რა კავშირია ბირჟასა და აბრეშუმის გზას შორის.
წარმოიდგინეთ, ერთ² დილას თქვენ გაიღვიძეთ სხვა საქართველოში. სადღაც ჯავახეთში ვინმემ ჩიპსების მცირე საწარმო მოაწყო და მისი განვითარებისთვის ჭირდება $50,000 ინვესტიცია. ამ ფულით მას უნდა რომ ახალი თანამედროვე დანადგარი იყიდოს. მას ორი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, ერთი ინვესტიციისთვის ფულის მოზიდვა და მეორე თავად დანადგარის მოძიება.
ამისთვის საწარმომ თბილისის საფონდო ბირჟაზე განათავსა 500 ცალი 100 დილარიანი აქცია. ბირჟაზე ასევე სხვა საწარმოებსაც აქვთ განთავსებული აქციები, მაგალითად ნაბეღლავის, ბორჯომის, ლიკანის, ბათუმის შერატონის, თბილისის საავიაციო და სხვა კომპანიებს.
ბირჟაზე ხუთასმა ქართველმა შეიძინა ჩიპსის საწარმოს 100 დოლარიანი აქცია. რითაც ისინი ამ საწარმოს აქციონერები გახდნენ. ამ საწარმომ მიიღო $50,000.
ამასობაში, უნგრულმა და რუმინულმა იგივე ჩიპსების კომპანიებმა შეუკვეთეს იაპონური დანადგარების ჩამოტანა, დავუშვათ ჯამში 9 ცალის. იაპონიიდან დანადგარები მათ გადაწყვიტეს, რომ ჩამოიტანონ სატვირთო მატარებლით. რადგან რკინიგზა სწრაფია, იაფიც და უსაფრთხოც. მატარებელმა საქართველო უნდა გაიაროს. კონტეინერში 10 ცალი ასეთი დანადგარი ეტევა, მათ კი 9 ცალი შეუკვეთეს. ჯამში კონტეინერის გადაზიდვა ჯდება $3000.
ამასობაში ქართველმა ჩიპსების მეწარმემაც შეუკვეთა დანადგარი იაპონიიდან საქართველომდე. და თუ კონტეინერის გადაზიდვა ჯდება $3000, ქართველიც შეუერთდება უნგრელ და რუმინელ დამკვეთებს და ამ ტრანსპორტირებაში გადაიხდის მხოლოდ $300-ს. რადგან მას 1 ცალი დანადგარი მოაქვს იაპონიიდან, საერთო კონტეინერით.
ჩამოიტანა, დაამონტაჟა, გამართა და დაიწყო წარმოება. პროდუქცია დადო მაგიდაზე ქართველმა მეჩიპსემ.
ახლა წარმოიდგინეთ გათენდა კიდევ ერთი დილა, იგივე სხვა საქართველოში და გორის სასაქონლო ბირჟაზე ჩიპსის საკუთარი პროდუქცია განათავსა ჯავახმა კაცმა. ამ ბირჟაზე ჩიპსის პროდუქცია ასევე განათავსეს უნგრელებმაც, რუმინელებმაც, უკრაინელებმაც და არგენტინელებმაც. წავიდა ვაჭრობა. ბირჟაზე სავაჭროდ მოვიდნენ ინდოელები, ჩინელები, არაბები, ეგვიპტელები და კანადელებიც.
აღმოჩნდა, რომ პირველ დღეს სხვების პროდუქცია ბევრი გაიყიდა, რადგან მათი კომპანიები ბრენდებია. მაგრამ ქართველი კაცის პროდუქცია იყიდა ერთმა კომპანიამ და წაიღო დავუშვათ სამარყანდში. ქარული პროდუქცია სამარყანდის დისტრიბუციამ სწრაფად გაყიდა, რადგან პროდუქტი კარგი იყო. ეს სამარყანდელი მყიდველი მოადგა ისევ გორის ბირჟას და იყიდა მთლიანად ქართული ჩიპსის მარაგი. ამასობაში ქართულმა კომპანიამ შემოსავალი მიიღო და ასევე, სხვა კომპანიებიც დაინტერესდნენ მისი პროდუქტით. მაგრამ ამ ქართული ჩიპსის საწარმოს არ შეუძლია დიდი რაოდენობით მიწოდება, საწარმო პატარაა.
