და ეს ფაქტორი ბიზანტიამ გამოიყენა. 1032 წელს ოფიციალური კონსტანტინეპოლის ორგანიზებით, ჩამოყალიბდა შეთქმულ ფეოდალთა ჯგუფი, რომელსაც ქუთაისის ტახტზე დემეტრე უნდა აეყვანა. ზ. ანჩაბაძე და მ. გუნბა, მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო აფხაზ ანუ აფსუა ფეოდალთა გამოსვლა. სეპარატისტული ისტორიოგრაფია ამ შეთქმულებაში „აფხაზური“ (ანუ აფსუური) სამეფოს აღდგენის შესაძლებლობას ხედავდა. თუმცა, ეს ასე არ იყო. აფხაზეთის საერისთავოს მოსახლეობა ბაგრატის ერთგულებას ინარჩუნებდა და მეფემაც ჯანყი ადგილობრივი ძალებით „ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა“ დაამარცხა.
ამდენად, დოროთე ძალიან შეიჭრა ფანტაზიებში (თუმცა სეპარატისტთა ტვ-სიუჟეტის ისტორიის არმცოდნე მაყურებლისთვის ეს შეუმჩნეველი დარჩა) და ერთ წინადადებაში ორი შეცდომა დაუშვა:
- ტაო-კლარჯეთს სომხეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, თორემ ანუხვის ტაძარზე სომხური წარწერები გვექნებოდა. სომხური წარწერები კი XIX ს. მიწურულამდე აფხაზეთში არ გვაქვს; 2. თუკი სამეფო დინასტია ტაო-კლარჯულია (ანუ ქართული, ან, კაი, „სომხურია“ დ. დბარს რომ დავუჯეროთ), მაშინ დემეტრე უფლისწული „აფსუათა სამეფოს“ აღდგენისთვის რატომ იბრძოლებდა?
დემეტრე ქართველი იყო. ის „აფსუათა სამეფოს“ აღდგენისთვის კი არ იბრძოდა, მას ქუთაისის ტახტი უნდოდა და არა – ანაკოფიისა, რომელიც ამ რენეგატმა ბიზანტიელებს გადასცა, თუმცა, ქართველებმა „ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა“ მალევე დაიბრუნეს.
ახლა კი ანუხვის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პროფესორ Lia Akhaladzeს მოვუსმინოთ:
„გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანუხვაში, ანაკოფიის ციხე-სიმაგრიდან სამი კილომეტრის მანძილზე, გუდაუთიდან აღმოსავლეთით, მთისწინა ზოლზე შეფენილ სოფელში მდებარეობს ანუხვის მონასტერი. ერთ ძველ წყაროში სოფელი და მონასტერი დასახელებულია როგორც „მონასტერი აჲნახჳსაჲ“. ჯერ კიდევ XIX ს. 80-იან წლებში ანუხვაში გამოვლინდა ტაძრის ნანგრევები ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებით. ტაძარი წარმოადგენს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ნიმუშს, რომელიც არქიტექტურისა და მაღალმხატვრული ჩუქურთმის ხასიათით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს ენათესავება. ტაძრის ირგვლივ და ახლომახლო არსებული სხვადასხვა ზომის ნაგებობანი და მათი ნანგრევები ანუხვაში სამონასტრო ცხოვრებაზე მიუთითებს.
ანუხვის ტაძრიდან შემორჩენილი სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტები ყურადღებას იქცევენ ნატიფი დეკორითა და და მაღალმხატვრული გემოვნებით. მათ შორისაა ანუხვის ქვაჯვარი ვაზის ორნამენტებით, ანუხვის სვეტი, ანუხვის ჯვარცმა, ანუხვის წმ. გიორგის რელიეფი, ანუხვის ბეჭედი და სხვ. არტეფაქტების უმრავლესობა შემონახულია ქართული ასომთავრული წარწერებით. ანუხვის მონასტრის ორი წარწერის ფოტოსურათი, ჯერ კიდევ XIX ს. 80-იან წლებში გამოქვეყნდა რუსი სიძველეთმოყვარულთა მიერ. აღნიშნული წარწერები მხარეთმცოდნე იოსებ აძინბამ, სხვა არტეფქტებთან ერთად ხელმეორედ იპოვა XX ს. 30-იან წლებში. აფხაზეთში დამწერლობის ისტორიის განვითარების კვლევისას ხუხუტი ბღაჟბამ გამოაქვეყნა ანუხვის ორი წარწერის ფოტოსურათი, აქედან ერთის მხედრული ტრანსლიტერაცია ლეო შერვაშიძის წაკითხვით. ანუხვის წარწერებიდან გამოაქვეყნა სამი წარწერა ვალერი სილოგავამ. აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჯვარცმის ფილის იდენტიფიცირების შემდეგ, ანუხვის ოთხი ლაპიდარული წარწერის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და პალეოგრაფიული ღირებულება დაზუსტებული დათარიღებით წარმოდგენილია ჩვენს ნაშრომში. ოთხივე წარწერის არქეოგრაფიული აღწერილობა შევიდა ვალერი სილოგავას ნაშრომში.
