Kakha Kvashilava: XVII საუკუნეში ოსმალეთი ძლიერებას ჯერ კიდევ ინარჩუნებდა. ჯერ კიდევ ევროპელები და სეფიანები ცდილობდნენ ანტიოსმალური კოალიციის შექმნას. კოალიციები ან ვერ იქმნებოდა (ერთი პირობა, შაჰ აბასმა დიდმა ისიც კი დაწერა, თუ ოსმალებს დამამარცხებინებთ, ისლამს დავტოვებ და კათოლიციზმს მივიღებო) ან იქმნებოდა და მალევე იშლებოდა. ოსმალები ძლიერები იყვნენ, მათ ძვრას ვერ უშვრებოდნენ. ესენი კიდევ კი იმდროინდელ მსოფლიოს აყანყალებდნენ ევროპა-აზია-აფრიკაში.
მაგრამ ოსმალთა მოულოდნელად შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, დნეპრის ჭორომებზე ვიღაც უპატრონო ხალხი გამოჩნდა: ცა ქუდად რომ არ მიაჩნდა და მიწა კიდევ ქალამნად. არც ბატონები ჰყავდათ და არც სხვაზე ბატონობდნენ. იყვნენ ასე თავისთვის. თუ ვინმე შეეხებოდა და ბატონობას მოუნდომებდა, დაბადების დღეს ანანებდნენ. პოლონეთის მეფეც ფრთხილობდა, არ გაებრაზებინა.
მეზობლად მცხოვრებმა ყირიმელმა თათრებმა „ყაზაკ“ – თავისუფალი – უწოდეს. თურქულში შემდგომ ამ სიტყვამ „დესპოტის“ მნიშვნელობაც შეიძინა.
კაზაკებს სწფარმავალი ნავი „ჩაიკა“ რომ ერქვა. როგორც ფიქრობენ, თურქული სიტყვიდან kayık (ნავი) უნდა მომდინარეობდეს, თუმცა ახლა ეს მთავარი არაა.
შემოასხდებოდნენ „ჩაიკებს“ და არბევდნენ მიმდებარე მიწებს, იმხანად ოსმალეთს რომ ეკუთვნოდა. 1637 წელს აზოვის ციხეც კი იგდეს ხელთ. 1642 წელს ოსმალეთი ჯარით დაიძრა ამ მნიშვნელოვანი ფორპოსტის დასაბრუნებლად (მნიშვნელოვანი დღესაც რომაა ეს მხარე, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული ამბებიც გვიჩვენებს). აზოვი იმ დროისათვის მდიდარი და ძლიერ გამაგრებული ქალაქი იყო, სადაც თავს იყრიდა სავაჭრო გზები ევროპისა და აზიისაკენ მიმავალი.
კაზაკებმა მოსკოვის მეფე მიხეილ რომანოვს (იმპერატორ პეტრე პირველის „დიდი ბაბუა“) მიმართეს: შენც ჩვენსავით ხომ მართლმადიდებელი ხარ, მოდი, დაგვეხმარეო. მაგრამ მოსკოვს თურქებთან დაპირისპირება არ შეეძლოთ და კაზაკებს „ურჩიეს“ და 1642 წელს აზოვი ოსმალებმა დაიკავეს ისევ.
კაზაკები ზოგჯერ იმდენად გათავხედდებოდნენ, რომ სტამბოლისკენაც აუღიათ კურსი და მიმდებარე მხარეებიდან მდიდარი ალაფით დაბრუნებულან.
ოსმალეთი შეურაცხყოფილი იყო. დიდი ქვეყნები და იმპერიები ვერაფერს მიშვრებიან და ესენი ვინ არიანო. უსტარს უსტარზე უგზავნიდა, შეწყვიტეთ მარბიელობა, ისლამი მიიღეთ და ჩემი მზე დაიფიცეთო. კაზაკებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ალბათ, უფრო ცოტა და საპასუხო უსტარი გაატანეს სულთნის ელჩს. თავს წააცლიდა იმ უბედურს სულთანი, ტექსტს რომ წაუკითხავდნენ. არც წამკითხველს თუ თარჯიმანს შეახვედრებდნენ მეორე დილით ამომავალ მზეს.
საბოლოოდ, 1649 წელს ოსმალეთმა, რომელიც ავსტრიის იმპერატორს თუ ირანის შაჰსაც კი „ხანად“ ანუ, უფრო დაბალი წოდებით, მოიხსენიებდა, იძულებული გახდა კაზაკებთან შეთანხმება დაედო, რომლის თანახმად ოსმალეთის სულთანი უფლებას აძლევდა ზაპოროჟიელ ვაჭრებს მათი სავაჭრო გემებით თავისუფლად ეცურავათ შავ ზღვაზე (ამის უფლება არავის ჰქონდა!!!), შესულიყვნენ ოსმალეთის ნებისმიერ პორტსა და ქალაქში. აგრეთვე გასულიყვნენ ხმელთაშუა ზღვაში და თავისუფლად ეწარმოებინა ვაჭრობა როგორც თურქებთან, ასევე ქრისტიანულ ქვეყნებთან. უკრაინელ ვაჭრებს ნება ეძლეოდათ შავი და ხმელთაშუა ზღვების პორტებს, და ქალაქებში ჰქონოდათ საწყობები და საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ დაიბეგრებოდა გადასახადით.
ზაპოროჟიელი ჯარისა და ვაჭრების ინტერესების დასაცავად სტამბოლში უნდა გახსნილიყო მათი წარმომადგენლის, ნაცვლის რეზიდენცია, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა ყოველგვარი პატივითა და იქნებოდა უსაფრთხოების გარანტია. მეორე მხრივ. ზაპოროჟიელ ჯარსაც ეყოლებოდა სულთნის ნაცვალი თავის სანავსადგურო ქალაქში მის მოვალეობას შეადგენდა აგრეთვე საბუთების გაცემა გემებითა და გალერებით თავისუფალი ნაოსნობისათვის.
აი, ასეთი ხალხის შვილებს ებრძვის ახლა კრემლის მშიერი ურდო. თვით ოსმალეთმა, რომელსაც ავსტრიის იმპერატორი ხარკს უხდიდა, ვერ მოდრიკა ეს თავისუფლების მოყვარე ხალხი. ვერც ეს მოდრეკს.
დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!
























