ვუძღვნი ჩემიანებს…
*****

Niaz Zosidze: აგერ ახლა, ერთი ჩვენებურის ოჯახში, მათი წინაპრის 1840 წელს დაწერილი ანდერძი წამაკითხეს. იქითურ-აქითურს აქ არ მოვყვები, ერთ საცრემლო აბზაცს გაგაცნობთ, იმ წინაპრის რაინდობის, ნიჭის და გონის დასტურს: ,,შვილებო, ამ ოჯახში ოსმალოს ქალმა რომ გაიჭაჭანოს, ჩემი საფლავი ამოთხარეთ და მიმოსრაგნეთ! თქვენს შვილებსაც გადაეცით ჩემი ეს ნათქვამი…”
ფიქრმა წამიღო, კალამს ავედევნე… ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა, რამე გულით რომ უნდა შეგვეგნო, მკაცრად გვამუნათებდა, თუ ეს ანდერძი გატეხოთ, არამი იყოს ჩემი მადლი და ჩემი ძუძუებიო…
კიდევ ბევრი რამ გამახსენდა…
…საცრემლო ჟამი რომ იდგა აჭარაში…სამბრძანებლოზე ბოროტება რომ ასულიყო…ჩაგვრისა და დამცირების დაღი რომ აჩნდა აჭარას…გულზე და გონებაში სისხლს რომ აწვეთებდნენ…სისხლის სუნი რომ იდგა…კლდეებზე რომ ცვიოდნენ და მტერს არ ნებდებოდნენ…სოფლები რჯულს რომ ეწირებოდა…ქალი ჩადრში რომ შემოსეს და უმრწემესი სახე დღენათელს დააშორეს…ეკლესიები, მონასტრები, ტაძრები, ციხე-კოშკები, სამლოცველოები რომ გადაუწვეს და დაუნგრიეს, მაინც გულმხურვალედ რომ ლოცულობდა, აქ, მიწაზე რომ ვერას გახდა, მაღლა, ცას შეაშტერდა, ღმერთო, მომეხმარეო…ბატონმა რომ მაჰმადიანობა მიიღო, უმალ განუდგა, თათარს ვერ ვეყმობიო…
გაწყვიტეს და გაჟუჟეს, მაგრამ…იარაღი არ გაუგდია ხელიდან, სიკეთის და სიმართლის უშიშარ მთესველად დარჩა…წყევლიდა და არცხვენდა რჯულნაცვალ და ცოდვისმტვირთველ მოკეთეს…სულ ახსოვდა, აჭარა დედაბოძი რომ იყო ქართული სამეფოების და უპირველესი ვალდებულება, რომ თავისთავზე უნდა მიეღო პირველი დარტყმა, მოძმისთვის ჭირი და ვარამი შეემსუბუქებინა…
…თავბედს აწყევლინებდა ოსმალს: ,,ეშმაკების საბუდარია მთის აჭარა, მოფარებულში ყელს გამოგჭრიან, ხმალს გაძგერებენ, თოფს დაგახლიან, ხიდზე დადგები და წყალში გადაგაგდებენ, ფუი, შეითანლარ!”
…ჩივის ოსმალო ასკერი: ,,ღმერთო, იმ დღეს მომასწარ, ესენი (აჭარლები ნ. ზ.) დაგვნებდნენ, ამ გზით თავი გადაირჩინონ და ჩვენც უთავისტკივილოდ ვიბაირამოთ…”
…,,რატომ ვერ ხვდებით მიიღოთ მაჰმადიანობა და ყველა აქამდე ჩადენილი დანაშაული გეპატიოთ!”
…,,მალე სულთანი მთელ საქრისტიანოს მიიზომავს და მთელი ეს ტერიტორია მაჰმადიანური გახდება!”
მაინც დაიმუხლისთავეს აჭარელთ, პირჯვარი გადაიწერეს, ილოცეს!..
შევაკვდეთ, მაგრამ მტერს დედა ვუტიროთ და მოყვარეს გული გავუხაროთო!..
ხმალს და ,,მაჭახელას” თოფს ვენდოთო!..
ცეცხლისა და სიკვდილის ცელით შემუსრული, უხმოდ, უსიტყვოდ გლოვობდა! აჭარას–ჯვარს საქართველოისას, ძუძუს საქართველოისას გამჩენელი გადაარჩენსო!..
უფრორე, მაშინ გადაირია და გაშმაგდა აჭარელი, ოსმალომ რომ გამოუცხადა: ,,თქვენ არაფერს დაგიშავებთ, ბეწვიც არ ჩამოგივარდებათ, მარა გურიის მოოხრებაში ხელი არ შეგვიშალოთ და სურსათით მოგვეხმარეთო…” კიო, დათანხმდა აჭარელი, გულში კი სხვა განზრახვა ამოიბეჭდა. გაატარა ასკერ-იანიჩარნი გურიისკენ, მერე უკნიდან მისდგა და ერთიანად აკაფა და აკასპა…
დროა მოვაბრუნო წინგაქცეული კალამი და სული მოვითქვა, მაგრამ დამთავრება ხომ უნდა ამ ნაჩხლაკნს? მოდი, ასე დავამთავრებ:
ალალია აჭარელი, თუ გაგიღიმა, მარტო კბილებს კი არა, გულსაც გამოგიჩენს…
გამარჯობას ეტყვი და ხელს გამოგდებს, წამო, ოჯახში მესტუმრე, იქ ვთქვათ დანარჩენიო!..





























