თინათინ ჯაბადარი
საქართველოს ეროვნული არქივი
ილია ჯაბადარი და მისი ურთიერთობა
აჰმედ მელაშვილთან
(საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ
არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით)

თინათინ ჯაბადარი
საქართველოს ეროვნული არქივი
ილია ჯაბადარი და მისი ურთიერთობა
აჰმედ მელაშვილთან
(საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ
არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით)
დღევანდელი თურქეთის ტერიტორია უამრავი ქართველითაა დასახლებული, როგორც მათ ეძახიან „ჩვენებურებით“. ისინი იმ ქართველების შთამომავლები არიან, რომლებიც გასულ საუკუნეებში საქართველოს ბედუკუღმართობის გამო, დაპყრობილი მიწებიდან ოსმალეთის მიწაზე დასახლდნენ. ამ მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო რუსეთ – თურქეთის ომის დროს. მუჰაჯირობის შედეგად მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა, ქვემო გურია, ქვემო აჭარა და გონიო, საქართველოდან თურქეთში ასორმოცდაათი ათასზე მეტი ქართველი მუსულმანი გადასახლდა.
ქართულმა მოწინავე საზოგადოებამ დიდი მუშაობა ჩაატარა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 1915 წელს ქართულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ – ქართველ მაჰმადიანთა დასახმარებლად შეკითხვით მიმართა ფართო საზოგადოებას მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ამ საქმეში გათვითცნობიერებულ ყველა ქართველს: „რა ღონისძიება უნდა იხმაროს ქართველმა საზოგადოებამ, ეროვნულ-კულტურულად რომ დაიახლოვოს და შემოიერთოს სამაჰმადიანო საქართველო“ (საკითხი ეხებოდა უმეტესწილად ომისაგან დაზარალებულ აჭარის მოსახლეობას.) ამ შეკითხვაზე პასუხები გამოაქვეყნდა 1915 წლის 26 ივლისის სპეციალურ გაზეთში „ძმური სიტყვა“, სადაც დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის, ვაჟა – ფშაველას, გიორგი ჟურულის, გრიგოლ ყიფშიძის, გიორგი ლასხიშვილის, სოფრომ მგალობლიშვილისა და სხვა ცნობილი პიროვნებების პასუხები, რომლებიც ფორმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, შინაარსი და დედააზრი ერთი და იგივე იყო – ქართული სკოლა, წერა – კითხვის გავრცელება, მამაშვილური სიყვარულის გაღრმავება. არ შეიძლება განირჩეოდეს მაჰმადიანური და ქრისტიანული საქართველო: აი რას სწერდა ჩვენი უდიდესი პოეტი ვაჟა-ფშაველა: „ავადმყოფის სარეცელზე სხეულით დაუძლურებულს სულს მილხენს იმედი, რომ ქრისტიან და მაჰმადიან ქართველებს ეროვნული დუღაბი კვლავ შეაერთებს. პირადად დამივლია აჭარა, ქობულეთი, კლარჯეთი, ტაო- დიდებული მესხეთი ჩვენი დღევანდელი ძვირფასი სამაჰმადიანო საქართველო. დიდებულია იგი ქვეყანა, იქ გაფანტული კულტურის ნაშთები – სულია ჩვენი ერისა. წარსულში ჩვენი ძმობა იყო მტკიცე და შეურყეველი, როგორც სალი კლდე. ამიერიდან უნდა აღსდგეს იგი უფრო შეურყეველი გახდეს. ისინი და ჩვენ ხომ ერთი სისხლი და ხორცი ვართ, საერთო ქართველი წინაპრებისა!“ (სუიცა, ფ. 303, აღ. 1, საქ. 435,ფ 16. ).
გასული საუკუნის დასაწყისში ქართულ მიწაზე დაწყებულ მამულიშვილურ საქმეს დავიწყება არ ეწერა. თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის ასეთივე საფიქრელი იყო დედა სამშობლოსთან დაახლოვება.

ეროვნული თვითშეგნება აღორძინდა და გაძლიერდა მეოცე საუკუნის 50-ინ წლებში. ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა თურქეთში მცხოვრები დიდი ქართველი აჰმედ ოზგანი – მელაშვილი. მისმა მოღვაწეობამ ახალი სული ჩაჰბერა ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების ცხოვრებას, მას ზოგჯერ XX საუკუნის „თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძესაც“ უწოდებენ.
მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის 1922 წელს ბალიქესირის რაიონის სოფელ ქოჩბაიერში, ქართული მუჰაჯირების ოჯახში დაიბადა და ქართულად აიდგა ენა. მისი წინაპრები მუჰაჯირობის დროს სოფელ არხავეთიდან, (მდინარე ჭოროხისა და მდინარე მურღულის შეერთების ადგილი) გადმოსახლდნენ. მამამ შეაყვარა ქართული ენა, რადგან ადრე დაობლებულს მამა ზრდიდა. ბალიქესირში მიიღო საშუალო განათლება, შემდეგ კი იზმირის ვაჟთა ლიცეუმში სწავლის პერიოდში აჰმედმა დაიწყო „გურჯების“ (თურქეთში მცხოვრები ქართველები ასე ეძახიან თავიაანთ თავს) შემოკრება, მაგრამ ირგვლივ ინფორმაციული ვაკუუმი იყო. ამ ჯგუფის მიზანი იყო მათი შორეული წინაპრების-ქართველების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

ახმედი 1944 წელს ჯარში გაიწვიეს. სწორედ აქ გაიცნო ქართველი ემიგრანტი, რომელმაც უამრავი რამ მოუყვა ქართველებზე და ქართულ კულტურაზე. მიასწავლა ადგილი, სადაც ქართული კულტურის ღრმად შესწავლის შესაძლებლობა მიეცემოდა. ეს იყო საქართველოს სავანე – სტამბულის დიდი ქართული ბიბლიოთეკა. სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას უფრო ახლოს გაეცნო ქართულ ბიბლიოთეკაში დაცულ საქართეველოს ისტორიასა და კულტურას, შეისწავლა ქართული ანბანი, წერა-კითხვა, რამაც გადააწყვეტინა თურქი ქართველებისათვის დაეწერა წიგნი“ გურჯების“ ისტორიაზე.
1955 წელს დაოჯახდა, შექმნა ქართული ოჯახი, შეეძინა ორი შვილი და მათთან ერთად 1959 წელს ბურსაში გადავიდა საცხოვრებლად.
50-იანი წლების ბოლოს, აჰმედმა მოახერხა საქართველოში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირება. გაიცნო და დაუახლოვდა პარიზში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და იქაური ქართველების ჟურნალის, „თავისუფალი ტრიბუნის“ გამომცემ ჯგუფს. აჰმედის მომავალი მოღვაწეობისათვის მეტად საინტერესო გამოდგა ამ ჯგუფთან, განსაკუთრებით კი ილია ჯაბადართან ურთიერთობა. მათ ერთად უამრავი კეთილი საქმე გააკეთეს, ისინი ორივე ერთნაირად იყვნენ დაინტერესებულნი ქართული კულტურის პოპულარიზაციით, ქართველი ხალხის დაახლოვებით.
ილია ჯაბადარის სახელი და მისი მოღვაწეობა ნაკლებადაა ცნობილი ქართველი ხალხისთვის. ის საქართველოში დაიბადა, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. ილია საზღვარგარეთ მოღვაწე კომპოზიტორის – ერეკლე ჯაბადარის ძმა იყო.
იმისათვის, რომ გავიგოთ რატომ გაითავისა თვითონ ემიგრანტმა თურქეთში გადასახლებული ქართველების დიდი წუხილი, აუცილებლობად ჩავთვალე მოკლედ გაგაცნოთ ილია ჯაბადარის ცხობრების გზა.
საქართველოში მენშვიკური მთავრობის მოღვაწეობის დროს ილია საქართველოში იყო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. 1919 – 1921 წლებში სავაჭრო – სამრეწველო პალატამ იგი ბელგიაში თავის წარმომადგენლად დანიშნა. (სუიცა, ფ.735, აღ.1, საქ. 373, ფ.115.) მან მნიშვნელოვანი ცნობები მოაგროვა საქართველოში არსებული შავი ქვის, მატყლის და აბრეშუმის წარმოებაზე, მალე დაამყარა ურთიერთობები ცნობილ ფრანგულ ფირმებთან…მოგვიანებით საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საქართველო და როგორც მაშინ ბევრმა ქართველმა, ევროპას მიაშურა. პარიზი გახდა მისი ძირითადი საცხოვრებელი ქალაქი.
