კეთილი საქმე გააკეთე, ქვაზე დადე და გაიარეო. ასე ამბობენ. მერე ეს კეთილი საქმე წინ დაგხვდებაო.
ასე იცხოვრა ბაბუაჩემმა – შოთა გიორგაძემ, აფხაზეთის დამსახურებულმა აგრონომმა. საახლობლოში თუ სოფელ მერხეულში, სადაც ცხოვრობდა, თუ მის ახლომახლო ოჯახი არ დარჩენილა, რომ არ შესწეოდა, არ დახმარებოდა, ხელი არ მოემართა. ასე იცხოვრა. შვილებიც ასე გაზარდა.
შვილიშვილებსაც ამას გვასწავლიდა. შვილთაშვილსაც მოესწრო, მაგრამ აფხაზეთის ტრაგედიამ მხოლოდ ახლად დაბადებული ჩვილი ანახა. ისე, წამიერად, მოფერებაც კი ვერ მოასწრო…
… ჰო, დღეს ჩვენს შოთა ბაბუას მეორე შვილიშვილის შვილიშვილი შეეძინა. სამწუხაროდ, მან შვილიშვილების შვილებიც ვერ ნახა…
წლების მანძილზე გულრიფშის რაიონის სოფელ ოქტომბრის თავმჯდომარე იყო. 1960-იანებში გადაღებულ ამ ფოტოზე სწორედ ეს პერიოდია ასახული.
დედაჩემისაგან ვიცი, რომ ძალიან ბევრი კარგი გაუკეთებია იმ წლებში ოქტომბრისათვის. დედის მონაყოლი ერთია, მაინც სუბიექტურია, მამაზეა საუბარი მაინც. აი, სხვა რომ გეტყვის ამას და იმ დროს, როცა არ იცის, შენ ვინ ხარ შოთა გიორგაძესათვის, უკვე ობიექტურია, სამართლიანია და საამაყოცაა.
ასეთ შემთხვევას წავაწყდი ერთ დღეს ჩემთან უნივერსიტეტში და კიდევ ერთხელ გამეხარდა ბაბუაჩემის გამო, რომელმაც ისეთი სახელი დატოვა ამქვეყნად, რომელიც დღეს მე მინათებს გზას.
ყოველთვის მკაცრი კაცი მეგონა ბაბუა, მაგრამ ამ სიმკაცრეში, თურმე, ძალიან ჩვილ გულს მალავდა. ძალიან ბავშვური ყოფილა. ძალიან კეთილი იყო, თუმცა, ისე გაჩვენებდა თავს, რომ, თითქოს, ასეთი რამ არ ახასიათებდა და არც სენტიმენტალური არ იყო. არადა, იყო ძალიან სენტიმენტალური! ის არასდროს ყოფილა უსამართლო, თუნდაც იმ ადამიანის მიმართ, ვინც აწყენინა.
რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა და თანამშრომელმა მომცა საშუალება, რომ მეამაყა ბაბუაჩემით და, თუმცა, როგორც ვთქვი ზემოთ, მან არაფერი იცოდა ჩვენი ნათესაური კავშირის შესახებ.
როდესაც გაიგო, ვისი შვილიშვილი ვიყავი, ტელეფონი ამოიღო, ჩემთვის უცნობ პირს დაურეკა და ეუბნება, იცი, ჩემი თანამშრომელი ვინ ყოფილა – შოთა გიორგაძის შვილიშვილიო!
ამიტომ კიდევ უფრო მეამაყება ჩემი კეთილი ბაბუა!
შოთას შვილიშვილები ჩვენს დიდ ბაბუას მარკოზ გიორგაძესაც მოვესწარით. დიდი ბაბუა ბაბუაჩემ შოთასთან რომ გადმოვიდოდა, ბაბუა ფეხზე წამოუდგებოდა და მისი სიტყვისა და ნებართვის გარეშე, არაფერს აკეთებდა.
მახსოვს, ძალიან გვიკვირდა მისი ასეთი ქმედებები. შოთაც და მარკოზიც ჩვენთვის ბაბუები იყვნენ. მათ შორის ნათესაური დამოკიდებულება კი ვიცოდით, მაგრამ მათი ასაკოვნება „გვაფიქრებდა“, რომ ასეთი რიდი ჩვენს პატარა ბაბუას დიდ ბაბუასთან არ უნდა ჰქონოდა. მით უმეტეს, რომ შოთა ძალიან მტკიცე ხასიათის კაცი იყო, რომელსაც თითქმის ყველა დიდ პატივს სცემდა და მოწიწებით ეკიდებოდა. მახსოვს, მასთან რჩევის საკითხავადაც შემოივლიდნენ ხოლმე მეზობლები და ეს ძალიან გვეამაყებოდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთხელ შოთა ბაბუას ვკითხეთ, რატომ ხარ მარკოზ ბაბუასთან ასეთი მორიდებული?
