ჩვენი უბანი სოხუმში შემაღლებულ ადგილას იყო. ლამის ქალაქის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები მშვენივრად ჩანდა. უახლოეს პლაჟამდეც („ლოკომოტივი“ და „ემვეო“-სანატორიუმი) დაახლოებით 1,5 კილომეტრი იყო. მოკლედ, მშვენიერი ადგილმდებარეობა და ხედი. ახლა არ ვიცი, მანდ რა ფასებია უძრავ ქონებაზე, მაგრამ თუ ჩვენი ენგურსგაღმელი თანამოქალაქეები გონს მოეგებიან და მათ თანამოქალაქე ქართველებთან ერთად ერთიან საქართველოში იცხოვრებენ, უმალ გამდიდრდებიან. თუ არადა, კრემლი მიისაკუთრებს ყველაფერს.
სოხუმს ღრმა ნავსადგური არ აქვს და დიდი გემებიც მანდ არ შემოდიოდნენ. თუმცა, გვქონდა ბედნიერი წუთები, როცა საკრუიზო გემები სოხუმში შემოვიდოდნენ და საბჭოელ ტურისტებსა თუ სოცბანაკელ „ინტურისტებს“ ჩამოიყვანდნენ. როგორც წესი, გემი 24 ან 48 საათი ჩერდებოდა ქალაქის ნავსადგურში და მერე ისევ რეისს აგრძელებდა.
სოხუმს ღრმა ნავსადგური არ ჰქონდა, დიდ გემებსაც იშვიათად ნახულობდნენ სოხუმელები და, ალბათ, ამიტომაც, ყველაზე ნაკლები მეზღვაური ჰყავს აფხაზეთის საზოგადოებას, მაგალითად, იგივე ფოთის თუ აჭარის მონაცემებთან შედარებით.
გემი რომ შემოდიოდა, საყვირით ამცნობდა ქალაქს მის სტუმრობას. საყვირის ხმა ჩვენს უბანშიც ისმოდა. მეზობლის, სულთან ცეკვავას (https://www.facebook.com/photo/?fbid=10219464059488965&set=a.1042805787208) ეზოსთან, საიდანაც ეს ულამაზესი ხედი იშლებოდა, პატარა საბირჟაო ადგილი იყო სპონტანურად შექმნილი: კაცები, მამაკაცები და ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ აქ. ზოგჯერ დასწრებაზეც იყო, ვინ პირველი მოიკავებდა „საბირჟაო“ არეალს.
განსაკუთრებით ზაფხულობით ბრიზი რომ დაუბერავდა ზღვიდან და მარილ-იოდიან სურნელს ამოიტანდა უბანში, განსაკუთრებული ნატურალური „რელაქსაცია“ იყო.
ჰოდა, იყო ჭორაობა, ნარდ-დომინო-ჯოკერის თამაში და ამ მშვენიერი ხედით ტკბობა.
თუკი სოცბანაკელი „ინტურისტები“ იყვნენ აღმოსავლეთ ევროპიდან, „ბედნიერი“ საბჭოეთის „ბედნიერი“ მოქალაქე ცდილობდა „ბედნიერი“ სოცბანაკელი სტუმარი გაეცნო და შეეძინა რაიმე ნორმალური ნივთი შედარებით ნორმალური ქვეყნიდან ჩამოტანილი.
შემდეგ იღბლიანი (აბა, ყველას არ უმართლებდა ან ვერც ბედავდა მათთან გასაუბრებასაც კი) სოხუმელები თავს აწონებდნენ ერთმანეთს ამ ნივთებით თუ ტანისამოსით.
მახსოვს, მეოთხე კლასში ვიყავი. ჯერ კიდევ „პერესტროიკა“ და „გლასნოსტი“ არაა საბჭოეთში. სკოლაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქვე ახლოს მცხოვრებ ბერძენს ძალიან მაგარი „ჟუვაჩკები“ (საღეჭი კევი) ჰქონდა საბერძნეთიდან მიღებული. 1 მანეთად ჰყიდდა. მეორე დილით მშობლებს გამოვართვი მანეთი. არცთუ ისე ცუდი ფული იმ პერიოდისათვის. სკოლის შემდეგ მივედით რამდენიმე ბიჭი, ფრთხილად დავუკაკუნეთ „სპეკულიანტს“ კარზე, მანაც ფრთხილად გაგვიღო და ასევე ფრთხილად შეგვიპატიჟა. გამოგვართვა ჩვენ-ჩვენი მანეთიანები და „ჟუვაჩკები“ გამოგვიტანა. ახლაც მახსოვს ეს წუთები. ბერძნულ წარწერიან ყვითელი ფერის სახვევში ყვითელი ფერის კევები. იმ დროს ფერადი კევები საბჭოეთში არ მზადდებოდა და ძალიან საუცხოო იყო. თუმცა, გემომ ჩვენი იმედი არ გაამართლა. თავიდან რაღაც სასიამოვნო არომატი დაჰკრავდა, მაგრამ მალე გაუვიდა და ისეთი მძიმე საღეჭი იყო, რომ ყველამ მალე ვინანეთ ჩვენი იმპორტული „შენაძენი“.
ულამაზესი ქალაქი გვაქვს – სოხუმი: მზიანი, ზღვიანი, ხალისიანი, ყავიანი, ლაღი.
სოხუმს სიცოცხლე უყვარს…



