ჯაბადარი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა. ომამდე და ომის შემდეგ ილია ჯაბადარმა რამდენიმე ანტიფაშისტური დოკუმენტური ფილმი გადაიღო, პარიზში გერმანელების შემოსვლის შემდეგ ეს ფილმები გაანადგურეს და თვითონ რეჟისორი „ბაკურციხელი“ (ჯაბადარის ფსევდონიმი იყო) ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას. 30-იან წლებში მან და მისმა მეუღლემ სუზან ჯაბადარმა, ფრანგულ ენაზე თარგმნეს ალ. მანველიშვილის მიერ შედგენილი საქართველოს ისტორია და გადამუშავებული წიგნი „ოქროს საწმისის“ მიერ გამოიცა და პარიზის წიგნთსაცავებს დაურიგდა.
საქართველოს სახელისათვის აუცილებელობად მიაჩნდა ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია. „მე ყოველთვის იმ აზრისა ვიყავი, რომ ქართველი ერის გასაცნობად ევროპელების მიერ საჭირო იყო ამ ასპარეზზე ქართული ხელოვნების გამოტანა. გარდა მუსიკისა და მხატვრობისა, ჩვენი ცეკვების ჩვენება აუცილელად მიმაჩნდა. ამაზე ხშირად ვნატრობდი, მაგრამ ვერ ვხედამდი ამის განხორციელების საშუალებას.“ (სუიცა, ფ. 202, ან.1, ს. 82.)
1949 წელს შეძლო პარიზში, იქაური ქართველებისაგან ჩამოაყალიბა ქართული ცეკვის ანსამბლი „ქართული ბალეტი“, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ტრიუმფით შემოიარა ევროპის ყველა დიდი ქალაქის საკონცერტო დარბაზი, კონცერტების დაწყებამდე სცენაზე გამოსული ილია ჯაბადარი ქართული ცეკვისა და ეროვნული ჩაცმულობას მიმოიხილვდა. ჟურნალი „ბედი ქართლისა“ 1953 წლის აპრილში წერდა: „ბატონი ილია ჯაბადარის ქართული ცეკვების ბალეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული ცეკვების უცხოეთში გამოტანა არის ერთი უდიდესი საშუალება ჩვენი კულტურის პროპაგანდისა. მადლობასთან ერთად ბატ. ი. ჯაბადარი ღირსია ჯეროვანი ყურადღებისა და დახმარებისა ქართველი საზოგადოების მხრივ, მისთვის ამ მძიმე პირობებში უსასყიდლოდ, ასეთი უანგარო კულტურული მოღვაწეობისათვის“. (უიცა. ფ. 202, აღ. 1 ს. 68.)
„ქართული ბალეტით“ არც დაწყებულა და არც დამთავრებულა ილია ჯაბადარის კულტურული მოღვაწეობა, საქართველოს სახელისთვის უკეთესი იყო თვითონ ქართული ანსამბლების გაცნობა მსოფლიო მაყურებლისათვის. მისი მიზანიც ეს იყო: „ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია მსოფლიოს გავაცნო ქართული ხელოვნება“ (ფონო ჩანაწერი).
