მოგზაურობა
(შუა ზაფხულში ოქტომბერი რამ გამახსენა?..)
…ღელავს წვიმა და თვლემს მინდორში შიშველი მუხა,
სველ მატარებელს, ახლა ფეთქვით რომ გააჩერა
“ბევრი” მგზავრი ჰყავს: მე, შენ,
შენ, მე,
ჩვენ და ეს ქუჩა.
ცა ელავს, მხრებზე აგერეკლა ბუნების ხიბლი,
(მე უკან ვზივარ, ვაკვირდები კადრის მშვენებას),
შენ თუ იქნები უსასრულოდ, უსიტყვოდ ვივლი
ვფიქრობ და ფიქრში წამსვე ვკრძალავ სხვა გაჩერებას.
კუპეში ზანტად ჩამოწოლილ დაღლილ სიჩუმეს
არღვევს ჰანგებად შეწყობილი ჩვენი სუნთქვის ხმა…
რა უჩვეულოდ ლამაზია წვიმაც კი თურმე…
რა სისუფთავით გაჟღენთილი შენი ხშირი თმა…
წვიმს, უკან დარჩა მინდორიც და შიშველი მუხაც,
და უცებ… მშვიდად გაშლილ ზურგზე ფორიაქს გამჩნევ,
ვხვდები, ახლოა ალბათ სადმე აქ შენი ქუჩა…
დარჩენა გინდა, ელოდები… რომ გთხოვენ დარჩე…
მეც არ ვაყოვნებ, ვაგონთ შორის კედელიც კმარა,
რა საჭიროა ჩვენც დაგვაჩნდეს ლაქად სიშორე,
“ბარიკადს” ვარღვევ და ვდგამ ნაბიჯს საკმაოდ თამამს
და გიკვირს იმ წამს უძებნელად როგორ მიპოვე!..
მერე კი ერთად მოვიყვანეთ ბევრი სეზონი,
მრავლად აპრილი, ზოგჯერ კიდევ ნოემბრის ნისლიც,
მაგრამ არასდროს არ ყოფილა რთული მემგონი
ვყოფილიყავით ერთგულები ნათქვამი ფიცის!.
დღეს ჩვენი ციცქნა შვილიშვილი დარბის რელსებზე…
აჰ… ამ ზაფხულში ოქტომბერი რად გამახსენდა…
სველდება ბავშვი, წვიმა დნება მუხის ფესვებზე,
მატარებელი კი… ამჯერად სხვაგან გაჩერდა.
/სოფო ნემსაძე/



























