კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილის გახსენება, რომელსაც ვუძღვნი მისი დაბადების 100 წლისთავს
18 აგვისტოს 100 წელი შეუსრულდებოდა ცნობილ ქართველ ეთნოლოგს – კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილს (1922-2013), რომელიც ათიოდე წლის წინათ ჯერ კიდევ ამშვენებდა თავის მშობლიურ ქალაქს. ეს ახოვანი, წარმოსადეგი გარეგნობის, სახიერი ვაჟკაცი ისე დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან გადმოსული რაინდი…
ბატონი კონსტანტინე, რომელსაც ყველა „კოტეს“ ვეძახდით – ჭეშმარიტად ლეგენდარულ და გამორჩეული ბიოგრაფიის პიროვნებას წარმოადგენდა…
იგი დაიბადა 1922 წლის 18 აგვისტოს, კონსტანტინე დავითის ძე ჩოლოყაშვილისა და მისი რჯულიერი მეუღლის – ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილის ოჯახში. ორივე მათგანი – კახეთის უწარჩინებულეს საგვარეულოთა შთამომავალი გახლდათ. თავად ალექსანდრე ჩოლოყაშვილის ვაჟი კონსტანტინე ჩამოყალიბებისთანავე შეუერთდა „ქართველ შეფიცულთა რაზმს“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისივე ნათესავი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი – საქართველოს ეროვნული გმირი. ამის გამო, კონსტანტინე დააპატიმრა ბოლშევიკურმა “ჩეკა”-მ და მეტეხის საპყრობილეში გამოკეტა. ვინაიდან თავისი ზემოხსენებული ვაჟის დაბადების მომენტში კონსტანტინე ჩოლოყაშვილი საპყრობილეში იჯდა, მან ჩვილის ნახვაც კი ვერ მოასწრო, ისე სწრაფად დახვრიტეს. ნაადრევად დაობლებული ბატონი კოტეს აღზრდა ითავეს დედამ და ნათესავებმა, რომლებიც თავადური წარმომავლობის გამო თავადაც რეპრესიების მსხვერპლნი გახლდნენ…
ბატონი კოტე ექვსი ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც იგი ქართულ იარაღს და საჭურველს მეცნიერულად იკვლევდა. აქვე დავსძენთ, რომ ამ ეროვნულ საქმეს ამჟამად ღირსეულად აგრძელებს მისივე მოწაფე მამუკა ქაფიანიძე – პროფესიონალი მკვლევარი და მამულიშვილი…
ბატონ კოტესთან, მის ვაჟ ბიძინასთან და ასულთან – ცნობილ ფოლკლორისტ რუსუდან ჩოლოყაშვილთან მეგობრობდა მამაჩემი – გიორგი ჯავახიშვილი (1941-2015), რომელიც ასევე ფოკლორისტი და ლიტერატურათმცოდნე გახლდათ და ხშირად სტუმრობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. სწორედ ამის გამო, ბატონ კოტეს და მის ოჯახს ბავშვობის ასაკიდან ვიცნობდი. იმ პერიოდიდან, ბატონი კოტეს წყალობით, სისტემატურად დავდიოდი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც იმხანად სიმონ ჯანაშიას სახელობისა გახლდათ. ინტერესით ვეცნობოდი საქართველოს სიძველეებს, მათ შორის, ქართულ იარაღს და საჭურველს, ასევე, ნუმიზმატიკურ და ბონისტიკურ კოლექციებს. ასე, რომ ბატონ კოტეს ფაქტობრივად ყოველ კვირას ვხვდებოდი. ასეთი ხშირი კონტაქტი კი მასთან და მის შვილებთან თანდათან მეგობრობაში გადაიზარდა.
მოსაგონარი ბევრი მაქვს, თუმცა აქ გავიხსენებ მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტს, რომელიც ამ სამი ათული წლის წინათ მოხდა.
1991 წელია. ჩვეულებისამებრ მივედი სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ბატონი გურამ ჩხაიძე მელოდა. მისი თანადგომით ვეცნობოდი მუზეუმში დაცულ ქართულ ბონისტიკურ ძეგლებს, რომლებსაც უკვე იმ დროიდან მეცნიერულად ვიკვლევდი. უცებ, გაიღო კარი და ოთახში შემოვიდა ყველასათვის საყვარელი ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი, ოდნავ შემცბარი გამომეტყველებით, რაც მისთვის, როგორც მუდმივად მხნე ვაჟკაცისათვის, ცოტა არ იყოს, უჩვეულო გახლდათ. ბატონმა გურამმა მაგიდასთან მიიწვია და სკამი შეთავაზა. ბატონი კოტე დაჯდა, ხოლო მცირე პაუზის შემდეგ გაღიმებული გვეუბნება: „ეს-ესაა შევხვდი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მან შემომთავაზა, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნულ ფასეულობათა ფონდს, რომელშიც შეწირულობათა სახით შეგროვილი თანხა და განძეული მოხმარდება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობას. ცოტა არ იყოს, შევცბუნდი და ვუთხარი: „ბატონო ზვიად, დიდი მადლობა ასეთი ნდობისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, რადგან მე ამას, ალბათ, ვერ შევძლებ“. – „რატომ?“ – გაკვირვებით შემეკითხა. – „ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთ საქმესთან აქამდე არავითარი შეხება არ მქონია და მეორეც, უკვე სადაცაა 70 წელი შემისრულდება და მოხუცებულ კაცს სადღა შემიძლია ასეთი მნიშვნელოვანი ფონდის ხელმძღვანელობა“. ბატონი ზვიადი ჩაფიქრდა, შემდეგ წამოდგა, შემომხედა თავისი გამჭოლი მზერით და ზრდილობიანად, თუმცა საყვედურნარევი კილოთი მითხრა: „ბატონო კოტე, თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით და ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ როდესაც აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის ურდოები საქართველოში შემოიჭრნენ, იმხანად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II უკვე 75 წლის მოხუცი გახლდათ. ამის მიუხედავად, იგი მაშინვე ცხენზე შეჯდა, მახვილი იშიშვლა და მტერს უშიშრად შეერკინა… რასაკვირველია, მე შემეძლო, რომ ამ ფონდის ხელმძღვანელობა სხვა რომელიმე, ასევე ღირსეული ქართველისათვის ჩამებარებინა, მაგრამ თქვენ შეგარჩიეთ სწორედ თქვენივე მამულიშვილური შემართების, პატიოსნებისა და გვარიშვილობის გამო. თქვენ ხომ ლეგენდარული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოგვარე და ნათესავი ბრძანდებით!“
ასეთი სიტყვების შემდეგ რაღა დამრჩენოდა, უყოყმანოდ დავთანხმდი. ამჯერად უკვე კმაყოფილი ზვიადი, რომელიც ჩემს საბოლოო პასუხს ფეხზე მდგარი ელოდებოდა, გულითადად გადამეხვია, ძველქართული წესით მხარზე მეამბორა და წარმატებები მისურვა“…
ბატონ კოტეს, რომელიც ქართული ტრადიციების ნამდვილი მესაიდუმლე და დიდებული თამადა გახლდათ, ჩემს ოჯახში გაშლილ სადღესასწაულო სუფრასთანაც არაერთხელ უთამადია.