60-იანი წლებიდან ჯაბადარი იმპრესარიოს ძნელსა და რთულ გზას დაადგა და სულ მალე მთელს ევროპაში ცნობილი იმპრესარიო გახდა და უფრო მეტი მონდომებით შეუდგა ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მის სახელთანაა დაკავშირებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, ანსამბლ “რუსთავის“ და სხვა ქართული ანსამბლების (ჯგუფების) საგასტროლო მოგზაურობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ არ განხორციელებულა რაიმე კულტურული ღონისძიება, რომელშიც ილია ჯაბადარს არ მიეღოს აქტიური მონაწილეობა. აჰმედ მელაშვილისა და თურქ ქართველებთან ურთიერთობა ამ მხრივ ერთ-ერთი საუცხოო მაგალითია. საქართველოში ახლობელთან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:„ ოსმალეთში იმყოფება 60.000 გამაჰმადიანებული ქართველი… ამათ შეინარჩუნეს ქართული ენა, ადათები, ცეკვები და სიმღერები… ახალგაზრდობა გადაგვარების გზას ადგა. ქართული გრძნობის გასაღვიძებლად ერთმა ყმაწვილმა შეადგინა მოცეკვავე ჯგუფი ( როგორც მე აქ პარიზში, იგივე მიზნით) და მთხოვა დარიგება ტანსაცმელზე, ცეკვებზე და სხვა. შორიდან, რაც შემეძლო მივაწოდე. თურმე ქალაქ ბურსაში ფესტივლის დროს დიდი მოწონება ჰქონიათ. მთხოვენ იქ წასვლას და ალაგობრივ დავეხმარო ყველაფერში. როგორც სჩანს საწყლები არიან და ვერ გაიღებენ ხარჯს ჩემს მოგზაურობისათვის, მე კი წრეულს ამისთანა ხარჯის ატანა არ შემიძლიან და შევპირდი მომავალ წელს წასვლას და თან წაყოლას ჩემი ბალეტმეისტრისა (კოხრეიძესი). მიწერ-მოწერას კი ვაწარმოებ. სანიმუშო ტანისამოსიც გავუგზავნე. ერთი სიტყვით ამ ძმებს უნდა მივხედო და დავეხმარო წმინდა პატრიოტული მიზნით….თუ მეღირსა მომავალ წელს იქ წასვლა, ვფიქრობ გადვიღო სურათები, ჩავწერო სიმღერები და მათი ცეკვები შევისწავლო. მგონია, ალბათ მათ შერჩათ ის რაც ჩვენში მივიწყებულია. სხავათა შორის ის ყმაწვილი (რომლის ქართული გვარი მელაშვილია) მწერს რო : „ჩამობრძანდით, აქ მთელი ქართველობა თქვენ გელით, გზის ფულს კი ვერ გავიღებთ, მაგრამ აქ შეგინახამთ და ქართულ საჭმელებს მიირთმევთ ….. თავისი ოჯახის სურათი გამომიგზავნა ცოლი, ქალიშვილი, ვაჟი და თვითონ ისეთი ტიპიური ქართველები არიან, რო მესიამოვნა“. ( სუიცა. ფ. 202, აღ. 1, საქ. 70) .
ილია ჯაბადარსა და აჰმედ მელაშვილს შორის თავიდანვე საუცხოო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. აჰმედი წერილებში ილია ჯაბადარს მოიხსენიებს, როგორც ბიძას, თავის მხრივ ილიასაც მასთან მამა-შვილური დამოკიდებულება ჰქონდა. აჰმედისათვის ილია ქართულ საზოგადოებასთან საიმედო დამაკავშირებელი იყო. მათი ურთიერთობა დაიწყო გასული საუკუნის 60 – იან წლებში. მოგეხსენებათ, საქართველო საბჭოთა რესპუბლიკა იყო. თურქეთიდან შეუძლებელი იყო საქართველოსთან პირდაპირი კავშირი, როგორც ჯაბადარი, ასევე მელაშვილიც ცდილობდნენ ეს ლამაზად დაწყებული საქმე უვნებლად დამთავრებულიყო, რომ თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის ზიანი არ მიეყენებინათ: „დიდი სიფრთხილეა საჭირო კეთილად დაწყებული ურთიერთობა თურქეთში მყოფ ქართველებთან მათთვის უვნებლად გაგრძელდეს, თქვენ მოგეხსენებათ, რო თურქეთში კომუნისტური პარტია აკრძალულია და თუ ვინმე საეჭვო მოეჩვენება თურქულ პოლიციას, იმას სჯიან….არ იფიქროთ აგრეთვე ზოგიერთ ქართველს ჰქონდეს ისეთი გაგება პატრიოტიზმზე, როგორც ჩვენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც დაბეზღება არაფრად უღირს და ადამიანის დაღუპვაც.“ (სუიცა. ფ. 202, აღ. 1. საქ. 70, ფ. 93.) ასეთ პირობებში აჰმედი მაინც ახერხებდა ამ მძიმე“ ტვირთის“ ტარებას, ყველა ქართველს, ვისაც მასთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ეხვეწებოდა მასზე და იქაურ ქართველებზე ინფორმაცია არსად არ გამოექვეყნებინათ. (სუიცა. ფ. 202, აღ.1, საქ.95, ფ.1).
