გრიგოლ ორბელიანის ნაკვალევზე – რაულ ჩილაჩავასთან ერთად
Nikolai Javakhishvili: ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოგონება, რომელიც ბალტიისპირეთში ჩემს ინტენსიურ მოგზაურობებს უკავშირდება, იყო შეხვედრები გამოჩენილ ქართველ მწერალთან, მეცნიერთან და სახელმწიფო მოღვაწესთან რაულ ჩილაჩავასთან, რომელიც იმავდროულად ჩემი უფროსი მეგობარი გახლავთ. ამ პიროვნების მნახველი ქართველი სიამაყით იმსჭვალება, ხოლო უცხოელი – საქართველოსადმი პატივისცემით… ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც 2009 წლის 24 აგვისტოს დავესწარი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას რიგაში აკრედიტებულ უკრაინის საელჩოში. იმხანად ბატონი რაული მსახურობდა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლატვიაში. მუქ კოსტიუმში გამოწყობილი, წარმოსადეგი ელჩი ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. შესრულდა უკრაინის და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნები. ელჩმა მისასალმებელი სიტყვა უკრაინულ ენაზე წამოთქვა, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი ეფექტი მოახდინა. ახლაც ყურში ჩამესმის მის მიერ ომახიანად ნათქვამი სიტყვები, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია: “Незалежна, самостийна Україна!”
ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებით გარშემორტყმულმა გავიგონე ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატის აღფრთოვანებით ნათქვამი სიტყვები: „რაული – რომის იმპერატორს ჰგავს!“, რაც გარშემომყოფმა დიპლომატებმაც თავის დაკვრით დაადასტურეს…
ვიდექი ამ ღონისძიების საზეიმო პათოსით დამუხტული და ტაშის გრიალში გაორებული განცდა მეუფლებოდა: თან გულწრფელად მიხაროდა, რომ ვხედავდი საყოველთაო სიყვარულს ამ არაჩვეულებრივი ქართველის მიმართ, თან კი მწყინდა, რომ ის წარმოადგენდა სხვა ქვეყანას სხვა ქვეყანაში (თუნდაც საქართველოს მიმართ მეგობრულს – ასევე მეგობრულში) და არა თუნდაც საქართველოს – უკრაინაში, სადაც იგი ამდენ ხანს ასე ნაყოფიერად მოღვაწეობდა… მაგრამ, რას ვიზამთ. განა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს ღირსეულ თანამემამულეს ქართველებზე მეტად უცხოელები აფასებენ?
აქვე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი დაუვიწყარი შეხვედრა ბატონ რაულთან. 2009 წლის 6 სექტემბერია, რიგისათვის დამახასიათებელი ადრეული შემოდგომის თბილი დღე. ვესტუმრე საქართველოს საელჩოს, სადაც მოვინახულე ელჩი, პროფესორი კონსტანტინე (კოტე) კორკელია – ჩემი მეგობარი და თანამდგომი, რომელიც ბატონ რაულთანაც მეგობრობდა. ვესაუბრე ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ახლადგამოვლენილ ფაქტებზე. დავტოვე საელჩო, რომლის მოპირდაპირე მხარეს ლატვიის პრეზიდენტ კარლის ულმანისის ძეგლია. ამასობაში მოსაღამოვდა და შესამჩნევად აგრილდა. იქაურ ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ წარმომადგენელთან, ბატონ ბესარიონ ბერაძესთან ერთად მივსეირნობ თავისუფლების ქანდაკებასთან, რომელიც ამ მშვენიერი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა… მოულოდნელად მირეკავს ბატონი რაული და მეუბნება: „ჩემო ნიკო, ეს-ესაა დავასრულე კითხვა შენი სტატიისა ქართულ-ბალტიურ ურთიერთობათა ისტორიაზე. საინტერესოდ გაქვს ასახული გრიგოლ ორბელიანის სამსახური ლიფლანდიის გუბერნიის ქალაქ ვენდენში, რომელიც როგორც შენი გამოკვლევიდან გავიგე, ლატვიის ამჟამინდელი ქალაქი ცესისი ყოფილა. გთავაზობ, მას ხვალ ერთად ვეწვიოთ”. ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი… აქვე დავამატებ, რომ ვენდენში 1834 წელს მსახურობდა გ. ორბელიანი, რომელმაც ბალტიისპირეთში შექმნა მშვენიერი ლექსები: “ჩემს დას ეფემიას”, “მუხამბაზი” და სხვ.