2002 წლის 12 სექტემბერს, როდესაც 30 წელი შემისრულდა და ამის აღსანიშნავად ჩემს ოჯახში მოწვეულ სხვა სტუმრებთან ერთად, ბატონი კოტეც მობრძანდა. მამაჩემმა მას ამჯერადაც შესთავაზა, რომ ეთამადა. “ძია კოტემ” (ასე ვეძახდი) არც მაშინ გაგვაწბილა. მართალია, იმ სუფრასთან მან არაერთი საგულისხმო სადღეგრძელო წარმოთქვა, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი შემდეგი სადღეგრძელო-მონათხრობი: „როდესაც დედაჩემის ნათესავ თოხლიაურელ ჩერქეზიშვილებს სანადიმოდ ვესტუმრებოდი, ისინი სასმისს აავსებდნენ საყოველთაოდ განთქმული ღვინით – „მანავის მწვანით“ და ასეთ სადღეგრძელოს წარმოთქვამდნენ: „მინდა შემოგთავაზოთ ქართული ღვინის სადღეგრძელო. ღვინო – საქართველოს სისხლია, ვინაიდან ის შექმნილია მზით გამთბარი ქართული მიწის წვენისაგან. როდესაც წმინდა ნინო კაპადოკიელი ქრისტეს სჯულის განსავრცობად საქართველოში შემობრძანდა, მას თან მოჰქონდა ჯვარი ვაზისა – საკუთარი თმით შეკრული ვაზის ორი ლერწი. როცა თავს გვესხმოდნენ მაჰმადიანი დამპყრობლები, ისინი უპირველესად ვენახს ჩეხდნენ, რადგანაც სწორედ ვაზი, ყურძნის მტევანი და მისგან მონაჟური ღვინო განასახიერებს ქართულ სულს. ჩვენ, ფიზიკური გადარჩენისათვის მუდმივად მებრძოლებს, ეროვნული მეობის შენარჩუნებაში ღვინო გვეხმარებოდა. ღვინო – ჩვენი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ ქართველები ოქტომბერს – „ღვინობისთვედ“ მოვიხსენიებთ. ჩვენ ღვინით სავსე სასმისით ვესალმებით ახალშობილთ, ვუხსნით ერთმანეთს სიყვარულს და ვემშვიდობებით ამ ქვეყნიდან გარდასულთ… ჩვენ, ჩერქეზიშვილნი, უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ბაგრატოვანი მეფეებისა, რომ ყაბარდოდან გადმოხვეწილ ჩვენს წინაპარს, მის მიერ გაწეული ერთგული სამსახურის სანაცვლოდ, მამულები უბოძა სწორედ სოფელ მანავის მიდამოებში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კახური ღვინით – „მანავის მწვანით“ არის განთქმული… დიდება ამ ღვთაებრივ სასმელს, მის უდიდებულესობას, ქართულ ღვინოს!”…
ამ სადღეგრძელოს ალავერდს ძია კოტე გადავიდა მამაჩემთან, რომელმაც თქვა: “მე საგანგებოდ მოვიძიე და დავადგინე, რომ ქართველები ვართ ერთადერთი ერი, რომელიც ოქტომბერს – „ღვინობისთვედ“ მოიხსენიებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაზისა და ღვინის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენი ერის ცხოვრებაში”…
სიმბოლურია, რომ 91 წლის ასაკში მყოფი ბატონი კოტე გარდაიცვალა სწორედ ღვინობისთვეში – 14 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად ქართველი ერი ზეიმით აღნიშნავს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს…
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან თანამედროვეობაში დროებით გადმოსული რაინდი, კახეთის უპირველესი თავადური საგვარეულოს ღირსეული შთამომავალი და იმავდროულად საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლებისა და მათ თანამდგომთა საკრებულოს წინამძღოლი – ისევ ჩვენი სამშობლოს ისტორიას შეუერთდა…
უფალმა ნათელში ამყოფოს ღირსეული ქართველი კაცის – კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილის სპეტაკი სული და უდღეგრძელოს შთამომავლობა!


