აღნიშნული წერილობითი არტეფაქტებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ანუხვის ქვაჯვრის წარწერები. ესაა ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული საამშენებლო ქტიტორული შინაარსის წარწერა, რომელიც გვაუწყებს: „ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თის(ა)ჲთა, ა(ღ)ვ(ა)შ(ე)ნე ჯუ(ა)რი ესე ს(ა)ხ(ე)ლსა ზ(ედ)ა ღ(მრთი)სა მ(ა)მისა, ძისა, ს(უ)ლისა წ(მი)დ(ი)სსა. მე, გ(იორგ)ი ბ(ა)ს(ი)ლის ძემ(ა)ნ. აწ, ვინცა ევედრ(ე)ბ(ო)დ(ე)თ, ჩ(უე)ნ, გ-ნივე ძმანი ლ(ოცვასა მოგუიჴსენენით. ა(მე)ნ, იყ(ა)ვნ“ (იხ. შავ-თეთრი ფოტო ილუსტაციაზე – კ.კ.). ასევე საყურადღებოა, რომ ქვაჯვარის ოთხივე გვერდზე ამოკვეთილი ჯვრები ქართული ასომთავრული წარწერებით: „წ(მიდა)ჲ ბ(ა)ს(ილი)“, „წ(მიდა)ჲ თ(ეოდორ)ე“, „წ(მიდა)ჲ დ(ე)მ(ე)ტრე“, „წ(მიდა)ჲ მ(ე)რკ(ი)ლე“.
ფასდაუდებელია ანუხვის ქვაჯვრის წარწერების, როგორც ისტორიული მნიშვნელობა, ასევე პალეოგრაფიული ღირებულება. საქართველოში ტაძრის მშენებლობას წინ უძღოდა ჯვრის აღმართვის პროცესი. საგულისხმოა, რომ ანუხვის ქვაჯვრის კომპოზიციის თემატიკას აფხაზი მეცნიერი ლეონ შერვაშიძე საქართველოში ჯვრის აღმართვის ტრადიციას უკავშირებს და მოჰყავს პარალელები სვეტიცხოვლის, მცხეთის ჯვრის, სვანეთის ეკლესიების ისტორიიდან. ანუხვის წარწერების შინაარსიდან ირკვევა ქვაჯვრისა და ტაძრის ქტიტორთა ვინაობა. დასახელებული ისტორიული პირები XI საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ფეოდალური სახლის წარმომადგენლები არიან, რომლებიც აფხაზეთში, საკუთარ მამულში აგებენ ტაძარს, რასაც ტრადიციულად, წინ უძღოდა ჯვრის აღმართვის პროცესი. სახლის უფროსი გიორგი ბასილისძე და მისი ძმები თევდორე, დემეტრე და მერკილე, მამის ხსოვნისა და საკუთარი სულის სალოცავად, უფლის სახელზე ჯვრის გამოსახულებიან სტელას აღმართავენ.
პალეოგრაფიული თვალსაზრისით, გიორგი ბასილისძის წარწერაში აისახა ქართულ დამწერლობაში მიმდინარე ცვლილებები, კერძოდ, ანბანის კიდურწაისრულობის პროცესი. მეცნიერები გამოყოფენ ქვის კალიგრაფიულ სკოლებს, მათ შორის კიდურწაისრული დამწერლობის ქვის კალიგრაფიულ სკოლას, რომლის ქრონოლოგია თავდაპირველად XI საუკუნეს, ხოლო თანამედროვე კვლევებით, X-XII და XIII ს. დასაწყისამდეც მოდის. მათი ნიმუშები გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიულ წარწერებში. ანუხვის წარწერის შედარება კიდურწაისრული ქვის კალიგრაფიული სკოლის საუკეთესო ნიმუშებთან – სვეტიცხოვლის, სამთავისის, ალავერდის, ნიკორწმინდის, მრავალძალის, გოდოგანის, კაცხის წარწერებთან, ცხადყოფს მათ საერთო მახასიათებლებსა და იდენტურობას. ამ თვალსაზრისით, გიორგი ბასილის ძის წარწერა ქართული კიდურწაისრული სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად უნდა ჩაითვალოს.
