საქართველოს ჭირდება ლოგისტიკური რუკა
კომპანია “პონტოს მერითაიმის” ხელმძღვანელმა პაატა დაიაურმა განაცხადა: “თუ სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით, ცენტრალური ევროპიდან ტვირთის ჩამოსატანად ახლა გჭირდებათ 14 დღე, საბორნე მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ დაგჭირდებათ 6-7 დღე.” საუბარია ბულგარეთის და რუმინეთის პორტებიდან საქართველოს პორტებისკენ ტვირთბრუნვაზე.
ასეთ მიდგომას არ ვეთანხმებით, რადგან სომხეთმა რომ წამოიღოს ტვირთი ევროპიდან სტამბოლი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მარშრუტით, ტვირთი ახალქალაქის სადგურში მალე და ბევრად უსაფრთხოდ ჩავა, საიდანაც სომხეთის საზღვარი ახლოა. ხოლო საბორნე გადაზიდვა ვარნას (ბულგარეთის) პორტიდან ფოთის პორტამდე და იქიდან ტრაილერით ან რკინიგზით ერევნამდე ტრანზიტის დროს ზრდის.
ჩვენ ერთი რამ ვერ გავარკვიეთ ქვეყანაში, რომ მხოლოდ ჩვენი ტვირთებისთვის კი არ უნდა მოვაწყოთ აბრეშუმის გზა, არამედ ქვეყნების ურთიერთ მომგებიან პროექტებზე მუშაობით უნდა ვასწორებდეთ დღე და ღამეს.
ახლა ვნახოთ, როგორ უყურებენ საქართველოს აბრეშუმის გზას ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა არსებულ გამოწვევებზე ორი დღის წინ საუბრისას განაცხადა: “გაძლიერდებოდა საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის როლი სამხრეთ კავკასიისთვის, შუა აზიისთვის და უფრო ფართოდ. თუ საქართველო მის ორივე მეზობელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩართავს ამ ძალისხმევაში, ეს საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს რეგიონული მშვიდობის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით ინკლუზიური პოლიტიკა ჰქონდეს.”
ინკლუზიური პოლიტიკა, რასაც დასავლეთი დიპლომატიური სიგნალის სახით გვაძლევს, მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო ხდება ასეთი ნაბიჯით მთავარი კარიბჭე აბრეშუმის გზაზე. ანუ საქართველომ უნდა ჩართოს “ინკლუზიურად” მეზობელი ქვეყნები. საერთოდ დაუწერელი კანონი და კანონზომიერებაა საქმიან სამყაროში ასეთი, რომ როცა სხვებს ზრდი, ამით შენ უფრო იზრდები. ჩვენია ფუნქციაა აბრეშუმის გზის დირიჟორობა, ხოლო ორკესტრში დასაკრავი ინსტრუმენტი ყველა მონაწილე ქვეყანას ექნება. ისინი ყველა საკუთარი საკრავი ინსტრუმენტით დაუკრავენ, მაგრამ ამ საკრავების ტონალობათა ჰარმონიული წყობა საქართველოს სიმამაცეზე გადის.
ნიდერლანდებიც და გერმანიაც იმიტომ დგანან მყარ ეკონომიკურ წესრიგზე, რადგან იქ რკინიგზები და პორტები სინქრონულად ავსებენ ერთმანეთს. ჩვენ მულტიმოდალური სატრანზიტო წესრიგისთვის უნდა ვმუშაობდეთ, რაც ყველაზე სტაბილურ და მაღალ შემოსავლებს ქმნის.
ადრე ნათქვამი ჩემი სიტყვები უნდა გავიმეორო:
- ბედნიერია ერი, რომელშიც მწარმოებელთა და მომხმარებელთა რიცხვი ერთმანეთს უტოლდება. ხოლო ერი, რომელიც მწარმოებელ და მომხმარებელ ერებს ერთმანეთს აკავშირებს, ის ოლიმპიური სიმშვიდით სუნთქავს.
- უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა გვქონდეს, არამედ აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ.
- საქართველოს ჭირდება ლოგისტიკური რუკა. მანამდე ჯერ ეკონომიკური რუკა ჭირდება. დარიალისკარიდასაკეტია საფონდობირჟაგასახნელი





