ბაბუამ გაგვიღიმა და გვითხრა: ის ჩემი მშობელია, ჩემი მამაა. მშობელს კი ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ, მაშინაც კი, როცა ჩვენ თვითონ ვხდებით ბაბუები…
მერე მარკოზი ბაბუა გარდაიცვალა. ეს ჩვენი პირველი ტრაგედია იყო, უფროსი თაობის დაკარგვის…
ზემოთ ვთქვი, რომ შოთა ბაბუა თავს ძალიან მტკიცე ხასიათის ადამიანად გვაჩვენებდა. მაგრამ თურმე ამ სიმტკიცით თავის ძალიან რბილ ხასიათს ფარავდა…
ალბათ, თავისთვის სადღაც ჩუმად იჯდა და ტიროდა მამის გარდაცვალებას. არ ვიცი, არ მინახავს. იმ დღეებშიც ძალიან მტკიცედ იყო. დასაკრძალავი პროცესიის განკარგულებებს იძლეოდა. მაშინ უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, მე-10 კლასელი. ბაბუას რომ ვუყურებდი, მიკვირდა, მამა გარდაეცვალა და ეს პროცედურები რას ადარდებს-მეთქი. ამისთვის მარკოზის შვილიშვილების მთელი არმია იყო მზად.
თურმე, ძალიან ვცდებოდი. გასვენების დღეს, შოთა ბაბუა ისე მწარედ ატირდა, ისე განიცდიდა, როგორც პატარა, უსუსური ბავშვი, მოულოდნელად მშობლისგან მიტოვებას რომ შეიგრძნობს…
ამის შემდეგ, ბაბუა კიდევ რამდენჯერმე ვნახე ატირებული. ოღონდ ძალიან ცდილობდა გრძნობის დამალვას, მაგრამ უკვე ვეღარ ერეოდა ემოციებს და ცრემლსაც ვერ მალავდა…
1995 წელი იყო. მარტის თვე. თბილისიდან ბათუმში ვბრუნდებოდი. იმ ხანად ამ ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობდით. ქუთაისში ბიძაჩემ ზურაბს გამოვუარე. ხვალ ბაბუა გადმოდის ენგურზე და წამო, შევხვდეთო, – მითხრა.
ამაზე უარს რა მათქმევინებდა.
მივედით ენგურის ხიდთან. ვათვალიერებთ გადმომსვლელებს, შვილიშვილები 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ უნახავ ბაბუას ვეძებთ, შვილი კი – მამას. ერთი კაცი შევნიშნე, შორს, მთებზე შეფენილ სოფლებს რომ გასცქეროდა. ბაბუა იყო.
– აგერაა ბაბუა, – ვუთხარი ბიძას.
ყველანი მივვარდით. ყელზე ჩამოვეხვიეთ, ვკოცნიდით. სულის მოთქმას არ ვაცლიდით.
– ეს როგორ ცხოვრობთ აქ, მიწები მოუხნავი როგორაა? – მისალმების შემდეგ პირველი ეგ გვკითხა.
გავოგნდით. ერთმანეთს გადავხედეთ. ვერაფერი მოვიფიქრეთ, რა უნდა გვეპასუხა. ბიძაჩემმა მიუგო:
– ბაბა (ასე ეძახდნენ შვილები ბაბუას), 2 წელია ერთმანეთი არ გვინახავს და შენ ის გადარდებს, ამ სოფლებში მიწები რომ მოუხნავია?!
ბაბუამ შეხედა და მწარედ ატირდა. ბავშვივით ტიროდა. ვერ ვაჩერებდით. ან როგორ გავაჩერებდით, როცა ჩვენც ვტიროდით.
თურმე, იმ კითხვით საკუთარი ემოციების ჩახშობა უნდოდა. არ უნდოდა, ატირებული რომ გვენახა და ასე დაგვემახსოვრებინა მისი თავი შვილს, რძალსა და შვილიშვილებს.
სულ ორიოდე საათი დარჩა. უკან წამსვლელ მარშრუტკაზე უნდა მიესწრო, რომ მაჭარის გადასახვევიდან ფეხით გაევლო სახლამდე გზა, დაღამებამდე სახლში რომ შესულიყო. ბებია ხომ მარტო იყო.