აჰმედმა ილია ჯაბადარის დახმარებით ნათელი მოჰფინა თავის ნაოცნებარს …. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ „ჩემი გული დიდი ხანია, 7 წლიდან ქართველობდა, 57 წლის ვარ, დაახლოებით 15 წლის მეგობრები ვართ. ჩემ ანთებულ გულში შეშა ჩააგდეთ, გააჩაღეთ. ამის შემდეგ არ ჩანელდება. მე და თქვენ მიმოწერა, რომ დავიწყეთ, ქართული მეტი არ ვიცოდი. მე დავიწყე ფრანგულად წერა მიტომ ასე მეადვილა, მაგრამ თქვენ აკრძალეთ და უძულებული დავრჩი ქართულზე…..
მერე დამპატიჟეთ პარიზში, გავიცანით ერთმანეთი და ვნახე ქართველი ჯგუფი… კიდევ აღავსეთ ჩემი გული ქართული გრძნობებით… თქვენი ქართული ჯგუფის თურქეთში მოყვანა ბევრ ქართველს თვალები აახილა…
თქვენი საჩუქარი მაგნიტაფონიდან ბევრი ვისარგებლეთ…
ასე არ დაითვლება თქვენი ნაქნარები ჩემზე ქართულ ეროვნულ საკითხებზე.
ამიტომ რაც ვაკეთებ ამაში თქვენი დიდი როლი არ…. საფრანგეთის ქართველებში ჩემი ნამდვილი მეგობარი თქვენ ბრძანდებით და კიდევ თქვენ ხართ პატრიოტი ყველაზე წინ.“ ( უიცა. ფ. 303, ა. 1, ს. 1207, ფ. 1,4)
ვინც აჰმედ მელაშვილის ნამოღვაწარს იცნობს, ყველამ იცის, რომ თურქეთში ს. ხეირიეში კულტურის სახლი, რომელიც დღეს გამაჰმადიანებული ქართველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის კერაა, მისი ორგანიზებით აშენდა. ამ საქმეშიც ილიას დიდი დახმარება გაუწევია. მან მოახერხა გერმანიაში და ამერიკაში მცხოვრები ქართველების დაინტერესება ამ საკითხით, მათი და ილია ჯაბადარის მნიშვნელოვანი შემოწირულობით მოხდა ამ სახლის საძირკველის ჩაყრა „ …ახლა ერთ მნიშვნელოვანი წინადადება გვაქსთ, სოფელ ხეირიეში აშენება გვინდა „კულტურის სახლი, იქ ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ ქართული ცეკვა, სიმღერა და წერა-კითხვა. გიგზავნი პროეკტები. თუ შეიძლება მანდაური ქართველებში შეიტანე საკითხი, დაგვეხმარონ ეკონომიურათ, ეს ბინა რომ ავაშენებთ. დიდ ეროვნულ, სამშობლური და საისტორიო საკითხი და გეგმააა. გმადლობთ.. „(ფ. 303, ა. 1, ს. N 1207, ფ.3).
სოფელ ხეირიეთის კულტურის სახლის პროექტები (სუიცა, ფ.303, აN1, s. 1214)
აჰმედი პარიზში ილია ჯაბადარსა და მისი ძმებს სტუმრობდა. უკან დაბრუნებული ერთ-ერთ წერილში სწერდა: „მე პარიზში ბატონ ჯაბადარის სტუმარი ვიყავი, გავიცანი ისინი ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთი-მეორეზე მეტი კარგი ქართველები არიან. სუზან ჯაბადარი ქართველი არ არის, მაგრამ გაქართველებულია და ჯობს ქართველებს და თან იცის საქართველოს ისტორია“ (სუიცა. ფ. 202, ა. 1, ს. 92, ფ.17.)
უაღრესად თბილი დახვედრა ჰქოდათ 1965 წელს ილიასა და მის მეუღლეს თურქეთის ქართულ სოფლებში. აჰმედ მელაშვილის მიწვევით ილიამ თურქეთში გამაჰმადიანებულ ქართველებთან 17 დღე დაჰყო, ჯაბადარმა მოინახულა ბურსის, ჰილმიექოის, ალაჩამიქოის, არმუთალანის და აჰმედის მშობლიური სოფელი ჰაირიექოის მოსახლეობა. ყველგან უამრავი ქართველი ხვდებოდა. მოგზაურობის დროს ხდებოდა იქაური სიმღერების, ხალხური გამონათქვამების, ლეგენდების ჩაწერა. სტამბულში ქართული ტაძარი მოინახულა, სადაც იმჟამად პავლე აკობაშვილი მოღვაწეობდა.
