მარტის მინიმები
გაზაფხული შვა იამ… და ეშინია,
არ გაუშვილონ ახალშობილი…
მარტმა ყინული გაალღო,
სიძულვილი კი ვერა…
ქართველმა თქვა, –
ქართველობა მომერიაო…
რა გაზეიმებს, სიკვდილო…
შენს კარიბჭეში ბევრი სიცოცხლე
ამაყად გაივლის..
რად გიკანკალებს ხელები, გუთნისდედავ…
ალბათ იები გებრალებიან…
მარტის თოვლს ტანზე ეკვროდა ბგერად
ჩემი ფიქრების ნაფეხურები…
ადამიანური მეწყერია…
როცა ტალახს ესვრის ერთი მეორეს
და მესამეს ხვდება…
უხერხულია, როცა ფარისეველი რწმენას
მარხვაში მარხავს…
ზეცავ, დროა, მოიწვიო ფრინველთა კრება, –
ფასი დაკარგა ჩიტების ბაზარმა…
იის ფურცლისგან ვიცვამ სამოსის ენდროს
და ვეღებები ციდა პწკარებით…
მეგი მოლოდინი
17 მარტი, 2023.



























