საქართველოს საელჩო თურქეთში/Gürcistan Ankara Büyükelçiliği
***
2022 წლის 8 მარტს, საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობითა და ორგანიზებით, შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის,ზურაბ აზარაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრთან, ფაჰრეთთინ ქოჯასთან, ასევე, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) გენერალურ დირექტორთან, მურათ მერჯანთან და ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების სააგენტოს თავმჯდომარესთან, თოლგა ქარაქანთან.

შეხვედრაზე, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტის მნიშვნელობასა და მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. საქართველოს დელეგაცია, ასევე, გაეცნო თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკას.
ამასთან, თურქულმა მხარემ გამოთქვა სრული მზაობა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი და აქტუალური მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, მ/წლის 9 მარტს, ქ. სტამბოლში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წამყვან თურქულ ფარმაცევტულ საწარმოებს დაათვალიერებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ასევე, მინისტრი ფარმაცევტული საწარმოების ასოციაციისგან მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის შესახებ.