ქართველი მეწარმე მიადგა ისევ თბილისის საფონდო ბირჟას და ამ ჯერზე გამოუშვა ობლიგაციები, ანუ მოკლევადიანი სესხის მისაღებად ბაზარზე. ბირჟაზე ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ქართული ჩიპსის გაყიდვები და შემოსავლები სწრაფად იზრდება. ვიყიდეთ კიდევ ხუთასი ცალი 100 დოლარიანი ობლიგაცია, იმ პირობით, რომ წლის ბოლოს დაგვიბრუნებს 110 დოლარს. ამასობაში ბანკში ანაბარზე რომ დაგვედო $100, წლის ბოლოს მივიღებდით $102-ს.
წავიდა ისევ ახალი დანადგარის ჩამოტანა, ლოგისტიკური მომსახურება, ხალხის დასაქმება, ტექნოლოგიების დახვეწა, რადგან ბაზარი მკაცრია ყველასთვის ერთნაირად.
დაიძრა ისევ სასაქონლო ბირჟაზე ქართული ჩიპსი. სამარყანდს ახლა ტრაპიზონი, სამსუნი და ასტანა შეუერთდნენ და იყიდეს ქართული ჩიპსი. და იცით რატომ იყიდეს, იმიტომ რომ გადაზიდვების ხარჯები შეუმცირდა ქართველ მეწარმეს, იმიტომ რომ მან ინვესტიცია ადვილად მოიზიდა ბირჟის საშუალებით, იმიტომ რომ ქართულ მიწაზე წარმოებული კარტოფილი სხვა გემოვანი თვისებებისაა, იმიტომ რომ…
გაფრინდა წარმოება, გაფრინდა გაყიდვები, გაფრინდა საწარმოს მოგებები, გაფრინდა ამ საწარმოს აქციონერების დივიდენდები (ანუ მოგებიდან წილი მიიღეს მათ, ვინც თავიდან შეიძინეს მისი აქციები). ასევე გაფრინდა ქვეყნის ბიუჯეტი, რადგან აქციონერებმა მიღებული დივიდნედებიდან გადასახადი გადაიხადეს ბიუჯეტში. რაც მეტი აქციონერი ეყოლება ქვეყანას, მით უფრო დიდი იქნება მისი ეკონომიკაც.
ასე დაიძრება ლაღიძის წყლების, ასე დაიძრება ქართული ღვინოების, ასე დაიძრება ყველა სხვა დარგის საწარმოების დღევანდელი გაქვავებულობა. ასე დაიძრება მთელი ემიგრაცია საქართველოსკენ. მსოფლიო ვაჭრობის ცენტრი გახდება საქართველო. რადგან, ლონდონიდან ტოკიომდე და სინგაპურიდან ციურიხამდე სიცარიელეა, არ არის ბირჟები.
საქართველოს ბირჟებზე უნდა ივაჭროს კავკასიის, ცენტრალური აზიის, სპარსეთის ყურის და აღმოსავლეთ ევროპის მწარმოებლებმა და მომხმარებლებმა.
როცა ქართული საწარმოები მძლავრ კომპანიებად გადაიქცევიან, მერე თავად დაიწყებენ ჩიპსის საწარმოო დანადგარების ჩამოსხმასაც. მერე იაპონიიდან კი არა და…
ეს უკვე სხვა თემაა.
აქ გავჩერდები, ერთი წუთით.
ბ. თ. ნურავინ იფიქრებს, რომ ხეზე ასვლა უკვე ვიცით. ჩვენ ჯერ ხე დავრგეთ ამ ჯგუფის შექმნით, ახლა წყალი თქვენ უნდა დაასხათ. ხე უნდა გაიზარდოს და თუ მის მოვლას სწორად შევძლებთ, ნაყოფი ძალიან ბარაქიანი გვექნება ყველას, ჩვენც და ჩვენ მეზობელ ქვეყნებსაც. ჯერ ვერ გაიგო ვერავინ დერეფანსა და კარიბჭეს შორის რა სხვაობაა.
ჩვენ ჯერ წყლის დამსხმელებს ველოდებით. თუ ხეს არ მოვრწყავთ ყველა ერთად, იცოდეთ, რომ აბრეშუმის გზა მაინც აღდგება, მაგრამ ის თქვენი არ იქნება.
ბოდიშით, რომ თქვენ ჯერ იმ ახალ საქართველოში არ გაგიღვიძიათ.


























