…მე და მამაჩემმა სამხრობის ხანს იმიტომ მივატოვეთ პირდაპირული მთის სათიბი,რომ ხვალიდან ჯუთაში ოთხდღიანი უქმი იწყება: “ქარის უქმი”,”თაგვ-ჩიტთ უქმი”,”მგელთ უქმი” და “ნიაღვრის უქმი”.
სტიქიის სისასტიკეს,ველური ნადირის სიავესა და მღრღნელების დაუნდობლობას რომ არ შეეწიროს შენი წლევანდელი ნადაგ-ნაჭირნახულევი,მკაცრად გმართებს ყველა სავალდებულო აკრძალვისა და ძველთუძველესი იმპერატივების ზედმიწევნით დაცვა!
“გძელ უქმი”ყველაზე მეტად ყმაწვილებს უხარიათ: ვინ შეკაზმული ცხენით ხევში მიმავალ მშობლებს აემგზავრება,კარს მომდგარი სექტემბრისთვის სასწავლო წიგნები,ნივთები და სამოსი რომ შეიძინოს.ვინ კიდევ მოცვის (ხევს.”შალშავი”),ჟოლოს (ხევს.”ჟოლი”) და მოცხარის (ხევს.”ხუნწი”) საკრეფად მიაშურებს შეღმა ტყის დეკიან მიდამოებს,ღორღიან ჭალას და მილოს ძირებს…
გახენებ და დაბილიკებული ფერდობებით ეშვებიან დაბლა სოფლის ორივე უბნის მამაკაცები.ეშვებიან სამგლიადან და ზექუადანალევადან,დიდრუდან და სათბილოვანადან,შუამთიდან და ყანათავიდან,ციხეკლდიადან და მთრეხიდან,ნაღორადან,წაოყადან და შარვნიდან…
კალიების ორკესტრი ცივი მდინარის ბროიან მოთქმასა და “დაუჩუმარ ჩივილს” (ილია) აძლევს ბანს.ჯერჯერობით არც არაფერი “ცეცხლებრ შემწველ” (ცურტაველი) ზაფხულს ეტყობა დამშვიდებისა და დაშოშმინებისა…
სწორედაც რომ მისწრებაა სამეურნეო წლის საბრუნში მიჯრით მიწყობილი უქმე დღეები.ამ დროს ხომ საგულდაგულოდ ნაწკეპი და ნალესი ცელიც ისვენებს და დანიღრებული,გამხანებელი მთიბელიც,სული რომ მოითქვას და ათასმეერთედ მიაყურადოს გულის სიღრმიდან დაძრული მთიბლურის ულამაზეს მელოდიას: “ცელ-ცუდაო და ცოლ-ცუდაო,მთიბელო აღარაისაო,ცელ-ლამაზო და ცოლ-ლამაზო,მთიბელში ნამხრევმშვენიერო…”
p.s.მამის სახე და არსილიც რომ მალი-მალ გამოკრთება ხოლმე უმთენარო მიღმიეთის უჩინ-უკუნიდან! გამოკრთება და შეგახსენებს,რომ ამ ტიალ ქვეყანაზე ღირსეული ნაბიჯებით სიარულზე ძვირფასი არაფერია!!!
