ამაღელვებელი იყო „გურჯებთან“ გამომშვიდობება. სოფელ ჰაერიოქოთის საზღვართან ილიამ ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა:… „მადლობელი ვარ სტუმართმოყვარეობისთვის და მისთვის რო ასე ვაჟკაცურად შეგინახიათ ქართული ადათები, ქართული ენა, სამშობლოს სიყვარული. იცოდეთ, რომ ქართველ ერს ბევრი ვარამი გადაუტანია და კიდევაც იქნებ გადაიტანოს, მაგრამ, ჩვენ სულით ძლიერნი ვართ და ზოგი ერი დედამიწის ზურგიდან გაქრა, ჩვენ ვარსებობთ, მოვღონიერდით, გავნათლდით და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები თუ ოდესმე დაუბრუნდებიან სამშობლოს, ჩვენზე ძლიერი ერი, სულით, გულადობით ქვეყანაზე არ მოიპოვება. მე მინდა ყველა თქვენთაგანი გადავკოცნო, მაგრამ ბევრნი ხართ და ვკოვნი თქვენს მუხტარს და ეს კოცნა თქვენთვისაც არის. მშვიდობით! ატირდა ხალხი და მეც მივმალე ჩემი ცრემლები….“ (სუიცა. ფ. 202, ა.1, ს.79, ფ.4). არ მოხერხდა მოკლე დროში ყველა სოფლის ნახვა, ამიტომ ადგილზე დარჩენილმა აჰმედმა გააგრძელა ილიას დაწყებული საქმე. თურქეთში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ ილია წერდა: „ჩემმა წასვლამ და ჩვენებთან ლაპარაკმა გამოიწვია დიდი სურვილი ქართული წერა-კითხვის სწავლისა. ყველა ამაყობს ქართველობით, ბევრს სურს საქართველოს ნახვა, ეს სურვილები უფრო გაღვივდება თურქეთში ქართულ მოცეკვავეთა გასტროლით, არაფერი არ უნდა დავზოგოთ ამისთვის“ (სუიცა, ფ. 202, ა. 1. ს. 79).

პარიზში დაბრუნებულმა ილიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქი ქართველებისავის ქართული ნაციონალური ანსამბლის კონცერტი ეჩვენებინა. ქართულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ კონცერტების ვადა გადაიწია: „ამისთანა რამ აქ სიზმარშიც არ უნახათ, ქართველები ხომ სულით გამაგრდნენ, შორეული სოფლებიდან და ქალაქებიდან მოდიან. ზოგი სამჯერ – ოთხჯარ ესწრება ამ კონცერტს. მე მგონია რო ჩემს მიზანს მივაღწიე, მიყუჩებული ქართველობა გავაცოცხლე და რო შედეგი იქნება ამის, ეს მომავალი გვიჩვენებს.“… (სუიცა. ფ. 202, ა. 1, ს.80, ფ. 29ა.) ეს იყო აჰმედ მელაშვილის დიდი სურვილიც.
მათ ნამოღვაწაზე უამრავი რამის დაწერა შეიძლება…. მელაშვილი დიდ ეროვნულ საქმეს შეეწირა…. მას კიდევ უამრავი საქმის გაკეთება შეეძლო. … მის ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „აი ახლა შეგატყობინოთ, რომ მე ვფიქრობ თქვენი და სხვების წერილები საზოგადოებას ჩავაბარო. მომავალში მეცნიერები წაიკითხავენ თქვენს წერილებს და დაგვაფასებენ, შორი სამშობლოსათვის როგორ იმუშავია და გაუკეთებიაო“ (უიცა. 303, ა.1 ს. 1207, ფ. 4). ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი…1980 წლის 5 ივლისს ქალაქ ბურსაში აჰმედ ოზქანი თურქული ულტრანაციონალისტური დაჯგუფების “რუხი მგლების“ აქტივისტებმა მოკლეს, ამ მკვლელობამ მსოფლიო აალაპარაკა. ამ ფაქტს ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ გამოეხმაურა: „თურქეთიდან მოსული წერილები მოწმობენ, რომ იქაური ქართველები აღშფოთებული და თავზარდაცემულნი არიან ამ საზიზღარი მკვლელობით, განსვენებული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა მათ შორის…დღიდან „თავისუფლების ტრიბუნის“ დაარსებისა განსვენებულს ხშირი წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენთან, წელიწადში ერთხელ მაინც გვიგზავნიდა თავისი საქმიანობის დაწვრილებით ანგარიშს, გვატყობინებდა მომავალი საქმიანობის გეგმებს.