ის დღე უკანასკნელი იყო, როცა ბაბუამ ჩვენ გვნახა…
თითქოს გული უგრძნობდა…
ჭიშკართან (გარეთა მხრიდან) მუხის ხე იდგა. ბაბუამ საქანელა ჩამოგვიკიდა მის ერთ მძლავრ ტოტზე და იქ ვერთობოდით შვილიშვილები.
ქალაქში, სახლში რომ მივდიოდით, ცოტა ხნით, წასვლის წინ, ისევ მუხასთან, ბაბუას გაკეთებულ სკამზე, ჩამოვსხდებოდით ხოლმე. თითქოს ტრადიცია იყო ასეთი…
…ახლაც, თითქოს იმ სკამზე ვზივარ და ვუყურებ წინ გაწოლილ მდინარე მაჭარის ჭალას…
ჩვენს შემდეგ კიდევ კარგა ხანს იდგა მუხა.
ბაბუა და ბებია ხშირად სხდებოდნენ მუხასთან სკამზე, თურმე, და გველოდებოდნენ. გველოდებოდნენ, რომ ერთ დღეს ისევ დაბრუნდებოდნენ შვილები და შვილიშვილები.
ერთხელ რაღაც ვერტმფრენი დაფრენილა მაჭარის ჭალაში. ბაბუა და ბებია ჭიშკარს მივარდნილან: ალბათ, დევნილები ბრუნდებიანო…
ელოდნენ და უკან გაბრუნდნენ დარდში ჩაკარგულნი…
არ გაისმა მერხეულში ქართული საუბარი.
შემდეგ მუხა მოჭრეს…
მარტოდარჩენილი ორი მოხუცისათვის, რომლებმაც დიდი სიყვარულით გალიეს ცხოვრების ჭაპანი და მემკვიდრეებს დიდზე დიდი სანთელ-საკმეველი დაგვიტოვეს გზაზე, არავინ იყო, ზამთარში ნახშირი ან შეშა რომ მოეტანა.
მუხამაც ბოლო სიკეთე ჰქმნა: მისი სითბოთი ბებია და ბაბუა გაგვითბო.
მუხა „წავიდა“ გიორგაძეთა მამულიდან და ეს თითქოს ნიშანი იყო.
ამის შემდეგ თანდათანობით ჩაქრა და გაცივდა საოჯახო კერაც: ბაბუა და ბებიაც გარდაიცვალნენ შვილებისა და შვილიშვილების ლოდინში…
ბაბუა ზუსტად 20 წლის წინ, 2003 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა, ბებიას დაბადების დღემდე 5 დღით ადრე. რამდენიმე წლით ადრე, მისი ხელით უმცროსი ძმა ალექსი დაკრძალა.
ის, ბებიასთან ერთად, გველოდა მერხეულში, მაგრამ ჩვენ ვერ დავბრუნდით…
ახლა ამას ვწერდი და ბაბუაჩემის ნათელი სახე მედგა წინ, მოცინარი, ჭკვიანი თვალებით. 1991 წელია. ტურბაზაში გაჩერებაზე ვდგავარ, სახლში რომ ავიდე. ვხედავ, ნაცნობმა „ვილისმა“ ჩაიარა და ბაბუა დავლანდე. გავეკიდე და დავუძახე. გამიჩერა.
- კიდევ კარგი, რომ შეგხვდიო, ბაბუ, – მითხრა.
- რა ხდება, ხომ არაფერი გიჭირს-მეთქი?
- რაღაც თვალებში კარგად ვერ ვიყურები და წამომყევი მერხეულში, მანქანა წამაყვანიეო.
მე ტარება იმ წლებში კი არა, ახლაც არ ვიცი წესიერად. - გვერდით ამომიჯექი და მითხარი, წინ რა ხდება, დანარჩენს კი მე მოვერევიო.
ასე მშვიდად მივედით სახლში. ვიჯექი გვერდით და ვუყურებდი ჩვენს ძლიერ ბაბუას, კეთილ ბაბუას, ჭკვიან ბაბუას, კომუნისტ ბაბუას, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა „მრგვალ მაგიდას“, ხოლო 1991 წლის რეფერენდუმზე ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა. რომ ვკითხე, ეს რატომ გააკეთე-მეთქი, მიპასუხა, მე ხმა ჩემი შვილიშვილების საქართველოს მივეციო!
ახლაც ამას ვწერ და მისი სახე მიდგას თვალწინ!





























