პეტრა მთელი დღე მთავრობაზე ბრაზდება – ,,რატომ უნდა ვიხდიდე უშვილობის გადასახადს? ამათ ვინ ჰკითხავთ?”. მალე პენსიაში გადის და სულ ფულზე დარდობს – ,,რაში მეყოფა ჩემი დანაზოგი?!”.
რაში ხარჯავს არ ვიცი. მარტოხელაა. სახლი აქვს ბერლინის ცენტრში, 35 წლის სტაჟი აქვს და ვინმე რომ ეტყვის აუცილებლად გეყოფაო – Na, toll… – გაჰყვირის.
ფრაუ ებნერი ყოველ თვე ვარცხნილობას იცვლის და სამსახურიდან წასვლას არც აპირებს, თუმცა უკვე პენსიონერია.
სორაიას პარტნიორმა ბიჭმა შეტყობინება გამოუგზავნა. საჭმელი მოუმზადებია და ამანაც ,,გაგვახარა”. იქვე ყოველი მესიჯისას წამოიძახებს ხოლმე – ,,ოჰ, კაცები”.
სორაია 17 წლისაა, სკოლა არ მოსწონდა და მხოლოდ 10 კლასი დაამთავრა, პარტნიორი ბიჭი ჰყავს. საიდან ხარ-მეთქი, როცა გავიცანი და გერმანიიდანო… კარგი, მეტად ნუ ჩავეძიებით, თუმცა რანაირი ქართველი ვარ?! პაპაჩემი 9 თაობის ვინაობას გამოჰკითხავდა და ისე დაასკვნიდა იყო თუ არა გერმანელი.
მაგრამ პეტრა ასე არ ფიქრობს. DDR-ში, დრეზდენში დაიბადა და მთელი ყმაწვილ-ქალობა ბერლინში იცხოვრა. ამისთვის BRD-ლიც კი არაა სრულყოფილი გერმანელი… თუმცა ამაზე მოგვიანებით.
,,- მატარებელში ვფიქრობ ხოლმე, ოჰ, ღმერთო, ეს სად მოვხვდი?! გერმანიაში ვარ?!”- ბრაზდება პეტრა და როცა ვეტყვი შენც გადასახლდი იმათ ქვეყანაში-მეთქი, -,,Na Toll”-გაჰყვირის. :))
იანინამ ბინა იქირავა. ეს ისეთი რთულია ახლა ბერლინში… უკრაინელია და მათთვის ახლა ეს მარტივია. არც ვიზა უნდა და არც რომელიმე აქაურ ბიუროში უსასრულო რიგი.
ამ საკითხზე პეტრას პასუხს მიმიხვდებით – ,,Na, Toll” – გაჰყვირის.
პეტრას ,,მუთი” ჰყავს (დედიკო), კიდევ ორი ძმა და ერთი და. ,,მუთიც” მარტო ცხოვრობს დრეზდენში. ეს დედმამიშვილები ,,მუთისთან” ვერ იკრიბებიან, წუხდებაო და სია აქვთ შობას რომელი ჩავა და სააღდგომოდ რომელი.
პეტრას პაპა ნაცისტი იყო, პაპანაცვალი კომუნისტი (ბებიამისი ორივეჯერ სარფიანად დაოჯახებულა).
აქ პეტრა იტყოდა ,,Na, toll”, მე კი სორაიას ონტონაციით ,,ოჰ, ქალები”…
ამ ადამიანებს ფრაუ გრასი აკლია. ისიც DDR-დანაა, მაგრამ ბერლინული ბავშვობით. ტკბილეულს და სხვა პროდუქტებს ყიდვა კვირაში ერთხელ კი არა, ყოველ დღე შეძლო (დრეზდენიდან ,,ჩამოხეტებულებისგან” განსხვავებით).
,,Na Toll” – ბრაზდება პეტრა და ამატებს ,,ეს იყო ჰორორი”.
ოჰ, ფრაუ ციმერმანი გამომრჩა. ამის საუბარს ახლაც ძლივს ვიგებ, ალბათ ასე საუბრობდნენ 300 წლის წინანდელი გერმანელები… საჭმლის ხსენებისას თვალები უბრწყინდება, მაგრამ სამსახურის კაფეტერიით უკმაყოფილოა და სორაიას გამუდმებით მაკდონალდსში აგზავნის… – Na, Toll… რატომაც არ გააგზავნის?
შვებულება დამეწყო. სორაის აღარ აქვს და წარმომიდგენია როგორ იტყვის – ოჰ, კაცები.
დიდი და უაზრო აღწერა რომ არ გამომივიდეს ჩემი აქაური ნაცნობი DDR-ელი ქალბატონების, ,,Na, toll” , რომ არ მომაძახოთ ან,,ეს არის ჰორორი”, აქ გავჩერდები და სხვა დროს სხვებსაც გაგაცნობთ.
