„თავისუფლების ტრიბუნა“ მწარედ დასტირის ამ მხურვალე მამულიშვილის ტრაგიკულ სიკვდილს, ქედს იხრის მისი ნათელი ხსოვნის წინაშე სთხოვს მეუღლეს ქალბატონ იუქსელას, შვილებს თამარს და იბერიას მიიღონ მათი დამწუხრებული სამძიმარი“.
აჰმედის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ორ წელში ილია ჯაბადარიც გარდაიცვალა. ილია გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ერთ-ერთ ნათესავს სწერდა „… მე ვჩქარობ და სიკვდილს გავურბივარ, რომ ჩემი მიზნები აღვასრულო, მანამ „ვერაგი“ გზაში არ დამეწევა“… (სუიცა. ფ. 202, ა. 1, ს. 80, ფ.15). ისევ მისი სიტყვები: „მე ჩემს მიზანს მივაღწიე, ქართული კულტურა გავაცანი ევროპას და ამით ვათავებ ჩემს ცხოვრებას“. (სუიცა. ფ. 202, აღ. 2, ს. 60, ფ. 4.). მიუხედავად ასაკისა, ვფიქრობ, სიკვდილი მაინც „გზაში“ დაეწია, 1982 წლის 3 აგვისტოს, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიგი წერეთელმა, ჟურნალ „თავისუფლების ტრიბუნის“ რედაქტორმა, საკმაოდ ვრცელი ნეკროლოგი მიუძღვნა: „წელს სამ აგვისტოს საღამოს თითქოს იძინებდა მისი თანამეცხედრის მკლავებში, თავის ბინაზე მიიცვალა ილია ჯაბადარი…მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის არასოდეს უღალატია, სამშობლოს მტრების მხარეს არასოდეს გადასულა, ილია, როგორც იმპრესარიო, ხშირად მოგზაურობდა საქართველოში და იქ ჰქონდა კავშირი თეატრალურ წრეებთან, ამის გამო მისთვის საჭირო იყო შორს ყოფილიყო პოლიტიკური საქმიანობისაგან…..ომის შემდეგ ილიამ პარიზში ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი…პარიზმა და ევროპის ზოგიერთმა სხვა ქალაქმაც პირველად ნახეს ქართული ცეკვები ჯაბადარის ბალეტის სახით და მოისმინეს ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი ირაკლი ჯაბადარის მუსიკა, მისი უმცროსი ძმის შოთა ჯაბადარის დირიჟორობით.

აჰმედის მოღვაწეობის შემდეგ თურქეთში ეროვნული თვითშეგნების გაიზარდა, თანდათან განვითარდა მუჰაჯირთა დიასპორები. დღევანდელი საქართველოსა და თურქეთის შორის არსებული კულტურული ურთიერთობა მათი დაწყებული საქმის გაგრძელებაა.
სტატიაზე მუშაობისას გამოვიყენე დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივში, კერძოდ უახლესი ისტორიის არქივში დაცული ერეკლე ჯაბადარის და ვახტანგ გურგენიძის პირადი ფონდები და ჩემს პირად არქივში დაცული ილია ჯაბადარის ფონო ჩანაწერი.
და ბოლოს, მინდა ავღნიშნო, რომ სულ მინდოდა თქვენამდე, ჩვენებურებამდე მომეტანა მათი დიდი მეგობრობის ამბავი, მინდოდა დაწვრილებით გადმომეცა ყველაფერი, სტატიაში ეს შეუძლებელია. მინდა ილია ჯაბადარის მნიშვნელოვანი მიმოწერა ერთად წიგნად გამოიცეს. ამას ცოტა დრო დასჭირდება.

##@@##

Bu Hafta Sonu Rotanda Neresi Var?
Yeni yerler keşfetmenin, yolda olmanın ve küçük kaçamakların tam zamanı! 🏖️ 🧳
www.metroturizm.com.tr
metroturizm #metroilegeziyorum #turkiye #seyahat #yolculuk #guvenliyolculuk #indirim