ჩაკეტილი წრე
გსმენიათ, ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთო. თანაც მთელი 32 წელია ასეა. გავიდა ცხოვრება ამასობაში. წრის გარღვევა კი ნამდვილად შესაძლებელია.
გამოსავალი საბაზრო ეკონომიკის შექმნაშია. მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არის საჭირო, რომ ქვეყანაში შეიქმნას ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი ეროვნული კომისია. რასაც მოყვება კერძო ბირჟების განვითარება. მათგან, საფონდო ბირჟა ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეებს შეეძლებათ მცირე ინვესტიციებით რკინიგზების, პორტების, ჰესების, საწარმოების აქციების შეძენა და ყოველწლიურად დივიდენდების (მოგებიდან წილის) მიღება. სასაქონლო ბირჟა ნიშნავს, რომ ქართველი მეღვინეები ბირჟაზე განათავსებენ საკუთარ პროდუქტს, სადაც გაიმართება სამართლიანი ვაჭრობა და ღვინის ხარისხი და ფასი სინქრონში იქნება. როცა ბირჟა არ არის, ამის გამო ჩინოვნიკებს უწევთ ჩინეთში სიარული ბაზრის მოძიებისთვის და ბოთლი ღვინის ფასი 3 ევროს ვერ გაცდა. როცა სასაქონლო ბირჟა იქნება, ქართული ღვინის ფასი 30 ევროს მიაღწევს. ამის შემდეგ მეღვინეები მიაშურებენ საფონდო ბირჟას, რათა საკუთარი საწარმოს აქციები და ობლიგაციები განათავსონ, რომელთაც მოქალაქეები შეიძენენ. საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქარალდების გაყიდვიდან მოზიდული ინვესტიციებით მეღვინეები გაზრდიან ტექნოლოგიებს, გაზრდიან წარმოებას, გაზრდიან ხარისხს, გაზრდიან მიწოდებას, გაზრდიან მოგებას და საწარმოს აქციონერები მიიღებენ უფრო მეტ შემოსავლებს. ასე იქნება თაფლის, თხილის, თათარას და შემდეგ უკვე საფეიქრო და სხვა ინდუსტრიებშიც. ქვეყნის ეკონომიკა გაფრინდება და ემიგრანტებიც უკან მოფრინდებიან.
რატომ მოხდება ეს ამბავი ასე და რატომ გავფრინდებით ყველა ერთად, ამასაც ავხსნით.
- ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების განთავსება შეუძლია მუნიციპალიტეტებსაც. მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა რომ ინვესტირება მოახდინოს ადგილობრივი ტურისტული ლოკაციის ინფრასტრუქტურაში, რომელიც შემდეგ შემოსავლებს მოიტანს. ამისთვის, მუნიციპალიტეტი საფონდო ბირჟაზე განათავსებს ობლიგაციებს, რომელთაც ინტერესის მიხედვით შეიძენენ მოქალაქეები და შემდგომში ამ ობლიგაციების შეძენისთვის ისინი მიიღებენ სარგებელს. ამასობაში ყველა საკრებული შეეცდება საუკეთესო და მიმზიდველი პროექტები წარდგინოს ბირჟებზე. ესეც თქვენი რეალური თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია;
- ჩვენ ყველას გვინდა სამართლიანი სასამართლო და რაღაც რეფორმებს ველით. ამ საქმის წამალიც მხოლოდ ბირჟაა. როცა სასამართლო პროცესზე, ერთ მხარეს სახელმწიფო დგას და მეორე მხარეს უქონელი მოქალაქე, ნებისმიერ შემთხვევაში გარემო არათანაბარია. როცა სასამართლოს წინაშე ბირჟის მეშვეობით კაპიტალიზებული მოქალაქე დგას, იქ უკვე სხვა გარემოებაა შექმნილი. მოქალაქის ფინანსური და სოციალური ინტერესები დაცულია სწორედ ბირჟაზე რეგისტრირებული წილით, რეგისტრირებული შეთანხმებით და რიგით მოქალაქეს არაფერი არ რჩება დასამტკიცებელი არავის მიმართ. ესეც თქვენი სოციალური სამართლიანობა და რიგითი ადამიანის უფლებები ამ გასარღვევ წრეში. ესეც თქვენი სასამართლო რეფორმა;
- ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მცირე დანაზოგებით იზრუნონ საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ხოლო მოხერხებულმა და აზრიანმა კაცებმა სამართლიანად და ადვილად მოიზიდონ კაპიტალი, უფრო მეტი პროდუქციის, უფრო მეტი მომსახურების, უფრო მეტი კულტურის, მიღწევების შექმნისთვის და თან, ბევრად დაცულად იგრძნონ თავი. ქართველები დაცულ გარემოში მერე რენესანსებს შექმნიან;
დაბოლოს,
- რაც მეტი აქციონერი გაჩნდება, მეტი გადასახადის გადამხდელი იქნება ქვეყანაში, შესაბამისად ქვეყნის ბიუჯეტი სწრაფად ზრდადი გახდება და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე კონსერვატორების მკითხაობები დასრულდება. დიდი ეკონომიკა ნიშნავს დიდ თავდაცვას, დიდ ჯანდაცვას და დიდ განათლებას და ასევე დიდ სახელმწიფოსაც. ნამდვილ დემოკრატიას ქმნის საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჯერ არ ღირსებია.
ხალხმა რომ იცოდეს რა შეუძლია ლიბერალურ განათლებას, ერთ ღამეში რევოლუცია მოხდებოდა.





