როგორც ჩანს, ოსტატი გაურბოდა ერთფეროვან ორნამენტებს და ცდილობდა ოთხივე მხარეს მრავალფეროვანი მოტივები ამოეკვეთა, ამიტომ ქვაჯვრის კიდეები განსხვავებული ორნამენტით არის წარმოდგენილი. ორნამენტებსა და მოტივებს შორის ყურადღებას იქცევს ვენახის სიმბოლური გამოსახულება სავსე მტევნის სახით. ცნობილია, რომ ქვის ძეგლებზე გამოსახული ვაზი, ქართველთა წარმართული რელიგიისა და ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდეს სიმბოლოა და ქართველებისთვის, როგორც უძველესი სამიწათმოქმედო ერისათვის, ვაზი ოდითგანვე შეადგენდა თაყვანისცემის სიმბოლოს. ქართულ რელიეფურ ხელოვნებაში ვენახის, ვაზის სიმბოლო გვხვდება ტაძრების ფასადებზე, ქვაჯვრებზე, სტელებსა და სვეტებზე. მაგ. ბოლნისის, წილკნის, მცხეთის ჯვრის, ბანას, ბაგრატის ტაძრის ფასადებზე. ვაზის გამოსახვის განსაკუთრებულ სახეს ქმნის სვეტიცხოველი, სამთავისი და ანანური – ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების სამი უბრწყინვალესი ტაძარი.
ანუხვის ვაზის სავსე მტევნები სტილისტურად ჩამოგავს თბილისის მეტეხის სამხრეთ კედლის დეკორაციულ თაღნარში ჩართულ მტევანს, მარტვილის ტაძრის გარე ფასადის მსხმოიარე ვაზის სავსე მტევნებს, სამთავისის აყვავებული ვაზის მტევნებს და ა. შ. ანუხვის ქვაჯვარი ასევე პარალელს პოულობს რელიგიური დანიშნულების სტელებთან და ქვაჯვრებთან, რომლებიც ყოველთვის გვირგვინდება ძლევის მიმანიშნებელი ჯვრით. ამ მახასიათებლით ქვაჯვარი გავს პანტიანის, დმანისის, ბოლნისის სტელებს, თუმცა როგორც ყველგან, ოსტატი აქაც ჯვრის ორიგინალურ კომპოზიციას ქმნის. თუ შევაჯამებთ ზემოთქმულს, ანუხვის ქვაჯვარი რელიეფური კომპოზიციით, ვაზის რქისა და სავსე მტევნის არაორდინალური გამოსახვით, კიდურწაისრული ხელოვნებითი დამწერლობის ვარიაციებით ერთიანდება ქართული საკელესიო ხელოვნების მრავალფეროვან მოზაიკაში.
არანაკლებ საინტერესოა ანუხვის ჯვარცმა, რომელიც ასევე აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ეს ქვის ფილა – სამ ნაწილად გატეხილი, ე. ენდოლცევას დამოწმებით, ამჟამად ჩანს, რესტავრირებულია. ფილის დაწვრილებითი ხელოვნებათმცოდნეობითი აღწერილობა, იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი შეასრულა რენე შმერლინგმა. ფილის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია ქრისტიანულ ხელოვნებაში გავრცელებული ჯვარცმის ყველაზე ცნობილი სცენა. ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ, მარიამ ღმრთისმშობელი და იოანე ღმრთისმეტყველი ვედრების პოზაში არიან გამოსახული. ჯვარცმის ზემოთ, მარჯვენა და მარცხენა კუთხეში მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების რელიეფური გამოსახულებებია, ხოლო მათ გასწვრივ, ჯვარცმიდან ოდნავ მარცხნივ ამოკვეთილია ბერძნული ასომთავრული წარწერა ერთ სტრიქონად: „ჯვარცმა“. ქრისტეს თავს ზემოთ ჯვრის ზედა მკლავზე მართკუთხა ფილაზე, ამოკვეთილია ორსტრიქონიანი განმარტებითი წარწერა ქართული ასომთავრულით: „აჰა მეუფე ჰურიათა“ . ჯვრის ორივე განივი მკლავის ზემოთ კი ისევ ქართული ასომთავრულით წარწერა იკითხება: „ჯვარცმაჲ ქრისტესი“.
