არ შემიძლია, ჩემი განცდა რომ არ გაგიზიაროთ. ერთია როცა წერ, ქმნი და მეორე, როცა ასე აფასებენ შენ შრომას. ეს იყო ერთ-ერთი ბედნიერი წუთი ჩემ ცხოვრებაში, როცა ორენოვანი ნაშრომისთვის, “პატარა ლიახვის ხეობის ისტორია”(შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია), ეროვნული პრემიით დამაჯილდოვეს. გადაწყვეტილება ეროვნული პრემიის მიმნიჭებელმა კომისიამ(ხელმძღვანელი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუკა მიცკევიჩი) მიიღო. ეს უდიდესი ჯილდო კი საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გადმომცა. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების კვლევა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით და უდიდესი მხარდაჭერით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სწორედ ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დაიწერა წიგნი, რომელმაც ეროვნული პრემია მოიპოვა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ამ მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ვთქვი და აქაც გავიმეორებ: მავთულხლართს მიღმა დარჩა ჩვენი დიდი წინაპრების სისხლით და ოფლით გაჯერებული მიწა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ლაპიდარული წარწერები… მოვა დრო და დავბრუნდებით…დავბრუნდებით მშვიდობით და სიყვარულით. იქ ერთად ვიცხოვრებთ მრავალსაუკუნოვანი ძმობის მქონე ქართველები და ოსები. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, ვინაიდან ერთი მიწა-წყლის შვილები ვართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული პრემიის მიმნიჭებელი კომისიის თითოეულ წევრს. ამ გამარჯვებას ჩემი უდროოდ წასული ძმის, სოსო ალიმბარაშვილის უკვდავ ხსოვნას ვუძღვნი, ვისთან ერთადაც არაერთ სამეცნიერო პროექტზე მიმუშავია. ჩემი წარმატებები კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებლებს და ამ დიდებულ სასწავლებელში მოღვაწე ყველა ადამიანს ეკუთვნის.






