7 სექტემბერს, დილაადრიან, მანქანით, რომელსაც უკრაინის ორფერა დროშა ამშვენებდა, ბატონ რაულთან ერთად გავეშურე ცესისში. ამ პატარა, კოპწია ქალაქს ამშვენებს ცენტრში მდგარი, შესანიშნავი ციხე-სიმაგრე – წარსულში გრაფ სივერსთა კუთვნილი. ამ ქალაქის შესახებ გრიგოლ ორბელიანი წერდა: “ვენდენი ძალიან პატარა ქალაქია და შორიდამ საამურია სანახავად. დაძველებულნი და ჩამონგრეულნი ციხის კოშკები მრისხანედ დაჰყურებენ ლამაზთა ფაქიზთა ახალთა ქალაქის შენობათა, როგორც გაანჩხლებული ბებერი აბელ მინბაში თავის შვილიშვილებს. ყოველს საღამოს ავდიოდი ერთს ჯერ აქამდის მთელად დაშთომილს კოშკზე, რომლიდამაც ჰსჩანდა შორს გარეშე მშვენიერი მდებარეობა”.
ცესისში კარგა ხანს დავყავით. გზად დავათვალიერეთ ვენდების ტომის დასახლება, რომელიც მუზეუმ-ნაკრძალივით არის შემონახული. საღამოს, რიგაში შთაბეჭდილებებით აღსავსენი დავბრუნდით… ბატონმა რაულმა დამპატიჟა უკრაინულ რესტორანში, სადაც გრიგოლ ორბელიანის სადღეგრძელო ქართული ღვინით შევსვით. ბოლოს, მან თავისი ახალი წიგნები მაჩუქა. თითოეულ მათგანს ნატიფი კალიგრაფიით, სრულიად განსხვავებულად წააწერა (ესეც მისი პოეტური ბუნების კიდევ ერთი გამოვლინება). ერთ-ერთ წიგნზე მან დააწერა: “ნიკო ჯავახიშვილს, რომელმაც იცის, რა დროა ისტორიის ქვიშის საათზე! საუკეთესო სურვილებით, ავტორი”.
სხვათა შორის, სწორედ გრიგოლ ორბელიანის ნაკვალევზე მოგზაურობით შთაგონებულმა რაულ ჩილაჩავამ შექმნა თავისი ერთ-ერთი შესანიშნავი ლექსი სახელწოდებით: “გრიგოლ ორბელიანი რიგაში წერს ლექსს “ჩემს დას ეფემიას”, რომელსაც მან ასეთი მიძღვნა წაუმძღვარა: “ნიკო ჯავახიშვილს”. ამ ლექსში, რომელიც შეტანილია პოეტის ლექსების სრულ კრებულში, ვკითხულობთ:
“ადიდებულ დვინას თითქოს მეფე მიაქვს, მეფისათვის არ გადავდგამ მე ფეხს.
ამ შორეთში მენატრები, ეფემია, დაე, წყალსაც წაუღია მეფე!
ზოგჯერ ვფიქრობ: მე დათვს ვგავარ ორბელიანს, სამშობლო და ლექსი – ორი ბელი, თან დამყვება, სადაც წავალ… ორბელიანს, მათზე ზრუნვით მინათდება ბნელი.
იქნებ ბედმა მეტ განსაცდელს ამარიდა, როცა აქეთ გამაყოლა ბადრაგს.
თითქოს მესმის ირაკლის ხმა სამარიდან და იმ ხმაზე სახე გამებადრა.
მე გულწრფელად განახლების ვენდე ნიავს, მაგრამ მოვმკე ქარიშხალი, დაო.
ჩემს გარშემო რიგაა და ვენდენია და წარსულის აჩრდილებთან ვდაობ.
მენანება სიჭაბუკე ჩარაზული, გალავანში ვგავარ მიწის მუშას.
თუ მოკვდება სხეული და არა სული, თუმც სხეულსაც დღემდე არა უშავს.
მე სახეებს აქაც ვხვდები ვარამიანს, შეხედავ და იტყვი: “ესეც ტყვეა!”
დაო, ის, რომ შვება მართლაც სხვა რამეა, ყაზარმაში უკეთ შემიტყვია!
იფ, ცხოვრება აჩრდილია, იფ, ლანდია, მისი უკვე არაფერი არ მწამს.
ვიდრე მმარხავს ნამქერებში ლიფლანდია, სულს ვუბერავ შენს ცრემლიან წამწამს!”
ფოტოზე:
1) უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რიგაში (2009 წლის 24 აგვისტო);
2) რაულ ჩილაჩავა და ამ სტრიქონების ავტორი ცესისში (ვენდენში), გრიგოლ ორბელიანის ნაკვალევზე (2009 წლის 7 სექტემბერი);
3) ვენდენის ციხესიმაგრის ნაშთები.





























