1837 წლის 8 ნოემბერი.
ამ დღეს ილია დაბადებულა.
ამ დღემდე იყო ქართველთა ბევრი დაცემა და ამაღლება, უიმედობა და კვლავსასოება, წაშლა და აღორძინება, გაქრობა და მაინც აღმოცენება, ფერფლად ქცევა და აღდგომა, გადაშენების პირას მისვლა და ოფლად ღვრა, აკვნების თლას რომ ვერ ავუდიოდით…
ეს აკვანიც იმდენ ოხვრასა და ღიღინში გაითალა.
არავინ უწყოდა, მასში იმისთანა თოთო ბალღი რომ ჩაწვებოდა, იქიდან ფეხადგმული მთელ ქართველ ხალხს, უცნაურ ძილს მიცემულს გამოაფხიზლებდა, აატოკებდა, აათამაშებდა, მგლის მუხლს მისცემდა, ყიჟინას დააცემინებდა, თვალს გაახელინებდა, ზეცისკენ აახედებდა…
დღეს?!
ილია სჭირდება ერსაო!
აკი ჰყავს აგერ უკვე 185 წელია!
რომ მოგვეცა და გამოგვეგზავნა, დავაფასეთ? შევირგეთ? შევიტკბეთ?
ან მისი სიტყვა გავითავისეთ?
მის კვალს მივსდიეთ?
მისი დაღვრილი ოფლი და ცრემლი გულის პეშვებში ვაგროვეთ კია საშვილთაშვილოდ?
წიწამურის ჰაერსა და მიწას შეყინული სისხლის წვეთები ახლაც გვიხმობენ!
მითხარი, ვინ და რაა შენთვის ილია, გულიდან ამოიგლიჯე მთელი სათქმელი, რაც მთელი ცხოვრება გიქუჩებია, და გეტყვი, ვინ ხარ შენ!




