ძეგლის დათარიღებისას ყურადღება მიექცა კანკელის ორნამენტის ხასიათს, რომელიც პირობითად მეორდება X-XI საუკუნეების მიჯნის არქიტექტურულ ფორმებში. კერძოდ, ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ფასადის ერთ-ერთი სარკმლის ფორმებში, სოფ. ეხვევის ეკლესიის დასავლეთის შესასვლელის ტიმპანის რელიეფზე და ა.შ. მათი ორნამენტიკა იძლევა ქართული კანკელის დეკორში რელიეფური კომპოზიციის თანდათანობით დანერგვის სურათს. ანუხვის ჯვარცმა ქართული ხელოვნების სხვა ნიმუშებსაც ენათესავება. ჯვარცმის მრავალრიცხოვანი ნიმუშები გვხვდება როგორც მონუმენტურ, ასევე მცირე ზომის ქვის რელიეფებზე და ჭედურ ხელოვნებაში. ესენია: ზემო სვანეთის XI-XII სს. ლენჯერის ეკლესიის ჯვარცმა, XII-XIII სს. მაცხვარიშის ჯვარცმა, რაჭის მრავალძალის ტაძრის ჯვარცმის კომპოზიცია, რომელიც XI ს. თარიღდება; იმავე აფხაზეთიდან, კოდორის ხეობისა და სამათოს მთის ეკლესიის რელიეფები. ჯვარცმის კომპოზიცია ფართოდაა წარმოდგენილი ჭედური ხელოვნების ძეგლებშიც. მაგ. XI ს. I მეოთხედის ზარზმის ხატი „ღმრთისმშობელი ყრმით“, მარტვილის 1644 წლის „თორმეტი დღესასწაულის ხატი“, შემოქმედის XVI ს. II ნახ. საეკლესიო დღესასწაულთა ხატი, აფხაზეთის კათალიკოსის მალაქია გურიელის დაკვეთით 1619 წელს შეჭედილი ცაიშის „თორმეტი დღესასწაულის ხატი“ და სხვა.
1938 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში ინახება ანუხვის სვეტიც, რომელიც წარმოადგენს ქვის თლილი მრგვალი ფორმის არქიტექტურულ დეტალს, მრგვალი ფორმის კვარცხლბეკით. კვარცხლბეკის ზემოთ, სვეტზე ამოკვეთილია ოთხ სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც შინაარსით მემორიალური ჯგუფის ძეგლებს განეკუთვნება და წარმოადგენს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებისადმი მიმართულ, სავედრებელი ხასიათის ეპიგრაფიკულ ძეგლს. წარწერაში იკითხება: „ქ წ(მიდა)ნი მთ(ა)ვარა(ნ)გ(ე)ლოზნი მ(ი)ქ(აე)ლ
და გ(ა)ბრ(იე)ლ“. … ჩვენი დაკვირვებით, ანუხვის სვეტის წარწერა XIV-XV საუკუნემდელი არ უნდა იყოს.
ბოლო დროს მეცნიერთა ყურადღების ქვეშ მოექცა ანუხვის ტყვიის საბეჭდავი, რომლის შუბლზე წმინდა გიორგის გამოსახულებასთან ასომთავრულით შესრულებული განმარტებითი წარწერა იკითხება „წ(მიდა)ჲ გ(იორგ)ი“, ხოლო ზურგზე „წ(მიდა)ჲ გ(იორგ)ი, მონ(ა)სტრ(ი)სა აჲნახჳისაჲ“. საბეჭდავის წარწერაში დაფიქსირებული ტოპონიმი „აჲნახჳ“ ამჟამინდელი ანუხვის ოდნავ შეცვლილი ფორმა უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ ანუხვაში წმ. გიორგის ეკლესიის გარდა, XI საუკუნეში არსებობდა აგრეთვე ქართული მონასტერი, საიდანაც შემოგვრჩა განხილული უნიკალური საბეჭდავი.
ამრიგად, ანუხვის არტეფაქტებით და მათზე დაცული ისტორიული წარწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ანუხვაში XI საუკუნეში ადგილობრივი ფეოდალური სახლის წარმომადგენლებმა აღაშენეს „ჯუ(ა)რი ს(ა)ხ(ე)ლსა ზ(ედ)ა ღ(მრთი)სა მ(ა)მისა, ძისა, ს(უ)ლისა წ(მი)დ(ი)სასა“. როგორც ჩანს, ანუხვის ჯვარი და ტაძარი თავდაპირველად უფლის სახელზე იყო აგებული. ამაზე ირიბად მიანიშნებს იმავე ტაძარში ნაპოვნი უფლის ჯვარცმის გამოსახულებიანი ფილა ქართულ-ბერძნული წარწერებით. მოგვიანებით XIV-XV საუკუნეებში, ტაძრის მორიგი განახლების დროს, ან თავიდან მშენებლობის დროს ტაძარს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელი ეწოდა. ანუხვის არტეფაქტებზე დაცული საამშენებლო და სავედრებელი ხასიათის წარწერები ადასტურებს, რომ სამონასტრო კომპლექსის ღმრთისმსახურების ენა ქართული იყო“.
##@@##

Bu Hafta Sonu Rotanda Neresi Var?
Yeni yerler keşfetmenin, yolda olmanın ve küçük kaçamakların tam zamanı! 🏖️ 🧳
www.metroturizm.com.tr
metroturizm #metroilegeziyorum #turkiye #seyahat #yolculuk #guvenliyolculuk #indirim
https://www.facebook.com/share/r/1Cj9rn1cbi/